Button set for new McLaren deal
20 ივნისი
„მაკლარენი“ მზადაა, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონ ჯენსონ ბატონს კონტრაქტის გაგრძელება და მასთან ერთად, ხელფასის გაზრდა შესთავაზოს. გამოცემა „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, ბრიტანული გუნდი ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს. არადა, ახლახანს პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბატონს „ფერარი“ ეპატიჟება.
ძნელი წარმოსადგენია, „მაკლარენში“ ყოფნას, ბატონმა იტალიურ გუნდში გადასვლა ამჯობინოს, რადგან იქ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო გამოკვეთილი პირველი ნომერია და მისი თანაგუნდელობა, ჩემპიონობაზე ოცნების დავიწყების ტოლფასია. თავად ბატონი შეანიშნავ ფორმაშია და გუნდში თავისი მდგომარეობითაც კმაყოფილია, რადგან „მაკლარენი“ მას და ლუის ჰამილტონს თანაბრად ემსახურება.
ბატონსა და „მაკლარენს“ შორის კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა გუნდს მისი ერთი წლით გაგრძელების უფლება აქვს და როგორც ჩანს, მის გამოყენებას აპირებს. თუმცა, „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, უოკინგელები ამას არ სჯერდებიან და კანადის დიდი პრიზის ტრიუმფატორის უფრო დიდი ხნით დატოვებას აპირებენ.
სხვათა შორის, ბატონს არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი კარიერის „მაკლარენში“ დასრულებას აპირებს. ინგლისური გუნდი კი მისი ამ სურვილის სტიმულირებას ახალი კონტრაქტით და გაზრდილი ხელფასით აპირებს. ცნობისათვის, ამჟამად ბატონის წლიური ხელფასი 6 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
რაც შეეხება ჰამილტონს, მისი კონტრაქტი ჯერ არ იწურება და შესაბამისად, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონიც, მის განახლებას არ ჩქარობს. მასაც არაერთხელ უთქვამს, რომ სიამოვნებით გააგრძელებს „მაკლარენთან“ კონტრაქტს, თუ დარწმუნებული იქნება, რომ გუნდი მას კონკურენტული მანქანით უზრუნველყოფს.
კანადური რბოლის შემდეგ, ჰამილტონი პირადად ესაუბრა „რედ ბულის“ შეფ ქრისტიან ჰორნერს, რითაც კულუარული ჭორების აგორებას შეუწყო ხელი, თუმცა მოფვიანებით თავადვე ამ ჭორებს უსაფუძვლო უწოდა და ჰორნერთან საუბარი იმ ფაქტით ახსნა, რომ მას და სხვა გუნდების კიდევ რამდენიმე ბოსს, მათ შორის „ფერარის“ სტეფანო დომენიკალის, ფ1-ში მოსვლამდე იცნობდა და მათთან ურთიერთობას ახლაც ინარჩუნებს.
ცნობისათვის, ახლანდელი ტოპ გუნდების პილოტებიდან, მხოლოდ ალონსოს და „რედ ბულის“ მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ფეტელს აქვთ თავიანთ გუნდებთან მრავალწლიანი კონტრაქტები.
No comments:
Post a Comment