ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, September 11, 2011

ფეტელი თითქმის ორგზის ჩემპიონია

Vettel has a hand on title after Italy win
11 სექტემბერი
დღეს უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სებასტიან ფეტელი ზედიზედ მეორედ გახდება მსოფლიო ჩემპიონი. დარჩენილ 6 რბოლაში, მას სულ 38 ქულაღა სჭირდება იმისათვის, რომ ტიტული გაინაღდოს. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 6-ვე რბოლას ფერნანდო ალონსო მოიგებს. 38 ქულის მოგროვებისთვის კი მას ორი მეორე და ერთი მეცხრე ადგილი (ან სხვა კომბინაციები) ეყოფა...

ფეტელი მონცაზეც ძალიან დამაჯერებელი იყო. მართალია, იტალიის დიდი პრიზის სტარტზე მას ალონსომ გაუარა, თუმცა მისგან პოზიცია მალევე დაიბრუნა, მაშინვე უპირატესობის გაზრდას შეუდგა და ბოლომდე ახლოც კი არავინ გაიკარა. არადა, კვალიფიკაციის შემდეგ, მისი მეტოქეები ვარაუდობდნენ, რომ გერმანელს მოწინავე პოზიციის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდა...
მოკლედ, ფეტელმა თითქმის მთელი დისტანცია ეულად გაიქროლა, დანარჩენებმა კი ბევრი იბრძოლეს და მართალია, ალონსომ მეორე ადგილის შენარჩუნებაც ვერ შეძლო, მაგრამ იტალიური ეტაპის შემდეგ, მეორე ადგილზე სწორედ მან გადაინაცვლა. ფეტელის თანაგუნდელი მარკ უებერი კი, ვინც მანამდე იყო კლასიფიკაციაში მეორე, ხელცარიელი დარჩა - ფეტელი სანამ ალონსოს გაასწრებდა, უებერმა ესპანელის თანაგუნდელ ფელიპე მასას გასწრება სცადა, მაგრამ მოსახვევის გავლისას, ტრაექტორიაზე მყოფმა ბრაზილიელმა გზა მოუჭრა. ამას ორი მანქანის შეჯახება მოჰყვა, რამაც მხოლოდ ”რედ ბული” დააზიანა. ორივემ გზა კი განაგრძო, მაგრამ უებერის მანქანას ცხვირი მომტვრეული ჰქონდა, რის გამოც, ის ბოქსებში შესვლას აპირებდა, მაგრამ პარაბოლიკას გავლამდე, მანქანა ვერ დაიმორჩილა და კედელს დაეჯახა. ამჯერად, მან ტრასაზე დაბრუნება ვეღარ შესძლო.
სტარტზე ალონსომ მართლა შესაშური რეაქცია გამოავლინა. იმ დროს, როდესაც ლუის ჰამილტონი ფეტელის გასწრებას ცდილობდა, ალონსომ ორივეს ერთდროულად ამოუყენა თავისი ”კვიცი” გვერდში და მოსახვევშიც, უკეთესი ტრაექტორიის წყალობით, პირველი შევიდა. ფეტელმა კი ბრიტანელის იერიშის მოგერიებაღა მოახერხა.
პირველივე მოსახვევში, მანქანა ვერ დაიმორჩილა ვიტანტონიო ლიუციმ, რომლის ”ისპანიამაც” ერთბაშად ორი მანქანა (ნიკო როსბერგის მერსედესი და ვიტალი პეტროვის რენო) მოცელა. ტრასა ნამსხვრევებით გაივსო, რის გამოც, პელოტონს სათავეში უსაფრთხოების მანქანა ჩაუდგა.
ის რომ გავიდა, ჯერ მიხაელ შუმახერმა ჰამილტონი ჩამოიტოვა, შემდეგ კი უებერის და მასას ავარია მოხდა, ფეტელმა კი ალონსო ჩამოიტოვა. მერე შუმიმ ალონსოსაც შეუტია და ცოტა დააკლდა, ისიც უკან მოეტოვებინა. მაგრამ მანევრი რომ არ გამოუვიდა, სიჩქარე ოდნავ დაკარგა და მაშინვე ჰამილტონის (სპორტული) აგრესიის ობიექტი შეიქნა, თუმცაღა თავი კარგად დაიცვა. მე-13 წრის პირველ მოსახვევში, ჰამილტონმა მორიგი შეტევა გასწრებით დაასრულა, თუმცა შუმახერი არ დაიბნა და მალევე დაიბრუნა პოზიცია. ამასობაში კი ორივეს ჯენსონ ბატონი დაეწია.
სამი წრის შემდეგ, ჰამილტონმა კიდევ ერთხელ სცადა გასწრება. მისი ”მაკლარენი” შუმახერის ”მერსედესს” გვერდში ამოუდგა, თუმცა გერმანელმა, ისე რომ ხელსაყრელ ტრაექტორიას ინარჩუნებდა, დერეფანი ჩაუკეტა. ბრიტანელი იძულებული გახდა, მარჯვენა ბორბლებით ბალახებზე გაევლო. ამან მისი სიჩქარე შეამცირა და ბატონმაც საჩუქარი დიდი ყოყმანის გარეშე მიიღო.
თანაგუნდელს რომ გაუარა, ბატონმა მას შუმახერიც მალევე ზედ მიაყოლა. ამ უკანასკნელმა კი მაშინვე ბოქსებს მიაშურა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა კარგა ხანს აწვალა ჰამილტონი, თუმცა ამან 27-ე წრეზე, როგორც იქნა, ხეირიანი მანევრი შეასრულა და მეოთხეზე გადაინაცვლა. ათი წრის შემდეგ, ბატონმა ალონსოსაც გაუარა და აქედან მოყოლებული, მის წინ მხოლოდ ერთი პილოტი - ფეტელი დარჩა, რომლის დაწევაც ბრიტანელისთვის შეუსრულებელი ამოცანა აღმოჩნდა. ბოლო წრეზე, ალონსოს ჰამილტონიც დაეწია, თუმცა მისი გასწრება ვერ შეძლო და ფინიშის ხაზი მეოთხემ გადაკვეთა...
აღსანიშნავია, რომ ეს მონცაზე ”რედ ბულის” პირველი გამარჯვებაა. ეგ კი არა, ავსტრიული გუნდის პილოტი, აქ პირველად ავიდა კვარცხლბეკზე. სამაგიეროდ, ტრადიცია შეინარჩუნა ბატონმა, ვინც იტალიის დიდი პრიზი ზედიზედ მესამედ დაასრულა მეორე ადგილზე. ალონსო კი, ვინც შარშან მონცაზე პოულიდან გაიმარჯვა, ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა.
”როცა აქ (კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე) დგეხარ, თავს ღმერთისგან დალოცვილად გრძნობ. რა თქმა უნდა, აქ ჩემი პირველი გამარჯვება განსაკუთრებული მოვლენა იყო. მაგრამ დღეს ამ საფეხურზე დავბრუნდი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ფანტასტიკური დღე იყო. ეს საუკეთესო კვარცხლბეკია მსოფლიოში. ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ეს გრძნობა გააძიეროს, ის იქნებოდა, რომ წითელი კომბინეზონი მეცვას”, - განაცხადა გამარჯვებულმა.

