ჩემპიონის მეორე გამარჯვება და ”მაკლარენის” დუბლი
Button leads McLaren one-two in China
18 აპრილი
ტრადიცია გრძელდება - უკვე მეხუთე რბოლაა, კვალიფიკაციის მომგები რბოლაში ბევრს ვერაფერს ხეირობს. სებასტიან ფეტელმა მიმდინარე სეზონის პირველ ოთხ ეტაპზე სამჯერ აიღო პოული, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც რბოლა მოწინავე პოზიციიდან არ დაუწყია.
ისე კი, ჩინური დიდი პრიზი ძალიან საინტერესო გამოდგა, რასაც ხელი ამინდმა შეუქყო. პელოტონი რომ მოთელვას შეუდგა, წინწკვლა სწორედ მაშინ დაიწყო და ყველაფერი სტარტიდანვე აურია. რბოლის დროს იმდენი საინტერესო რამ მოხდა, ყველაფრის მოყოლა ალბათ შეუძლებელიცაა. მთავარი კი ისაა, რომ შანჰაის ტრასაზე ნამდვილი ლატარეა გათამაშდა, რომლის წესებსაც მხოლოდ ამინდი კარნახობდა და ვინც ამ წესებს ალღო უკეთ აუღო, მოგებულიც ის დარჩა.
მოგებული კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი დარჩა, რომელმაც სეზონში პირველმა მოიგო მეორე რბოლა და ჩემპიონატსაც სათავეში ჩაუდგა. 30 წლის ბატონისთვის, ეს კარიერაში მოპოვებული მეცხრე გამარჯვებაა, რომელსაც მან ნარბოლევს ყველაზე გამორჩეული უწოდა.
კვლავ შესანიშნავად იასპარეზა ბატონის თანაგუნდელმა ლუის ჰამილტონმა, ვინც მეოთხე წრეზე, საბურავების ადრეულად შეცვლის გამო, მე-12 ადგილზე აღმოჩნდა, თუმცა თავგანწირულმა რბოლამ და არაერთმა, შესანიშნავად ჩატარებულმა გასწრების მანევრმა, მეორე ადგილი მოაპოვებინა. ამგვარად, ჩვენ ბოლო 11 სეზონში პირველი ბრიტანული დუბლი ვიხილეთ. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ჰამილტონის შედეგი გაუქმდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სტიუარდები პიტ ლაინზე გავლისას მის საკმაოდ აგრესიულ მანერას წესის დარღვევად მიიჩნევენ. ბოქსში შესვლისა და გამოსვლისას, მას უშეღავათო ბრძოლა ჰქონდა ფეტელთან და ეს ბრძოლა ლამის ავარიით დასრულდა.
რბოლის დასრულების შემდეგ, ჰამილტონმა, ვინც მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონია, ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა გამარჯვება თავის თანაგუნდელს. ჰო მართლა, ჰამილტონს ბოქსებში შესვლა ოთხჯერ მოუწია, ბატონმა კი რეზინი მხოლოდ ორჯერ შეცვალა. ბოქსში პირველ ვიზიტამდე, მან ლიდერ როსბერგს გაასწრო და მაშინვე პიტლეინისკენ გადაუხვია და ლიდერობა მაშინვე დაიბრუნა, როგორც კი საბურავის შეცვლა გერმანელმაც გადაწყვიტა. აქედან მოყოლებული, ბატონის ლიდერობას ხიფათი აღარც დამუქრებია.
უფრო მეტად არ გაუმართლა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც რბოლა მანამ დაიწყო, სანამ შუქნიშანზე წითელი შუქი ჩაქვრებოდა. ესპანელმა რომ ორივე ”რედ ბულს” გაუარა, ამათ სტარტი მაშინღა აიღეს. თუმცა რბოლის სტიუარდებმა ზუსტად დააფიქსირეს დარღვევა და ალინსო პიტლეინზე საჯარიმო გავლით დასაჯეს. ალონსოს ბოქსში ხუთჯერ შესვლა მოუხდა, თუმცა ჰამილტონის არ იყო, თავდაუზოგავმა რბოლამ მეოთხე ადგილი მოაპოვებინა.
