ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, April 29, 2010

რაიკონენი ფ1-ში დაბრუნებას არ გამორიცხავს

Raikkonen still not ruling out F1 return

29 აპრილი

ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მომავალ სეზონში რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გააგრძელებს, თუ ფორმულა 1-ს დაუბრუნდება, რომელიც გასული სეზონის შემდეგ დატოვა.

შარშანდელი სეზონის შემდეგ, რაიკონენს ”ფერარიმ” კონტრაქტის შეწყვეტა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. თითქმის მაშინვე, ფინელმა ავტომრბოლმა კონტრაქტები ”რედ ბულთან” და ”სიტროენის” რალის ახალგაზრდულ გუნდთან გააფორმა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადავიდა.

მართალია, 30 წლის რაიკონენმა მიმდინარე სეზონის პირველი ორი რბოლა ავარიებით დაასრულა, მაგრამ შემდეგ, იორდანიაში პირველ ქულებს დაეუფლა, რასაც თურქეთის რალიზე მეხუთე ადგილის დაკავება მოჰყვა. თურქთის რალის გამარჯვებულს, ფრანგ სებასტიან ლოებს რაიკონენი 7 წუთზე ნაკლებით ჩამორჩა.

რაიკონენი ფორმულა 1-ის სულ მეორე პილოტია, რომელმაც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ქულების აღება შესძლო. პირველმა ეს არგენტინელმა კარლოს როიტემანმა გააკეთა.

წინსვლა აშკარაა, თუმცა კითხვაზე, პროგრესის გამო, ის რალიში დარჩენას ხომ არ ამჯობინებს, რაიკონენი პასუხობს: ”ჯერ გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. ამ ეტაპზე არც არავინ მაჩქარებს არჩევანის გაკეთებას. მოგვიანებით, ყველა შესაძლებლობას გადავხედავ და რაც ჩემთვის უფრო საინტერესო იქნება, იმას ვარჩევ. ოღონდ, ამის დრო მოგვიანებით დადგება”.

ფინელ პილოტს თავისუფლება უყვარს და ვერაფრით ეგუება იმ ვალდებულებებს, რომლებიც ფორმულა 1-ის პილოტებს და გუნდებს თავიანთი სპონსორების წინაშე აქვთ. მას მოლხენა უყვარს და ხელიდან არ უშვებს იმის შანსს, რომ ყელი ალკოჰოლური სასმელებით დაიველოს. ასეთ თავისუფლებას კი მას რალი აძლევს.

”ფორმულა ერთს 20 წლით უკან თი დააბრუნებთ, იქ ისეთივე გარემოს შეხვდებით, როგორიც დღეს რალიშია. რა თქმა უნდა, რალის პილოტები და გუნდები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ იქსური გარემო გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ფორმულა 1-ისა”, - ამბობს რაიკონენი.

ფ1 ძრავების ახალ რეგლამენტს ამზადებს

29 აპრილი

ესპანური სპორტული გამოცემა ”ელ მუნდო დეპორტივო” გვამცნობს, რომ ფორმულა 1-ის გუნდებმა, შეთანხმებას მიაღწიეს ძრავების ახალი რეგლამენტზე, რომელიც ძალაში 2013 წლიდან შევა. ამჟამად მოქმედი რეგლამენტი 2012 წლის სეზონის ბოლომდე ძალაშია, რის შემდეგაც, გუნდები მის რადიკალურად შეცვლას ემხრობიან.

ცნობისათვის, ბოლო სამი წელია, მიმდინარე რეგლამენტი უცვლელია. მის მიხედვით, ფორმულა 1-ის გუნდები 2.4-ლიტრიან V8 ატმოსფერულ (ჩაბერვის გარეშე) ძრავებს იყენებენ. გუნდები თანახმანი არიან, რომ ძრავების მუშა მოცულობა 1.5 ლიტრამდე, ცილინდრების რაოდენობა კი ოთხამდე შემცირდეს. ამასთან, შესაძლებელი იქნება ტურბინების (ორმაგისაც კი) გამოყენება. სწორედ ტურბინების წყალობით, ძრავები ახლანდელზე მეტი სიმძლავრის გავითარებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეტი სიმძლავრე ფორმულა 1-ის ძრავებს ტურბოს ერაში ჰქონდათ, როდესაც აგრეგატების საკვალიფიკაციო ვერსიები 1500 ცხენის ძალასაც კი ავითარებდნენ. თუმცა, ასეთი ძრავების რესურსი ძალიან მცირე იყო - ისინი მხოლოდ 15 წუთს მუშაობდნენ, რის შემდეგაც მწყობრიდან გამოდიოდნენ.

ახალი რეგლამენტი, ძრავების სიმძლავრის უკონტროლო ზრდას არ გამოიწვევს. სამაგიეროდ, მისით ის ავტომწარმოებლები არიან დაინტერესებულნი, რომლებიც ფორმულა 1-ის გუნდებს ძრავებით ამარაგებენ. ამის მიზეზი კი შემდეგია - ავტომწარმოებლები მცირელიტრაჟიან ტურბო ძრავებს, სერიულ ავტომობილებში სულ უფრო ხშირად იყენებენ და ამიტომ, შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარება მათს ინტერესებში შედის. ესეც რომ არა, ამ ტიპის ძრავები ატმოსფერულ ძრავებზე მნიშვნელოვნად ეკონომიურებია და შესაბამისად, ეს საწვავის ავზის შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა.

”თუ გვინდა, რომ ფორმულა 1-ს სერიული ავტომობილებისთვის შემუშავებული ტექნოლოგიების პოლიგონის, სიახლეების შემომტანის სტატუსი დაუბრუნდეს, მაშინ ახალი რეგლამენტით, ძრავის ცილინდრების რაოდენობა მხოლოდ ოთხი უნდა იყოს, უნდა შეიძლებოდეს ტურბოკომპრესორის და სისტემა GDI-ს (საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა) გამოყენება”, - ამბობს ”ფერარის” (კომპანიის და არა გუნდის) გენერალური დირექტორი ამაედეო ფელისა.

გარდა ამისა, გუნდებს კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) დაბრუნებაც აწყობთ. მისი გამოყენება რეგლამენტით არც ახლაა აკრძალული, თუმცა გუნდებს შორის მიღწეული მორატორიუმით, მსგავსი მოწყობილობების გამოყენებაზე ისინი უარს ნებაყოფლობით ამბობენ.

”ლოტუსის” ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი ამბობს, რომ კერს-ის რეგლამენტით დაშვება პროგრესული ნაბიჯი იქნება, თუმცა დღეს ამ სისტემის დაბრუნება გამართლებული არ იქნება და აი, რატომ: ”გაცილებით ადვილია, როდესაც კერს-ს და ძრავს ერთდროულად ქმნი. როცა ძრავი გაქვს და ცდილობ, კერს-ი მას მიუსადაგო, უამრავ წინააღმდეგობას აწყდები, რომელთა გადაჭრაც დიდ პრობლემას წარმოადგენს”.

ფ1-ის გუნდები საბურავების მიმწოდებელს ირჩევენ

F1 narrows tyre choice to Michelin, Avon

29 აპრილი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა მალე უნდა გადაწყვიტონ, რომელი კომპანიის საბურავებით იასპარეზებენ მომავალი სეზონიდან. როგორც ცნობილია, ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ”ბრიჯსტოუნი” დიდი პრიზების ცირკთან თანამშრომლობას შეწყვეტს. ამიტომ, საბურავების ახალი მიმწოდებელი სასწრაფოდაა შესარჩევი.

”უილიამსის” ტექნიკური დირექტორი სემ მაიკლი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციის ტენდერს სულ ორი კომპანია - ფრანგული ”მიშლენი” და ამერიკული ”კუპერ ევონი” შემორჩა. იტალიური ”პირელის” ვარიანტი გუნდებმა უარყვეს.

