Red Bull Aims To Solve KERS Issues Soon
19 ივნისი
მიმდინარე სეზონში, „რედ ბულ რეისინგი“ და სებასტიან ფეტელი თითქმის დაუმარცხებლები არიან, რასაც ავსტრიული გუნდის მიერ შექმნილი შესანიშნავი მანქანა განაპირობებს. თუმცა, არის საკითხი, რომელშიც „რედ ბულსაც“ აქვს პრობლემები - მისი ინჟინრები ვერაფრით ახერხებენ სისტემა კერს-ის სრულყოფას, რის გამოც, პილოტები ხშირად დამატებითი ენერგიის გარეშე ასპარეზობენ.
საქმე ისაა, რომ „რედ ბულმა“ სხვებისგან განსხვავებული მიდგომა აირჩია - კერს-ის ზომა და წონა შეამცირა, რათა მას ავტომობილში ნაკლები ადგილი დაეკავებინა და გუნდის ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის აეროდინამიკის დახვეწის საშუალება ჰქონოდა. ზომა-წონის შემცირების კვალობაზე, სისტემა ნაკლებ ენერგიასაც გამოიმუშავებს. თუმცა, მთავარი პრობლემა ეს არაა. მთავარი ისაა, რომ სისტემის გაგრილება არაეფექტურია და ხშირად გუნდს მისი ბოქსებიდან გამორთვა უწევს.
„მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საქმეს მართებულად მივუდექით და როგორც კი არსებულ პრობლემებს მოვაგვარებთ, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით ამაში“, - ამბობს „რედ ბულის“ უფროსი ინჟინერი რობ მარშალი. თუმცა, მისგან განსხვავებით, ნიუი ამბობს, რომ გუნდმა სათანადოდ ვერ შეაფასა ის გამოწვევა, რაც კერს-ს უკავშირდებოდა.
ნიუი ამბობს, რომ „მანეტი მარელის“ მიერ შემუშავებული კერს-ი, რომელსაც მისი გუნდის გარდა, სხვებიც იყენებენ, უპრობლემოდ მუშაობს. სირთულეები კი სწორედ სისტემის დაპატარავებამ და შეზღუდულ სივრცეში მოთავსებამ შექმნა. თანაც, მანქანის შემუშავებისას, კერს-ის საკითხთან დაკავშირებით, საჭიროზე ნაკლები ინჟინერი მუშაობდა.
„ამ სისტემას ბევრი კვლევა და მუშაობა სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სუსტი მხარეა. ჩვენ აეროდნმიკისა და შასის შემუშავებაში ვართ ძლიერები, კერს-ი კი ჩვენთვის ახალი ხილია. და თანაც, ჩვენი მანქანის კონსტრუქციაში ამ სისტემის ინრეგრირებაზე ძალიან ცოტა ინჟინერი დავასაქმეთ“, - ამბობს ნიუი.
No comments:
Post a Comment