ჩინეთის დიდი პრიზი: ერთი წრე მარკ უებერთან ერთად
Chinese Grand Prix
14 აპრილი
მოახლოვდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი - ჩინეთის დიდი პრიზი და როგორც წინა სამი ეტაპის წინ, ამჯერადაც ”რედ ბულ რეისინგი” და მისი ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი ჩვენთან ერთად, შანჰაის ტრასაზე ერთ წრეს სიმულატორით გაივლიან. მოვუსმინოთ უებერს:
”ჩინეთის დიდი პრიზი. ის მე მილიონობით ადამიანს და ტრასისკენ მიმავალ საშინელ გზას მაგონებს. თვითონ ტრასა კი შესანიშნავია. მისი სიგრძეა 5.5 კილომეტრი, მასზე 56 წრეს გავივლით, სულ კი 306 კილომეტრი გვექნება გასავლელი. ტრასას ექვსი ჩქაროსნული მონაკვეთი და ხუთი ნელი მოსახვევი აქვს. აქ სამი ადგილია, სადაც გასწრება შეიძლება. მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ს აღწევს.
შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი მოსახვევი უნიკალურია. მასში ძალიან მაღალი სიჩქარით შევდივართ. მესამე საფეხურამდე ჩამოვდივართ, მოსახვევის რადიუსი კი სულ უფრო მცირდება. ბოლოს კი აპექსსაც ვაღწევთ. საქმეს ისიც ართულებს, რომ ამ ადგილზე, გზა ქვევითაა დახრილი. მეორე, მარცხენა მოსახვევი განსხვავებულია - ის თანდათან იხსნება.
შემდეგ მცირე შემაღლებულ ადგილს გავდივართ და მკვეთრად ვჩქარდებით. ჩქაროსნულ მოსახვევს მორიგი ინტენსიური დამუხრუჭება მოსდევს. აქ რაც გვიან დავამუხრუჭებთ, მით უკეთესი. აპექსის გავლის შემდეგ კი მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, რომ შეცდომა არ დავუშვათ, რადგან გამოსასვლელს სრული გაზით გავდივართ და აქ მცირე შეცდომაც კი ძვირად ფასობს.
ამას მოჰყვება ცენტრალური სექტორი, რომელიც ძალიან ჩქაროსნულია. აქ მანქანა დიდ გადატვირთვებს განიცდის და პილოტსაც ფიზიკურად ძალიან უჭირს. ჯერ მარჯვენა მოსახვევს გავდივართ, რომელსაც ძალიან ძნელი ორმაგი მარცხენა მოსახვევი მოსდევს. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს მანქანის ბალანსს. შეცდომები აქაც დაუშვებელია. არასტაბილურობა კი სიჩქარეს გაკარგვინებთ. გავდივართ სწორზე, რომლის გასწვრივაც პადოკია, შემდეგ კი მარცხენა ვიქრო მოსახვევი გველის. ამას დაუსრულებელი გამოსასვლელი აქვს და მასზე ტრაექტორიის დაკარგვა არ შეიძლება, რადგან გამოსასვლელში სიჩქარეს დავკარგავთ. ეს კი ძალიან გრძელ სწორ მონაკვეთზე ბევრი დროის დაკარგვის ტოლფასია.
ამ სწორზე ცოტა დასვენებაც შეიძლება, სარკეშიც ჩაიხედავთ და ტაქტიკაზეც იფიქრებთ. მაგრამ შემდეგ ინტენსიური დამუხრუჭებაა საჭირო, რადგან გასავლელი 180-გრადუსიანი მოსახვევია. აქ გასწრება ყველაზე ადვილია და ამიტომ, აქაურ ტრიბუნაზე ყოველტვის ბევრი ხალხი იყრის თავს. მცირე სწორზე ვჩქარდებით და ბოლო მოსახვევში შევდივართ. აქ შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია. კარგი იქნება, თუ ეს არ მოხდება. გამოსასვლელში ცოტა ბორდიურს დავიხმართ და სტარტ-ფინიშის სწორზე გავდივართ. სულ ესაა, წრე დასრულებულია”.
No comments:
Post a Comment