რის მილენი და ”ჰიუნდაი” პაიკს პიკის რეკორდს უმიზნებენ
First Look at Millen's RMR Hyundai Genesis PM580
21 აპრილი
ამერიკელი ავტომრბოლი რის მილენი ლეგენდარულ სამთო რბოლა პაიკს პიკზე აბსოლუტური რეკორდის გაუმჯობესებას აპირებს. ამ მიზნის მისაღწევად, მისთვის სპეციალურად, კორეული კომპანია ”ჰიუნდაი” სპორტულ პროტოტიპს მოამზადებს.
დღეისათვის პაიკს პიკის აბსოლუტური რეკორდი (10 წთ, 01.408 წმ) იაპონელ ნობუჰირო ტაძიმას ეკუთვნის, რომელმაც ის 2007 წელს, პროტოტიპ ”სუზუკი XL7 ჰილ ქლიმბ სპეშლით” დაამყარა. სხვათა შორის, მანამდე რეკორდი რის მილენის მამას, როდ მილენს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1994 წელს დაამყარა. დღეს კი რისის მიზანი არა უბრალოდ ტაძიმასთვის რეკორდის ჩამორთმევაა, არამედ ისიც, რომ 19.99-კილომეტრიანი ტრასა (რომელიც ასფალტიანსა და გრუნტიან გზებზე გადის) 10 წუთზე ნაკლებში პირველმა გაიაროს.
რეკორდის დამყარებაში, მილენს მისივე სახელისა და გვარის მატარებელი გუნდი - ”რის მილენ რეისინგი” დაეხმარება, რომელიც ”ჰიუნდაისთან” ერთად, ლე მანის ტიპის პროტოტიპ ”RMR ჰიუნდაი ჯენეზის PM580-ს” შექმნის. ამ ავტომობილს ნახშირბადოვანი კომპოზიტისგან დამზადებული ძარა (მონოკოკი) და რეგულირებადი უკანა ფრთა ექნება. რაც მთავარია, ის ”ჰიუნდაის” წარმოების 4.1-ლიტრიანი V6 ტურბოძრავით აღიჭურვება (სერია ლამბდა), რომლის სიმძლავრეც 750 ცხენის ძალამდე გაიზრდება.
”ჩვენ ამ ავტომობილს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ავაგებთ. მას აეროდინამიკური ძარა ექნება, ”ჰიუნდაის” მძლავრი ძრავითა და ”ტოიო პროქსის” ძალიან ეფექტური საბურავებით აღიჭურვება. ყველაფერი ეს კი რეკორდის დამყარებაში უნდა დამეხმაროს”, - ამბობს მილენი.
გარდა ამისა, ”RMR ჰიუნდაი ჯენეზის PM580” აქტიური ცენტრალური დიფერენციალით აღიჭურვება, რომლის დახმარებითაც, მანქანას ასფალტიან და გრუნტიან გზებზე ერთნაირად ეფექტური ჩაჭიდულობა ექნება. გუნდის ინჟინრები აცხადებენ, რომ პაიკს პიკის სამთო რბოლის მონაწილე მანქანების დიდი ნაწილი კარგად მხოლოდ ერთი ტიპის გზაზე მუშაობს, რაც იმის ძირითადი მიზეზია, რომ ტრასა 10 წუთზე ნაკლებში აქამდე არავის გაუვლია.
პაიკს პიკის სამთო რბოლა ერთ-ერთი უძველესია ამერიკაში და ის 1916 წლიდან ტარდება. ამერიკაში მასზე ძველი მხოლოდ ინდიანაპოლისის 500-მილიანი რბოლაა. ასპარეზობა შტატ კოლორადოში მდებარე მთა პაიკს პიკზე ტარდება. ტრასის სიგრძე 19.99 კილომეტრია, ის 156 მოსახვევს მოიცავს, სტარტსა და ფინიშს შორის სიმაღლის ამპლიტუდა კი 1423 მეტრს აღწევს.
რის მილენი ახალ ზელანდიაშია დაბადებული. ის რალისა და დრიფტინგის სპეციალისტია. ამ უკანასკნელში, ყველაზე პრესტიჟული კლასის, ფორმულა D-ს ჩემპიონია. შარშან მან პაიკს პიკზე კატეგორია ”ტაიმ ატაკ 2wd-ში” ”ჰიუნდაი ჯენეზისით” იასპარეზა და დისტანცია 12 წუთსა და 09.397 წამში დაფარა, რაც ამ კატეგორიის რეკორდია. აბსოლუტურ ჩათვლაში კი შარშან ტაძიმამ გაიმარჯვა, რომელმაც ”სუზუკი SX4-ით” გზა 10 წუთსა და 15.368 წამში გაიარა. სხვათა შორის, ტაძიმამ უკან მოიტოვა ისეთი სერიოზული მეტოქე, როგორიც რალის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ფინელი მარკუს გრონჰოლმია, ვინც რბოლაში სპეციალურად მომზადებული ”ფორდ ფიესტათი” იასპარეზა.
პაიკს პიკის 88-ე საერთაშორისო სამთო რბოლა 27 ივნისს გაიმართება.
No comments:
Post a Comment