”ამ ეტაპზე, მხოლოდ ორი კომპანიის კანდიდატურა განიხილება. ესენია ”მიშლენი” და ”ევონი”. ამ უკანასკნელის საბურავები ”მიშლენისაზე” გაცილებით იაფი დაგვიჯდება, მაგრამ ამ კომპანიას ფორმულა 1-ში მოღვაწეობის არანაირი გამოცდილება აქვს. თუმცა, ”ევონი” სპორტში დიდი ხანია მონაწილეობს და სხვა კლასების რბოლებში ხშირად გვხვდება. ”მიშლენი” უფრო ცნობილია და თანაც, ეს კომპანია ფორმულა 1-დან ახალი წასულია. მათი საბურავები სამჯერ ძვირი იქნება ”ევონისაზე”, ამას კი ბევრი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ამ ეტაპზე, გუნდებს შორის მოლაპარაკება სწორედ საბურავების ღირებულებას შეეხება”, - ამბობს მაიკლი.

მაიკლის განცხადებიდან მეორე დღეს, ”პირელიმ” გამოაქვეყნა ოფიციალური პრეს რელიზი, რომელშიც წერია, რომ იტალიური კომპანია 9 მაისს გუნდებსა და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) წარუდგენს საბურავების მიწოდების ოფიციალურ შეთავაზებას.

ცნობისათვის, უკანასკნელად ”პირელის” საბურავები ფორმულა 1-ში 1991 წელს გამოიყენეს.

Tuesday, April 27, 2010

ესპანეთში შუმახერს შასის შეუცვლიან

Schumacher to switch chassis for Spain

27 აპრილი

არავინ ელოდა, რომ მიხაელ შუმახერი სეზონს ასე უღიმღამოდ დაიწყებდა. პირველ ოთხ რბოლაში ის კვარცხლბეკზე ერთხელაც ვერ ავიდა. ვიღას ახსოვს ის დაპირებები, რომ გერმანელი ამ სეზონშივე იბრძოლებდა გამარჯვებებისთვის. მაგრამ როგორც ირკვევა, ასეთ ჩავარდნას ობიექტური მიზეზი ჰქონდა და ეს მიზეზი, დიდი პრიზების ცირკის ევროპაში დაბრუნებისთანავე აღმოიფხვრება.

როგორც ”მერსედესის” შეფმა როს ბრაუნმა როიტერსთან საუბრისას გაცხადა, შასი, რომლითაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს პირველ ოთხ რბოლაში გამოსვლამ მოუწია, დაზიანებული იყო და რამდენადაც, გუნდი მისი ბაზიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული, მისი გარემონტება, ან სხვა შასით შეცვლა ვერ მოხერხდა.

”შასი, რომელსაც ის ბარსელონაში მიიღებს, ახალი არაა. ის მას ბარსელონას ტესტების დროს იყენებდა. ის შასი, რომლითაც მან სეზონი დაიწყო, დაზიანდა. ჩვენ მისი გარემონტება ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, რადგან შესაბამისი სღჭურვილობა თან არ გვქონდა. ახლა კი, როცა ბაზაზე დავბრუნდით, მას აუცილებლად გამოვცვლით. ბარსელონაში ის იმ შასის გამოიყენებს, რომლითაც ტესტებზე გამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, პირველ რბოლებში განცდილი წარუმატებლობები მას უფრო მეტად განაწყობს საბრძოლველად”, - ამბობს ბრაუნი.

გარდა ამისა, გუნდის შეფი იმასაც ხაზს უსვამს, რომ თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში, შუმახერს ხელს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, ახალი ტიპის საბურავებისა, უშლის. ”მიხაელს უყვარს, როცა მანქანა ძალიან მგრძნობიარეა. სეზონის სტარტი ძალიან ქაოსური გამოდგა, გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს და ეს ჩვენთვის ხელსაყრელია. ასე რომ, დაწინაურების შანსი ჯერაც არსებობს”, - თვლის ბრაუნი.

პირველ ოთხ რბოლაში, ნიკო როსბერგმა აშკარად დაჯაბნა თავისი ტიტულოვანი თანაგუნდელი. ბრაუნი თვლის, რომ მანქანა მიხაელის მართვის სტილს არ შეეფერება, რადგან მას არასაკმარისი მოხვევადობისკენ აქვს მიდრეკილება, შუმახერი კი ნულოვან ბალანსსა და ოდნავ ჭარბ მოხვევადობასაა მიჩვეული. თუმცა გუნდი იმედოვნებს, რომ მოდერნიზებული მანქანით, რომელსაც პირველად ბარსელონაში გამოიყვანს, შუმახერი უკეთ შეძლებს თავისი შესაძლებლობების რეალიზებას.

Monday, April 26, 2010

”ფერარის” მესამე პილოტად როსი სურს

Valentino Rossi

26 აპრილი

უკვე დიდი ხანია, ”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო ოცნებობს იმაზე, რომ ფორმულა 1-ის მოწინავე გუნდებს სამ-სამი მანქანის გამოყვანის უფლება მისცენ. ის თვლის, რომ უფრო სამართლიანი ეს იქნება, ვიდრე ის, რომ ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა, ახალი, სუსტი გუნდების (როგორებიცაა ლოტუსი, ვირჯინი და ისპანია) დამატების ხარჯზე გაიზარდოს.

ადრე დი მონტეძემოლო ამბობდა, რომ თავის გუნდში მესამე პილოტად მიხაელ შუმახერის მიწვევა სურდა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ”მერსედესში” გადავიდა, ლუკა მესამე მონოპოსტზე ვალენტინო როსის გამწესებაზე ფიქრობს.

როსის ”ფერარის” მანქანით ტესტებში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა და თავისი სიჩქარით სპეციალისტები გაუკვირვებია. მაგრამ ფორმულა 1-ში გადასვლის რეალური სურვილი არ გამოუთქვამს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მოტო გრანპრიში მისი მოტივაცია მორიგი საჩემპიონო ტიტულის მოპოვების შემდეგ ამოიწუროს.

არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელმაც შესაძლოა, როსის ფ1-ში გადასვლას შეუწყოს ხელი. ის ახლა ”იამაჰას” გუნდში გამოდის, რომლის ერთ-ერთი მთავარი სპონსორიც ”ფიატია”. იტალიური ავტო კონცერნი მოტო რბოლებში სწორედ როსის ყოფნამ მიიზიდა. თანაც, ”ფიატის” მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე დი მონტეძემოლოს ემხრობა და ფ1-ში სამ-სამი პილოტის გამოყვანის იდეას უჭერს მხარს.

მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც საქმისადმი როსის დამოკიდებულებაა, რომელსაც ”იამაჰასთან” კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. მაგრამ მას არაერთხელ უთქვამს, რომ მის გეგმებში ფორმულა 1-ში გადასვლა არ შედის...

Wednesday, April 21, 2010

”ფოლკსვაგენი” დაკარზე 2011 წელსაც იასპარეზებს

Volkswagen will defend Dakar crown

21 აპრილი

ევროპის უდიდესმა ავტომწარმოებელმა ”ფოლკსვაგენმა” გადაწყვიტა, რომ 2011 წელსაც იასპარეზოს დაკარის რბოლაში და წელს მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცადოს. ისევე როგორც ბოლო ორი რბოლა, შემდეგი დაკარიც სამხრეთ ამერიკის გზებზე ჩატარდება.

2009 წელს, დაკარის რბოლა, სარბოლოდ მომზადებული დიზელისძრავიანი ”ფოლკსვაგენ ტუარეგით”, სამხრეთ აფრიკელმა გინიელ დე ფილიერსმა მოიგო, წელს კი გამარჯვებული (იმავე ტუარეგით) ესპანელი ”მატადორი”, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კარლოს საინსი გახდა.

”ფოლკსვაგენ მოტორშპორტის” შეფი კრის ნისენი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი კიდევ ერთხელ შეძლებს ლეგენდარულ რალი რეიდში გამარჯვებას. ”ჩვენ რეალური შანსი გვაქვს იმისა, რომ ”დიზელის ჰეთ-ტრიკი” შევასრულოთ და ამით, ავტოსპორტის ისტორიის მორიგი ფურცელი ჩავწეროთ”, - ამბობს ნისენი.

ცნობისათვის, დაკარის რბოლამ აფრიკული საჰარის უდაბნოდან სამხრეთ ამერიკაში 2009 წელს გადაინაცვლა, რისი მიზეზიც ის ფაქტი გახდა, რომ მისი ორგანიზატორები რბოლის სრულ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. ისინი მომავალი დაკარის ადგილის კვლავ გადატანას აპირებდნენ, მაგრამ ამას ალბათ 2011 წლის შემდეგ გააკეთებენ.

წლევანდელი დაკარის ფინიშზე, პირველი სამი ადგილი ”ფოლკსვაგენის” ეკიპაჟებმა დაიკავეს. ამასთან, საინსს რბოლის ბოლო კილომეტრამდე უშეღავათო პაექრობა გაუმართა მისმა ყატარელმა თანაგუნდელმა ნასერ ალ-ატიამ.

რის მილენი და ”ჰიუნდაი” პაიკს პიკის რეკორდს უმიზნებენ

First Look at Millen's RMR Hyundai Genesis PM580

21 აპრილი

ამერიკელი ავტომრბოლი რის მილენი ლეგენდარულ სამთო რბოლა პაიკს პიკზე აბსოლუტური რეკორდის გაუმჯობესებას აპირებს. ამ მიზნის მისაღწევად, მისთვის სპეციალურად, კორეული კომპანია ”ჰიუნდაი” სპორტულ პროტოტიპს მოამზადებს.

დღეისათვის პაიკს პიკის აბსოლუტური რეკორდი (10 წთ, 01.408 წმ) იაპონელ ნობუჰირო ტაძიმას ეკუთვნის, რომელმაც ის 2007 წელს, პროტოტიპ ”სუზუკი XL7 ჰილ ქლიმბ სპეშლით” დაამყარა. სხვათა შორის, მანამდე რეკორდი რის მილენის მამას, როდ მილენს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1994 წელს დაამყარა. დღეს კი რისის მიზანი არა უბრალოდ ტაძიმასთვის რეკორდის ჩამორთმევაა, არამედ ისიც, რომ 19.99-კილომეტრიანი ტრასა (რომელიც ასფალტიანსა და გრუნტიან გზებზე გადის) 10 წუთზე ნაკლებში პირველმა გაიაროს.

რეკორდის დამყარებაში, მილენს მისივე სახელისა და გვარის მატარებელი გუნდი - ”რის მილენ რეისინგი” დაეხმარება, რომელიც ”ჰიუნდაისთან” ერთად, ლე მანის ტიპის პროტოტიპ ”RMR ჰიუნდაი ჯენეზის PM580-ს” შექმნის. ამ ავტომობილს ნახშირბადოვანი კომპოზიტისგან დამზადებული ძარა (მონოკოკი) და რეგულირებადი უკანა ფრთა ექნება. რაც მთავარია, ის ”ჰიუნდაის” წარმოების 4.1-ლიტრიანი V6 ტურბოძრავით აღიჭურვება (სერია ლამბდა), რომლის სიმძლავრეც 750 ცხენის ძალამდე გაიზრდება.

”ჩვენ ამ ავტომობილს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ავაგებთ. მას აეროდინამიკური ძარა ექნება, ”ჰიუნდაის” მძლავრი ძრავითა და ”ტოიო პროქსის” ძალიან ეფექტური საბურავებით აღიჭურვება. ყველაფერი ეს კი რეკორდის დამყარებაში უნდა დამეხმაროს”, - ამბობს მილენი.

გარდა ამისა, ”RMR ჰიუნდაი ჯენეზის PM580” აქტიური ცენტრალური დიფერენციალით აღიჭურვება, რომლის დახმარებითაც, მანქანას ასფალტიან და გრუნტიან გზებზე ერთნაირად ეფექტური ჩაჭიდულობა ექნება. გუნდის ინჟინრები აცხადებენ, რომ პაიკს პიკის სამთო რბოლის მონაწილე მანქანების დიდი ნაწილი კარგად მხოლოდ ერთი ტიპის გზაზე მუშაობს, რაც იმის ძირითადი მიზეზია, რომ ტრასა 10 წუთზე ნაკლებში აქამდე არავის გაუვლია.

პაიკს პიკის სამთო რბოლა ერთ-ერთი უძველესია ამერიკაში და ის 1916 წლიდან ტარდება. ამერიკაში მასზე ძველი მხოლოდ ინდიანაპოლისის 500-მილიანი რბოლაა. ასპარეზობა შტატ კოლორადოში მდებარე მთა პაიკს პიკზე ტარდება. ტრასის სიგრძე 19.99 კილომეტრია, ის 156 მოსახვევს მოიცავს, სტარტსა და ფინიშს შორის სიმაღლის ამპლიტუდა კი 1423 მეტრს აღწევს.

რის მილენი ახალ ზელანდიაშია დაბადებული. ის რალისა და დრიფტინგის სპეციალისტია. ამ უკანასკნელში, ყველაზე პრესტიჟული კლასის, ფორმულა D-ს ჩემპიონია. შარშან მან პაიკს პიკზე კატეგორია ”ტაიმ ატაკ 2wd-ში” ”ჰიუნდაი ჯენეზისით” იასპარეზა და დისტანცია 12 წუთსა და 09.397 წამში დაფარა, რაც ამ კატეგორიის რეკორდია. აბსოლუტურ ჩათვლაში კი შარშან ტაძიმამ გაიმარჯვა, რომელმაც ”სუზუკი SX4-ით” გზა 10 წუთსა და 15.368 წამში გაიარა. სხვათა შორის, ტაძიმამ უკან მოიტოვა ისეთი სერიოზული მეტოქე, როგორიც რალის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ფინელი მარკუს გრონჰოლმია, ვინც რბოლაში სპეციალურად მომზადებული ”ფორდ ფიესტათი” იასპარეზა.

პაიკს პიკის 88-ე საერთაშორისო სამთო რბოლა 27 ივნისს გაიმართება.

რედ ბული” ჰაერსადინარის გამოყენებას არ ჩქარობს

Red Bull says no rush over F-Duct

21 აპრილი

”რედ ბულ რეისინგი” აცხადებს, რომ რეგულირებადი ჰაერსადინარის მისეულ ვერსიას ბარსელონაში, ესპანეთის დიდ პრიზზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ დარწმუნებული იქნება მის ეფექტურობაში.

ჯერჯერობით, ”წითელ ხარებს” მაკლარენისეული ჰაერსადინარი არ სჭირდებათ, მათი მანქანები ისედაც ყველაზე სწრაფებია - სეზონის პირველ ოთხ ეტაპზე, სებასტიან ფეტელმა (სურათზე) სამჯერ, მარკ უებერმა კი ერთხელ დაიკავეს პოულ პოზიცია. თუმცაღა, ფეტელმა გუნდს მაინც მხოლოდ ერთადერთი გამარჯვება მოუპოვა.

”უილიამსმა”, ”მერსედესმა” და ”ფერარიმ” ჰაერსადინარის მათეული ვერსიები ჩინეთის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე გამოსცადეს. ამ სისტემის მეშვეობით, სწორ მონაკვეთებზე მოძრაობისას, უკანა ფრთის გარკვეულ სეგმენტს აეროდინამიკური დატვირთვა ეხსნება, რაც მანქანის სიჩქარეს ზრდის.

ამ ელემენტის უპირატესობა აშკარაა, თუმცა ”რედ ბულში” მის გამოყენებას არ ჩქარობენ. ესპანეთსა და მონაკოში მათ მსგავსი სისტემა არ ექნებათ. მონაკოში ის პრაქტიკულად გამოუსადეგარი იქნება, რადგან იქ გრძელი სწორი მონაკვეთები არაა. თურქული ეტაპისთვის კი შესაძლოა, ჰაერსადინარები ”რედ ბულის” მანქანებზეც ვიხილოთ.

”ისევე როგორც ყველა სხვა კომპონენტს, ჰაერსადინარსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ მისგან მნიშვნელოვან ხეირს მივიღებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭები ჰაერსადინარის ჩვენებური ვერსიის შესაქმნელად, დაუზოგავად მუშაობენ, მაგრამ არ ვაპირებთ ისეთი ელემენტის გამოყენებას, რომელიც სრულად დამუშავებული არაა”, - ინგლისურ გამოცემა ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.

მოსალოდნელია, რომ ბარსელონაში ჰაერსადინარების საკუთარ ვერსიებს რბოლისას ”უილიამსი” და ”მერსედესი” გამოიყენებენ. გამორიცხული არაა, რომ მათ ”ფერარიმაც” მიბაძოს”, თუმცა ჩინეთის დიდი პრიზის პრაქტიკებმა აჩვენა, მარანელოელთა შესაბამისი სისტემა ჯერაც დახვეწას საჭიროებს.

Sunday, April 18, 2010

ჩინეთში გამარჯვება საუკეთესოა ბატონის კარიერაში

Button says China win his best yet

18 აპრილი

მსოფლიოს ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა, ჩინეთის დიდ პრიზზე მოპოვებულ გამარჯვებას თავის კარიერაში საუკეთესო და ყველაზე გამორჩეული უწოდა. წვიმის აკომპანიმენტით ჩატარებული ურთულესი რბოლის დროს, ბრიტანელმა არამარტო შესანიშნავად ირბოლა, არამედ კრიტიკულ მომენტებში, ტაქტიკურადაც სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

ბატონმა ამ სეზონში მეორე, კარიერაში კი მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ”მაკლარენმა” კი 2007 წლის შემდეგ, პირველი დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, 1999 წლის შემდეგ, ეს პირველი ბრიტანული დუბლიცაა.

”ჩემთვის, ეს კარიერაში მოპოვებული ყველაზე გამორჩეული გამარჯვებაა. საერთოდ, ყოველ გამარჯვებაზე შემიძლია ამის თქმა, მაგრამ ეს მართლაც გამორჩეულია, რადგან ძალიან რთულ პირობებში მოგვიწია ასპარეზობამ. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ორივენი ძალიან სწრაფები ვიყავით. ჩვენ მარტო ამინდმა არ მოგვაგებინა. ჩვენ სწრაფებიც ვიყავით. არ ვიცი, მშრალ ამინდში რას მივაღწევდით, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს”, - ამბობს ბატონი, ვინც მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ავსტრალიაში მოიპოვა.

ბატონი დასძენს, რომ ამჯერად იღბლის წყალობით არ მოუგია: ”ჩვენი დღევანდელი ტრიუმფი იღბალს არ მოუტანია. ჩვენ ყველაზე უკეთ ავუღეთ ალღო პირობებს. დასაწყისში, სველზე სლიკებით ასპარეზობა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ სწორად მოვიქეცით, რომ არჩევანი რბილ რეზინზე შევაჩერეთ. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ გუნდთან ჩემი ურთიერთობის პირველი თვეები ექსტრაორფინარული იყო. ახლა თავს გუნდის სრულფასოვან წევრად ვგრძნობ”.

მსოფლიო ჩემპიონი ამბობს, რომ რბოლის დასაწყისში სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც წვიმის მიუხედავად, სლიკებზე დარჩენა გადაწყვიტა. ”შეიძლება ბევრმა ჩათვალა, რომ შევცდი, როცა სლიკებზე დავრჩი, მაგრამ ასე არ იყო. უბრალოდ, მეტი სიფრთხილის გამოჩენა მმართებდა. მერე კი, როდესაც ბოქსებში მიხმეს, ესეც დროულად მოხდა, რადგან საბურავები ისე ვეღარ მუშაობდა. რბლის მიწურულს, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა რომ არ გამოსულიყო, ჩვენი უპირატესობა გაცილებით დიდი იქნებოდა”.

ჰამილტონი კვლავ საბურავებზე შეცდა

Hamilton admits tyre call was wrong

18 აპრილი

ჰამილტონის და ფეტელის ინციდენტი პიტლეინზე
....................................................

ოღონდ, ამჯერად ის ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებს. მან აღიარა, რომ რბოლის დასაწყისში, მშრალი ამინდის საბურავებზე ნაჩქარევად გადავიდა და წვიმა როცა განახლდა, ზედიზედ მეორედ მოუწია ბოქსებში შესვლამ. ამასთან, მან თავისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი უბადლო რბოლისთვის შეაქო.

”მაკლარენის” პილოტებმა ჩინური რბოლა დუბლით დაასრულეს. არადა, საბურავებთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომის გამო, ჰამილტონი პელოტონის უკანა ნაწილში აღმოჩნდა. პირველად რომ გაწვიმდა, მან მაშინვე ბოქსებს მიაშურა და ინტერმედიატი საბურავები დააყენებინა, თუმცა მალე გადაიღო, ტრასამ შრობა იწყო და მასაც ბოქსში მეორედ შესვლა დასჭირდა, რათა ისევ სლიკებზე გადასულიყო. ამ დროს, ბატონს წარბიც არ შეუხრია და რბოლა როგორც დაიწყო მშრალი ამინდის საბურავით (სლიკებით), ასევე გააგრძელა.

”საინტერესო რბოლა გამომივიდა. ჯენსონს კი ვულოცავ. საბურავებთან დაკავშირებით, მან სწორი არჩევანი გააკეთა და დამსახურებულად გაიმარჯვა. განსაკუთრებით ძნელი რბოლის დასაწყისი იყო. ცვალებადი ამინდი საბურავებთან დაკავშირებით, სწორი გადაწყვეტილების მიღებას ართულებდა. ბოქსში შესვლა რომ გადავწყვიტე, შესასვლელს თითქმის გაცდენილი ვიყავი. უკეთესი იქნებოდა, ტრასაზე დავრჩენილიყავი, მაშინ ხომ შეცდომას აღარ დავუშვებდი. საბოლოო ჯამში, გუნდმა შესანიშნავად იმუშავა”, - განაცხადა ჰამილტონმა.

მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონს პიტლეინში ინციდენტი შეემთხვა სებასტიან ფეტელთან, როდესაც ორივე ბოქსებში იმყოფებოდა. ჯერ პიტლეინის შესასვლელში, შემდეგ კი გამოსასვლელში, მათი მანქანები კინაღამ ერთმანეთს დაეჯახა. ჰამილტონსაც და ფეტელსაც თავიანთი ოსტატობის გამოვლენა დასჭირდათ, რათა მოცურებული მანქანები დაემორჩილებინათ და შეჯახება თავიდან აეცილებინათ. ამ ინციდენტის დროს, უფრო აგრესიულად ჰამილტონი მოქმედებდა, რის გამოც, სტიუარდებმა მომხდარის განხილვა გადაწყვიტეს. არაა გამორიცხული, რომ ბრიტანელის ქმედება სახიფათოდ მიიჩნიონ და მაშინ, ის შეიძლებს დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

შუმახერს აკრიტიკებენ და შასის შეუცვლიან

Mercedes to replace Schu's chassis for Barcelona

18 აპრილი

უკვე მეოთხე რბოლა ჩატარდა მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ს დაუბრუნდა, მაგრამ ვერაფრით ახერხებს თავის გამოჩენას. უფრო მეტიც, ერთთავად თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელისა და თანამემამულის ჩრდილში იმყოფება, რომელმაც ჩინური დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე ჯერ 0.7 წამით აჯობა, შემდეგ კი რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა. შუმახერი კი მეათე ადგილს დასჯერდა.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონისთვის ერთ-ერთმა პირველმა კრიტიკი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ავსტრიელმა ნიკი ლაუდამ გაიმეტა, ვინც ფ1-ის რბოლებს, გერმანულ ტელეარხ RTL-ზე უკეთებს კომენტარს. მისი თქმით, შუმი აშკარად ვერაა მისთვის ჩვეულ დონეზე.

”აშკარაა, რომ მიხაელი ფორმაში არაა. არადა, მისი გამოცდილების პატრონს, სწორედ ასეთ პირობებში უნდა გამოეჩინა თავი. მან თავდაუზოგავად უნდა იმუშაოს საკუთარ თავსა და მონაწილეობა მიიღოს მანქანის სრულყოფაში, რათა სიჩქარის რეზერვი იპოვნოს. ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით, მიხაელი საშუალო დონეზე ასპარეზობს”, - ამბობს ლაუდა, ვისაც ეთანხმება ფ1-ის ყოფილი პილოტი, გერმანელი ქრისტიან დანერი, რომელიც ასევე RTL-ზე მუშაობს.

”შუმახერი აშკარად როსბერგზე ნელი იყო. ადრე ის თანაგუნდელებთან არასდროს აგებდა, ახლა კი, თუ ასე გაგრძელდა, სულ სხვა სიტუაციაში აღმოჩნდება და ამასთან შეგუება მოუწევს”, - ამბობს დანერი.

გერმანულ მედიაში უკვე გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, შუმახერის ასეთი გამოსვლის მიზეზი ზედმეტი წონაა. ”მერსედესის” მონაცემებით, შუმი როსბერგზე 7 კილოგრამით მძიმეა. არადა, როსბერგი მასზე რამდენიმე სანტიმეტრით უფრო მაღალია.

ფ1-ის მანქანებს მინიმალური წონა შეზღუდული აქვთ და თუ მანქანა დასაშვებზე მსუბუქია, ნორმაში მის მოსაყვანად ინჟინრები ბალასტს იყენებენ, რომელსაც ყველაზე ხელსაყრელ ადგილას ათავსებენ. მართალია, 7 კილოგრამი ბევრი სხვაობა არაა, მაგრამ ზოგი სპეციალისტი ამბობს, რომ ეს შეიძლება შუმის საშუალო შედეგების მიზეზი იყოს. თუმცა, ამ ვერსიის მომხრეებს ალბათ ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ შუმის მასზე მსუბუქი თანაგუნდელები ადრეც ჰყოლია, მაგრამ მაშინ ამ ფაქტორს ყურადღებას არავინ აქცევდა.

მაგრამ თავად შუმახერის მაწრთობი ბალბირ სინგჰი აცხადებს, რომ პილოტი საუკეთესო სპორტულ ფორმაშია. უფრო მეტიც, ის გერმანელ პილოტს წონის დაკლების რეკომენდაციას არც აძლევს.

წონის ფაქტორს გამორიცხავს ”ფორს ინდიას” გერმანელი პილოტი ადრიან სუტილი, ვინც თანამედროვე პილოტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ის თვლის, რომ მიხაელს თავიდან აქვს ფ1-ის მანქანის პილოტირება სასწავლი. ”სხვა თუ არაფერი, ახლა სულ სხვა თვისებების საბურავებს ვიყენებთ, რასაც რატომღაც, არავინ ითვალისწინებს. მათ კი შეგუება სჭირდება. ამისათვის კი მეტი გამოცდილებაა საჭირო”, - ამბობს სუტილი.

ისე, ამის პასუხად შეიძლება ითქვას, რომ შუმახერს საბურავებთან შესაჩვევად სეზონის დაწყებამდე ბევრი დრო ჰქონდა და მან ტესტების დროს რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა მოასწრო. მისი დონის პილოტს კი ”ახალ” საბურავებთან შეგუება არ უნდა გასჭირვებოდა.

შუმახერის პრობლემების საინტერესო შესაძლო მიზეზს გვთავაზობს ”მერსედესის” შეფი ნორბერტ ჰაუგი, ვისაც მიაჩნია, რომ შუმახერის შასი შესაცვლელია. ”ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ბარსელონას რბოლისთვის, მას ახალ შასის დავუმზადებთ”, - ამბობს ჰაუგი, ვინც ამით მიანიშნებს, რომ შესაძლოა, შუმის შასის შექმნისას, რაღაც შეცდომა იქნა დაშვებული, რომელიც გამოსწორებას არ ექვემდებარება.

ლოებმა ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო

Loeb wins in Turkey to complete triple triumph

18 აპრილი

როგორც ჩანს, სებასტიან ლოებს ვერც წელს გაუწევს ვინმე კონკურენციას და რალის მსოფლიო ჩემპიონატების ფრანგი ლეგენდა ჩემპიონის ტიტულს მეშვიდედაც მოიპოვებს. ყოველშემთხვევაში, ასეთი ვარაუდის საბაბს იძლევა სეზონის პირველი ოთხი რბოლის შედეგები, რომელთაგან სამი სწორედ ლოებმა მოიგო. მესამე (კარიერაში57-ე) გამარჯვება მან თურქეთში მოიპოვა.

ლოები ორი დღის ჯამში რბოლას ლიდერობდა, თუმცა მესამე დღეს, პოზიციის შესანარჩუნებლად, მძიმე ბრძოლა ელოდა. რბოლის მესამე დღის პირველი ორი სპეცმონაკვეთი გაუქმდა, რადგან წინა ღამით ძლიერი წვიმა მოვიდა და ამ ორი მონაკვეთის გზა გაუვალი გახდა. დარჩენილ ხუთ სპეცმონაკვეთზე ლოებმა შესანიშნავად იასპარეზა და საბოლოოდ, თითქმის წუთი მოუგო უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს.

მიუხედავად იმისა, რომ მესამე დღეს ჯერ ლოდს დაეჯახა, შემდეგ კი უკანა საბურავი დაუზიანდა, მაინც მესამე ადგილზე გავიდა ფინელი მიკო ჰირვონენი, რომელმაც ამით ”სიტროენის” ეკიპაჟებს კვარცხლბეკის სამივე საფეხურის დაპყრობის საშუალება არ მისცა. თუმცა, ამაში ფინელს ესპანელი დანი სორდო (სიტროენი) დაეხმარა, რომელიც ავარიის გამო, ასპარეზობას გამოეთიშა.

რბოლის ნამდვილ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მეხუთე ადგილი დაიკავა ფორმულა 1-ის 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა. მან ზედიზედ მეორედ შეძლო რბოლის ქულებით დასრულება, მეხუთე ადგილი კი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი საუკეთესო შედეგია.

ოთხი ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატს ლოები ლიდერობს, რომელსაც 93 ქულა აქვს. მეორეზე მყოფი სოლბერგი მას უკვე 40 ქულით ჩამორჩება, მესამეზე მყოფ ჰირვონენს კი 52 ქულა აქვს.