იტალიის დიდი პრიზი
მონცა. რბოლის დსტანცია 306.720 კმ (5.793 კმ, 53 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:20:46.172    
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               +00:09.590     
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 00:16.909       
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         00:17.417       
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               00:32.677       
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:42.993       
7. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)          1 წრე
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1 წრე
9. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                  1 წრე
10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1 წრე
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1 წრე
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1 წრე
13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                2 წრე
14. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        2 წრე
15. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          2 წრე
კვ.გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)         14 წრე
გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           21 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         32 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              44 წრე
გ. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    49 წრე
გ. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                  52 წრე
გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                           53 წრე
გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   53 წრე
გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                  53 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა, კვ.გ - კვალიფიკაციის გარეშე
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:26.187, 52-ე წრე

პილოტთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 284 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 172; 3. ჯენსონ ბატონი - 167; 4. მარკ უებერი - 167; 5. ლუის ჰამილტონი - 158; 6. ფელიპე მასა - 82; 7. ნიკო როსბერგი - 56; 8. მიხაელ შუმახერი - 52; 9. ვიტალი პეტროვი - 34; 10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) - 34; 11. კამუი კობაიაში - 27; 12. ადრიან სუტილი - 24; 13. ხაიმე ალგერსუარი - 16; 14. სებასტიან ბუემი - 13; 15. პოლ დი რესტა - 12; 16. სერხიო პერესი - 8; 17. რუბენს ბარიკელო - 4; 18. ბრუნო სენა - 2; 19. პასტორ მალდონადო - 1
           
კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 451 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 325; 3. ფერარი - 254; 4. მერსედესი - 108; 5. რენო - 70; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 36; 7. ზაუბერ-ფერარი - 35; 8. ტორო როსო-ფერარი - 29; 9. უილიამს-კოსუორტი - 5

1 comment: