Porsche to return to Le Mans 24 Hours with new LMP1 car in 2014
30 ივნისი
„პორშემ“ გამოაცხადა, რომ ლე მანის 24-საათიან რბოლას დაუბრუნდება. ეს 2014 წელს მოხდება, როცა შტუტგარტული კომპანია, საქარხნო მხარდაჭერით, სტარტზე LMP1 კლასის პროტოტიპებს გამოიყვანს.
„პორშე“ ლე მანის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდია - ეს ურთულესი რბოლა 16-ჯერ აქვს მოგებული, მაგრამ სარტეს ტრასაზე 1998 წლის შემდეგ, საკუთარი გუნდით, პროტოტიპების კლასში არ უასპარეზია. შტუტგარტულმა კომპანიამ მე-16 გამარჯვება ლეგენდარული 911 GT1-ით მოიპოვა, რომლის საჭესაც მორიგეობით ბრიტანელი ალან მაკნიში, ფრანგი სტეფან ორტელი და ფრანგი ლორან აიელო მართავდნენ.
პროტოტიპების კლასის დატოვების მიუხედავად, „პორშე“ მას შემდეგაც მუდმივად გამოდის დიდი ტურიზმის (გრან ტურიზმო) კლასში, თუმცა აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვებისთვის ეს მანქანები ვერ გამოდგება...
„პორშეს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მათიას მიულერი ამბობს, რომ მის კომპანიას დიდი ხანია, ლე მანზე საქარხნო გუნდით დაბრუნება სურს, თუმცა ხელსაყრელ მომენტს ელოდა:
„მოტორსპორტი ჩვენი კომპანიისთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ბრენდის განუყოფელი ნაწილი. ასე რომ, ჩვენთვის მხოლოდ დროის ამბავი იყო ამ დიდ რბოლაში დაბრუნება. ლე მანზე „პორშეს“ გამარჯვებების მხრივ ვერავინ შეედრება და ვიმედოვნებთ, რომ იქ დაბრუნებას მალევე მე-17 გამარჯვებით დავაგვირგვინებთ“.
გერმანულ კომპანიას ახალი პროექტის დეტალები ჯერ არ გამოუქვეყნებია. არც ისაა ცნობილი, მისი სარბოლი ავტომობილი კუპეს ტიპისა იქნება, თუ როდსტერი. სამაგიეროდ, მიულერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უხვად (რეგლამენტის შესაბამისად) იქნება გამოყენებული მწვანე ტექნოლოგიები.
ამ ტექნოლოგიებს შორის იქნება ჰიბრიდული სისტემა, რომელსაც „პორშე“ უკვე წარმატებით იყენებს. მაგალითად, ფ1-ის გუნდ „უილიამსის“ მიერ შემუშავებული მექანიკური (მქნევარიანი) კერს-ი. ასეთი სისტემით აღჭურვილი „პორშე 911 GT3 R ჰაიბრიდი“ ახლახანს ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში გამოვიდა.
როგირც ჩანს, ლე მანზე „პორშეს“ დაბრუნების პარალელურად, სპორტული პროტოტიპების კლასს დატოვებს „აუდის“ საქარხნო გუნდი, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, სარტეს ტრასაზე ბადალი არ ჰყავს. ორივე კომპანია „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შედის და ბუნებრივია, მათ ერთმანეთთან კონკურენცია არ სურთ. თან, როგორც ჩანს, „აუდი“ მაინც (ბევრი უარყოფის მიუხედავად) ფორმულა 1-ზე გადაერთვება. თავად „ფოლკსვაგენი“ კი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანს გუნდს...
No comments:
Post a Comment