მესამე დღის პირველივე სპეცმონაკვეთზე ლოებმა ერთ ტრამპლინზე 85 მეტრი იფრინა, სერვის პარკში დაბრუნების შემდეგ კი, მომღიმარმა ჟურნალისტებს შემდეგი მოუყვა: ”რამდენიმე წამი ჰაერში ვიყავით. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამდენ ხანს ვიფრენდით. ამან ოდნავ შეგვაშინა, მაგრამ ამის შემდეგაც, ტემპი ოდნავაც არ დამიგდია”.

ახვათა შორის, იორდანიული რბოლისგან განსხვავებით, ლოებს ამჯერად გუნდი ტაქტიკურად აღარ დახმარებია, თუმცა ფრანგმა ამის გარეშეც შესანიშნავად იასპარეზა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რალის მონდიალზე ბადალი არ ჰყავს.

თურქეთის რალის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3 სთ, 01 წთ, 38.700

2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) +00:54.500

3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:43.400

4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 03:46.000

5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 06:44.300

6. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 07:56.700

7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 08:29.800

8. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი. ფორდი) 19:44.200

9. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი) 23:22.200

10. აარონ ბურკარტი (გერმანია, სუზუკი) 27:04.700

პირადი კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 93 ქულა; 2. პეტერ სოლბერგი - 53; 3. მიკო ჰირვონენი - 52; 4. იარი-მატი ლატვალა - 47; 5. სებასტიან ოჟიე - 45; 6. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)- 24; 7. მეტიუ უილსონი - 22; 8. ფედერიკო ვილაგრა - 20; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) -18; 10. კიმი რაიკონენი - 14...

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 126 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 111; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 75; 4. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT - 56; 5. მიუნჩი’ს ფორდ WRT - 26

ჩემპიონის მეორე გამარჯვება და ”მაკლარენის” დუბლი

Button leads McLaren one-two in China

18 აპრილი

ტრადიცია გრძელდება - უკვე მეხუთე რბოლაა, კვალიფიკაციის მომგები რბოლაში ბევრს ვერაფერს ხეირობს. სებასტიან ფეტელმა მიმდინარე სეზონის პირველ ოთხ ეტაპზე სამჯერ აიღო პოული, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც რბოლა მოწინავე პოზიციიდან არ დაუწყია.

ისე კი, ჩინური დიდი პრიზი ძალიან საინტერესო გამოდგა, რასაც ხელი ამინდმა შეუქყო. პელოტონი რომ მოთელვას შეუდგა, წინწკვლა სწორედ მაშინ დაიწყო და ყველაფერი სტარტიდანვე აურია. რბოლის დროს იმდენი საინტერესო რამ მოხდა, ყველაფრის მოყოლა ალბათ შეუძლებელიცაა. მთავარი კი ისაა, რომ შანჰაის ტრასაზე ნამდვილი ლატარეა გათამაშდა, რომლის წესებსაც მხოლოდ ამინდი კარნახობდა და ვინც ამ წესებს ალღო უკეთ აუღო, მოგებულიც ის დარჩა.

მოგებული კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი დარჩა, რომელმაც სეზონში პირველმა მოიგო მეორე რბოლა და ჩემპიონატსაც სათავეში ჩაუდგა. 30 წლის ბატონისთვის, ეს კარიერაში მოპოვებული მეცხრე გამარჯვებაა, რომელსაც მან ნარბოლევს ყველაზე გამორჩეული უწოდა.

კვლავ შესანიშნავად იასპარეზა ბატონის თანაგუნდელმა ლუის ჰამილტონმა, ვინც მეოთხე წრეზე, საბურავების ადრეულად შეცვლის გამო, მე-12 ადგილზე აღმოჩნდა, თუმცა თავგანწირულმა რბოლამ და არაერთმა, შესანიშნავად ჩატარებულმა გასწრების მანევრმა, მეორე ადგილი მოაპოვებინა. ამგვარად, ჩვენ ბოლო 11 სეზონში პირველი ბრიტანული დუბლი ვიხილეთ. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ჰამილტონის შედეგი გაუქმდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სტიუარდები პიტ ლაინზე გავლისას მის საკმაოდ აგრესიულ მანერას წესის დარღვევად მიიჩნევენ. ბოქსში შესვლისა და გამოსვლისას, მას უშეღავათო ბრძოლა ჰქონდა ფეტელთან და ეს ბრძოლა ლამის ავარიით დასრულდა.

რბოლის დასრულების შემდეგ, ჰამილტონმა, ვინც მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონია, ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა გამარჯვება თავის თანაგუნდელს. ჰო მართლა, ჰამილტონს ბოქსებში შესვლა ოთხჯერ მოუწია, ბატონმა კი რეზინი მხოლოდ ორჯერ შეცვალა. ბოქსში პირველ ვიზიტამდე, მან ლიდერ როსბერგს გაასწრო და მაშინვე პიტლეინისკენ გადაუხვია და ლიდერობა მაშინვე დაიბრუნა, როგორც კი საბურავის შეცვლა გერმანელმაც გადაწყვიტა. აქედან მოყოლებული, ბატონის ლიდერობას ხიფათი აღარც დამუქრებია.

უფრო მეტად არ გაუმართლა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც რბოლა მანამ დაიწყო, სანამ შუქნიშანზე წითელი შუქი ჩაქვრებოდა. ესპანელმა რომ ორივე ”რედ ბულს” გაუარა, ამათ სტარტი მაშინღა აიღეს. თუმცა რბოლის სტიუარდებმა ზუსტად დააფიქსირეს დარღვევა და ალინსო პიტლეინზე საჯარიმო გავლით დასაჯეს. ალონსოს ბოქსში ხუთჯერ შესვლა მოუხდა, თუმცა ჰამილტონის არ იყო, თავდაუზოგავმა რბოლამ მეოთხე ადგილი მოაპოვებინა.

შესანიშნავად იასპარეზა ნიკო როსბერგმაც, რომელმაც სტარტიდან ბოლომდე უშეცდომოდ იარა და კიდევ ერთხელ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. ეს შედეგი მისთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ როსბერგმა კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ის ახლა ლიდერ ბატონს 10 ქულით ჩამორჩება. გერმანელთან კი თითო ქულა აშორებს ალონსოსა და ჰამილტონს. შანჰაიში მოპოვებული დუბლით, კონსტრუქტორთა პირველობას სათავეში ”მაკლარენ-მერსედესი” მოექცა, რომელიც მეორეზე ჩამოქვეითებულ ფერარის” 19 ქულას უგებს.

რაც შეეხება ფეტელს, გერმანელი პილოტი კვარცხლბეკის გარეშეც დარჩა და მე-6 ადგილს დასჯერდა. ის თითქმის 11 წამით ჩამორჩა მეხუთეზე გასულ პოლონელ რობერტ კუბიცას. რა თქმა უნდა, წარუმატებლობამ ფეტელი დაამწუხრა, თუმცა ოპტიმიზმის გრამიც არ დაუკარგავს: ”ძალიან ქაოტური რბოლა იყო და მასში მეექვსე ადგილის დაკავება არცთუ ურიგო შედეგია. აქ მოპოვებულ ქულებს სეზონის ბოლოს დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენმა მთავარმა მეტოქეებმა რბოლა ჩვენზე წინ დაასრულეს და ეს სასიამოვნო ნამდვილად არაა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული რბოლა იყო, თუმცა ამაზე უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო”.

პირველი ქულები მოიპოვა ”რენოს” რუსმა დებიუტანტმა ვიტალი პეტროვმა, რომელმაც ბოლო წრეებზე მარკ უებერს და მიხაელ შუმახერს გაასწრო. უნდა ითქვას, რომ ეს მის მიერ დასრულებული პირველი რბოლაა და მასში მეშვიდე ადგილის დაკავება, თან ისეთი ავტორიტეტის წინ, როგორიც შუმახერია, დიდი წარმატებაა.