შესანიშნავად იასპარეზა ნიკო როსბერგმაც, რომელმაც სტარტიდან ბოლომდე უშეცდომოდ იარა და კიდევ ერთხელ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. ეს შედეგი მისთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ როსბერგმა კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ის ახლა ლიდერ ბატონს 10 ქულით ჩამორჩება. გერმანელთან კი თითო ქულა აშორებს ალონსოსა და ჰამილტონს. შანჰაიში მოპოვებული დუბლით, კონსტრუქტორთა პირველობას სათავეში ”მაკლარენ-მერსედესი” მოექცა, რომელიც მეორეზე ჩამოქვეითებულ ფერარის” 19 ქულას უგებს.
რაც შეეხება ფეტელს, გერმანელი პილოტი კვარცხლბეკის გარეშეც დარჩა და მე-6 ადგილს დასჯერდა. ის თითქმის 11 წამით ჩამორჩა მეხუთეზე გასულ პოლონელ რობერტ კუბიცას. რა თქმა უნდა, წარუმატებლობამ ფეტელი დაამწუხრა, თუმცა ოპტიმიზმის გრამიც არ დაუკარგავს: ”ძალიან ქაოტური რბოლა იყო და მასში მეექვსე ადგილის დაკავება არცთუ ურიგო შედეგია. აქ მოპოვებულ ქულებს სეზონის ბოლოს დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენმა მთავარმა მეტოქეებმა რბოლა ჩვენზე წინ დაასრულეს და ეს სასიამოვნო ნამდვილად არაა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული რბოლა იყო, თუმცა ამაზე უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო”.
პირველი ქულები მოიპოვა ”რენოს” რუსმა დებიუტანტმა ვიტალი პეტროვმა, რომელმაც ბოლო წრეებზე მარკ უებერს და მიხაელ შუმახერს გაასწრო. უნდა ითქვას, რომ ეს მის მიერ დასრულებული პირველი რბოლაა და მასში მეშვიდე ადგილის დაკავება, თან ისეთი ავტორიტეტის წინ, როგორიც შუმახერია, დიდი წარმატებაა.
სხვათა შორის, რბოლის წინ შუმახერი წვიმას ნატრობდა იმ იმედით, რომ კვარცხლბეკისთვის ბრძოლის შანსი მიეცემოდა. ამინდმა ნატვრა აუსრულა, თუმცა დიდი პრიზებში დაბრუნებულმა დიდმა ჩემპიონმა შანსი ვერ გამოიყენა, რაც ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობა.
ჩინეთის დიდი პრიზი
რბოლის შედეგები
ტრასის სიგრძე - 5.451 კმ, 56 წრე. რბოლის დისტანცია 305.066 კმ
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:46:42.163
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:01.530
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:09.484
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:11.869
5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:22.213
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:33.310
7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:47.600
8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:52.172
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:57.796
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 01:01.749
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 01:02.874
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 01:03.665
13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:11.416
14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე
16. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე
17. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 4 წრე
გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 30 წრე
გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 48 წრე
გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 49 წრე
გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 56 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 56 წრე
გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 56 წრე
გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 56 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:42.061, მე-13 წრე
პირადი კლასიფიკაცია
1. ჯენსონ ბატონი - 60 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 50; 3. ფერნანდო ალონსო - 49; 4. ლუის ჰამილტონი - 49; 5. სებასტიან ფეტელი - 45; 6. ფელიპე მასა - 41; 7. რობერტ კუბიცა - 40; 8. მარკ უებერი - 28; 9. ადრიან სუტილი - 10; 10. მიხაელ შუმახერი - 10; 11. ვიტანტონიო ლიუცი - 8; 12. ვიტალი პეტროვი - 6; 13. რუბენს ბარიკელო - 5; 14. ხაიმე ალგერსუარი - 2; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 1
კონსტრუქტორთა პირველობა
1. მაკლარნ-მერსედესი - 109 ქულა; 2. ფერარი - 90; 3. რედ ბულ-რენო - 73; 4. მერსედესი - 60; 5. რენო - 46; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 18; 7. უილიამს-კოსუორტი - 6; 8. ტორო როსო-ფერარი - 2
No comments:
Post a Comment