F1 agrees to delay engine rules to 2014
22 ივნისი
ფ1-ში V6 ტურბო ძრავები დაბრუნდება |
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ფორმულა 1-ის კომისია მზადაა, ერთი წლით, 2014 წლისთვის გადადოს ძრავების ახალი რეგლამენტის შემოღება და უფრო მეტიც, ოთხცილინდრიანის ნაცვლად, 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავების გამოყენება დაუშვას.
ფორმულა 1-ის კომისიის ოთხშაბათის შეხვედრაზე, ფორმულა ერთის ძრავების მწარმოებლებმა წარადგინეს წინადადება, რომლის შესაბამისადაც, FIA-ს უარი უნდა ეთქვა 2013 წლიდან ოთხცილინდრიან ტურბოძრავებზე გადასვლაზე და ერთი წლის დაგვიანებით, ახალი რეგლამენტი შემოეღო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს, V6 ტურბო ძრავების გამოყენებას დაავალდებულებდა.
ოთხცილინდრიან ძრავებს პროპაგანდას FIA და მისი პრეზიდენტი ჟან ტოდტი უწევდა, ვინც ამის საფუძვლად იმ გარემოებას ასახელებდა, რომ ფ1 უფრო „მწვანე“ სპორტი უნდა გახდეს. თუმცა, ეს იდეა არ მოსწონს არც ფ1-ის კომერციულ უფლებათა განმკარგველ ბერნი ეკლსტოუნს და არც ძრავების მწარმოებელ კომპანიებს, რომელთა უმეტესობაც მცირელიტრაჟიანი ეფექტური ძრავების წარმოებით ნაკლებად არიან დაინტერესებულნი.
მხარეებს შორის ინტენსიური მოლაპარაკება, ძრავების მწარმოებელთა გამარჯვებით დასრულდა. მათმა შეთავაზებამ ფ1-ის კომისიის მხარდაჭერა მიიღო, რაც საკმარისია იმისათვის, რომ რეგლამენტი შეიცვალოს და ის FIA-ს მსოფლიო მოტორ სპორტის კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინონ. ახალი რეგლამენტის კენჭისყრა კი ფაქსიმილური წესით მოხდება - საბჭოს ყველა წევრი თავის ხმას ფაქსით გაგზავნის.
უნდა ითქვას, რომ ოთხცილინდრიან ძრავებს ყველაზე მეტად „ფერარი“ ეწინააღმდეგებოდა, „მერსედესი“ და „კოსუორტი“ კი იმაზე წუწუნებდნენ, რომ ამ ტიპის ეფექტური ძრავების შემუშავება დიდ დანახარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. ოთხცილინდრიან ძრავებს ერთადერთი მომხრე „რენოს“ სახით ჰყავდა, რომლის მმართველი დირექტორი ჟან-ფრანსუა კობეც იმუქრებოდა, რომ ფ1-ში ფრანგული კომპანიის ყოფნა, სწორედ ძრავების რეგლამენტზე იქნებოდა დამოკიდებული. თუმცა, საბოლოოდ „რენოც“ V6 ძრავების შემოღებას დაყაბულდა.
No comments:
Post a Comment