სხვათა შორის, რბოლის წინ შუმახერი წვიმას ნატრობდა იმ იმედით, რომ კვარცხლბეკისთვის ბრძოლის შანსი მიეცემოდა. ამინდმა ნატვრა აუსრულა, თუმცა დიდი პრიზებში დაბრუნებულმა დიდმა ჩემპიონმა შანსი ვერ გამოიყენა, რაც ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობა.

ჩინეთის დიდი პრიზი

რბოლის შედეგები

ტრასის სიგრძე - 5.451 კმ, 56 წრე. რბოლის დისტანცია 305.066 კმ

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:46:42.163

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:01.530

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:09.484

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:11.869

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:22.213

6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:33.310

7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:47.600

8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:52.172

9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:57.796

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 01:01.749

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 01:02.874

12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 01:03.665

13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:11.416

14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე

16. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე

17. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 4 წრე

გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 30 წრე

გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 48 წრე

გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 49 წრე

გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 56 წრე

გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 56 წრე

გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 56 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 56 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:42.061, მე-13 წრე

პირადი კლასიფიკაცია

1. ჯენსონ ბატონი - 60 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 50; 3. ფერნანდო ალონსო - 49; 4. ლუის ჰამილტონი - 49; 5. სებასტიან ფეტელი - 45; 6. ფელიპე მასა - 41; 7. რობერტ კუბიცა - 40; 8. მარკ უებერი - 28; 9. ადრიან სუტილი - 10; 10. მიხაელ შუმახერი - 10; 11. ვიტანტონიო ლიუცი - 8; 12. ვიტალი პეტროვი - 6; 13. რუბენს ბარიკელო - 5; 14. ხაიმე ალგერსუარი - 2; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. მაკლარნ-მერსედესი - 109 ქულა; 2. ფერარი - 90; 3. რედ ბულ-რენო - 73; 4. მერსედესი - 60; 5. რენო - 46; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 18; 7. უილიამს-კოსუორტი - 6; 8. ტორო როსო-ფერარი - 2

Saturday, April 17, 2010

ეკლსტოუნს 20-რბოლიანი სეზონი სურს

Twenty F1 races for 2011 season, says Ecclestone

17 აპრილი

ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონი ბერნი ეკლსტოუნი (სურათზე) მომავალი სეზონის კალენდარში 20 ეტაპის შეტანას აპირებს. მისი გეგმით, კალენდარში სიახლე ინდოეთის დიდი პრიზი გახდება, ახლანდელი ეტაპებიდან კი ადგილს ყველა შეინარჩუნებს.

ადრე ის ამბობდა, რომ ფორმულა 1-ში მალე რამდენიმე ახალი რბოლა უნდა გამოჩნდეს, რომლებიც ზოგიერთ ევროპულ რბოლას ჩაანაცვლებენ. მაგრამ ახლა ის რადიკალურად საპირისპიროზე ლაპარაკობს და არც რბოლების რაოდენობის შემდგომ ზრდას გამორიცხავს: ”არცერთ რბოლას არ ამოვაგდებთ, მალე კი მათ რაოდენობას ალბათ 25-მდე გავზრდი”.

რბოლების რაოდენობის ზრდის პერსპექტივა ზოგიერთი გუნდის ხელმძღვანელობას არ მოსწონს. თუმცა, თითქმის ყველა მათგანი ცდილობს, რომ სეზონის დიდ ნაწილს ისევ ევროპული რბოლები შეადგენდეს. მათი წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ შტატის გაზრდა უწევთ. ეს კი იმ დროს, როდესაც ყველა ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. გარდა ამისა, ბევრი რბოლა იმას ნიშნავს, რომ გუნდებს ტექნიკური პერსონალის გაზრდა მოუწევთ, რადგან მათში დასაქმებულ ადამიანებს ოჯახები ჰყავთ და მუდმივად მოგზაურობებში ყოფნის გამო, პირადი პრობლემები ექმნებათ. ამის გამო, ზოგიერთ გუნდს ორმაგი შტატის აყვანა უწევს, რათა ისინი მორიგეობით შეენაცვლონ ერთმანეთს.

მაგრამ ბერნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფულია და როგორც ყოველთვის, ამ ძალას საბოლოოდ მაინც თავისი გააქვს ხოლმე. მითუმეტეს, მეტი რბოლა გუნდებისთვისაც მეტ შემოსავალს ნიშნავს. ამაზე კი უარს არავინ იტყვის.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ფ1-ის კალენდარს ერთი სრულიად ახალი რბოლა - კორეის დიდი პრიზი ემატება.

ისევ ”მაკლარენის” ჰაერსადინარის შესახებ

McLaren’s F-duct

17 აპრილი

”მაკლარენის” პილოტებს რომ გუნდის ინჟინრების მოგონილი ახალი ტექნიკური ეშმაკობა - პატარა ჰაერსადინარი დიდად ეხმარება, ამაში უკვე ეჭვიც აღარავის ეპარება. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსგავსი სისტემების გამოყენებას თავისუფალ პრაქტიკებზე უკვე მარტო ”ზაუბერი” კი არა, ”ფერარი”, ”უილიამსი” და ”მერსედესიც” ცდილობენ. თუმცა, რბოლების დროს, მას ჯერ ისევ მხოლოდ ”მაკლარენი” იყენებს.

”რედ ბულის” შეფი ქრისტიან ჰორნერი დარდობს, რომ ძრავების უპირატესობის გარდა (ზოგიერთი სპეციალისტის მოსაზრებით, მერსედესის ძრავი რენოსაზე 30-40 ცხენის ძალით ძლიერია), ”მაკლარენს” ეს ახალი სისტემაც ეხმარება. თუმცა დღეისათვის, მოწინავე მაინც მისი გუნდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ”რედ ბულის” მანქანა კომპლექსური თვალსაზრისით საუკეთესოა.

რა უპირატესობას აძლევს ჰაერსადინარი ”მაკლარენის” ბოლიდებს, ამაზე სებასტიან ფეტელის ნათქვამიც მეტყველებს: ”დღეს მე თვითონ ვიხილე, თუ რა უპირატესობას აძლევს ეს სადინარი იმ მანქანებს, რომლებზეც მას იყენებენ. თავისუფალ პრაქტიკაზე ჯენსონ ბატონის უკან მომიწია რბოლამ. სწორი მონაკვეთის შუაში მან ისე იოლად ჩამომიტოვა, ჩემი მანქანა გაჩერებული მეგონა”.

ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბარსელონაში, ესპანეთის დიდი პრიზის დროს, ძლიერი გუნდების უმეტესობაზე მსგავს ჰსერსადინარს ნახავთ.

სისტემა კერს-ი კვლავ აქტუალური ხდება

KERS

17 აპრილი

გერმანული გამოცემა ”მოტორშპორტ-ტოტალი” გვატყობინებს, რომ ამ ეტაპზე, ფორმულა 1-ის მმართველ ბერნი ეკლსტოუნისა და ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისთვის ყველაზე აქტუალური, საბურავების მიმწოდებელის საკითხია. მისი მოგვარების შემდეგ კი დღის წესრიგში ისევ კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) დაბრუნება დადგება.

ჟურნალი ვარაუდობს, რომ კერს-ის გამოყენებაზე მორატორიუმი შესაძლოა ამ სეზონის დასრულებისთანავე შეწყდეს. ამ შემთხვევაში, გუნდები ალბათ მოითხოვენ, რომ ყველას ამ სისტემის ერთი მიმწოდებელი ჰყავდეს, რითაც მათი დანახარჯებიც არ იქნება უსაშველო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ტექნიკურ უპირატესობასაც ვერცერთი მათგანი ვერ მიიღებს.

”მოტორშპორტ-ტოტალი” იუწყება, რომ ჩინური დიდი პრიზის დასრულების შემდეგ, შანჰაიშივე, ეკლსტოუნს ფორმულა 1-ის გუნდების ასოციაციის (FOTA) პრეზიდენტი, ”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში შეხვდება. შეხვედრის დროს კი, საბურავების გარდა, კერს-ის საკითხსაც განიხილავენ.

სხვათა შორის, ეს საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს, რადგან სულ მალე, ძრავების მოქმედ რეგლამენტს ვადა გაუვა და მისაღებია ახალი რეგლამენტი, რომელიც 2013 წლის სეზონიდან ამოქმედდება. სავარაუდოდ, ახალ რეგლამენტში ეკოლოგიური მოთხოვნებიც იქნება გათვალისწინებული, კერს-ი კი თანამედროვე ”მწვანე” რექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემადგენელია.

რაც შეეხება სტანდარტული კერს-ის გამოყენებას. სავარაუდოდ, მის დამზადებაზე ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კონტრაქტორი თავისი წარმოების სისტემას ყველა გუნდს მიაწვდის. გავრცელებული ინფორმაციით, ”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო უკვე ცდილობს, დაითანხმოს გუნდები, რათა მათ ორი იტალიური კომპანიის - ”ფერარისა” და მისი პარტნიორი ”მანეტი მარელის” მიერ შემუშავებული კერს-ის გამოყენებას დაუჭირონ მხარი. სხვათა შორის, ეს სისტემა მალე ”ფერარის” ”სამოქალაქო” ავტომობილებზეც გამოჩნდება.

თუმცა, მსგავსი პრეტენზია ”მაკლარენისა” და ”უილიამსისგანაცაა” მოსალოდნელი. პირველმა შარშან ყველაზე ეფექტური კერს-ი დაამზადა, რომლის წყალობითაც, რბოლების მოგებაც კი მოახერხა. მეორეს კი ორიგინალური სისტემა აქვს შექმნილი, რომელსაც ისეთი სოლიდური მომხმარებელი გამოუჩნდა, როგორიც ”ფოლკსვაგენი” და მის ჯგუფში შემავალი კომპანიებია...

თურქეთში ლოები გალიდერდა

Loeb takes control in Turkey

17 აპრილი

ლოები ასპარეზობისას

.............................................

თურქეთში, სტამბულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ შემოგარენში, გრძელდება რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი - თურქეთის რალი, რომლის ორი დღის შემდეგაც, რბოლას მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები ლიდერობს, რომელიც 16 წამს უგებს მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს.

ლოებმა, ვინც ზედიზედ მესამე გამარჯვებისთვის იბრძვის, მეორე დღეს ხელსაყრელი პოზიციიდან იასპარეზა და ეს შესანიშნავად გამოიყენა. ხელსაყრელი პოზიცია კი ისაა, რომ პირველი დღის შემდეგ ის მეხუთე იყო და მეორე დღის სპეცმონაკვეთებზე გზის მწმენდავობა არ უწევდა.

ამჯერად არ გაუმართლა ფრანგ სებასტიან ოჟიეს, ვინც პირველი დღის შემდეგ ლიდერობდა რბოლას. ოჟიე მე-15 სპეცმონაკვეთზე გაჩერდა, როცა მის მანქანაზე საბურავი დაზიანდა. ამაზე მან დაახლოებით 3 წუთი დაკარგა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

”ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. მართალია, ხვალ ძალიან გამიჭირდება ლიდერობის შენარჩუნება, თუმცა იოლი გამარჯვების იმედზე არც არასდროს ვყოფილვარ”, - განაცხადა ლოებმა, ვინც ჩემპიონატის კლასიფიკაციაში 25 ქულას უგებს მეორეზე მყოფ ფინელ იარი-მატი ლატვალას, რომელმაც მეორე დღე მე-12 ადგილზე დაასრულა. ამის მიზეზი კი დღის პირველივე სპეცმონაკვეთზე მომხდარი ავარია გახდა. ლატვალა არ დაშავებულა და გზაც განაგრძო, თუმცა 9 წუთი დაკარგა.

რაც შეეხება ფორმულა 1-ის ყოფილ ჩემპიონს, ფინელ კიმი რაიკონენს, მან ორი ადგილით, მეექვსეზე გადაინაცვლა და დიდი შანსი აქვს იმისა, რომ ზედიზედ მეორე რბოლას დაასრულებს ქულებში.

მეორე დღის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 2 სთ, 19 წთ, 13.500 წმ

2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) +00:16.200

3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 00:17.300

4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:22.400

5. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 03:21.000

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 04:37.500

7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 05:10.100

8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 06:16.600

9. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, მიცუბიში) 14:33.600

10. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი) 17:16.200

ფეტელი ისევ პოულზეა

Vettel on pole for Chinese Grand Prix

17 აპრილი

ოთხი რბოლა, ოთხი პოულ პოზიცია - ასეთი შედეგები აქვს კვალიფიკაციებზე ”რედ ბულს”, რომლის გერმანელმა სებასრტიან ფეტელმაც მესამედ შეძლო პოულ პოზიციის მოპოვება, თუმცა აქამდე მხოლოდ ერთი რბოლა აქვს მოგებული. ფეტელმა ბოლომ გადაკვეთა ფინიშის ხაზი და კვალიფიკაციის საუკეთესო შედეგი, რომელიც მის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს ეკუთვნოდა, 0.248 წამით გააუმჯობესა.

ფეტელმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მოპოვებული მერვე პოულია, ჩინური დიდი პრიზი შარშან მოიგო და მაშინაც მან უკან უებერი ჩამოიტოვა. ”რედ ბულის” პილოტებმა ორი კვირის წინაც, მალაიზიის დიდი პრიზი დუბლით დაასრულეს და იმავე მიმდევრობით გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. ხვალ კი ფეტელს წარმატების გამეორების რეალური შანსი ექნება და თუ ამას შეძლებს, ჩემპიონატის ლიდერობასაც ხელთ იგდებს.

”შესანიშნავი წრე გამომივიდა. მეოთხე პოულით, ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ძალიან სწრაფი მანქანას გვყავს. თუმცა, ეს ყველაფერს არ ნიშნავს, მთავარი რბოლა წინ გველის”, - განაცხადა ფეტელმა.

სხვათა შორის, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ბოლო ხუთ რბოლაში (შარშანდელი რბოლების ჩათვლით), რბოლა პოულის მფლობელს არ მოუგია. ასე რომ, 22 წლის გერმანელს ამ უჩვეულო ტრადიციის დარღვევის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა.

სასტარტო მეორე რიგში დადგებიან ფერნანდო ალონსო და ნიკო როსბერგი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კარგა ხანს ჩრდილში იმყოფებოდა, თუმცა კვალიფიკაციის ბოლო წამებზე გაიბრწყინა და პოულამდე 0.355 წამი დააკლდა. მას მხოლოდ 0.010 წამით ჩამორჩა როსბერგი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეძლო თავისი ტიტულოვანი მეტოქის, მიხაელ შუმახერის ჯობნა. შუმახერი მეცხრე ადგილს დასჯერდა.

კვალიფიკაციის მსვლელობისას, ცხრილის სათავეში მეტწილად ლუის ჰამილტონი იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ ის მეექვსე ადგილს დასჯერდა. მას მცირედით აჯობა მისმა თანაგუნდელმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა.

კვალიფიკაციის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:34.558

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:34.806

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:34.913

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:34.923

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.979

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:35.034

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:35.180

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:35.364

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:35.646

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:35.963

- - - - - - - - - -

11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:35.748

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:36.047

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:36.149

14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:36.311

15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:36.422

16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:36.647

17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:37.020

- - - - - - - - - -

18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:37.161

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:39.278

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:39.399

21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:39.520

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:39.783

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:40.469

24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:40.578