Red Bull Racing eyeing new Renault engine deal
28 ივნისი
„რედ ბულ რეისინგს“ გადაწყვეტილი აქვს „რენოსთან“ პარტნიორობის გაგრძელება, თუმცა ძრავების ახალი რეგლამენტის კიდევ ერთხელ შეცვლამ, მათ შორის კონტრაქტის გაგრძელება გაურკვეველი ვადით შეაყოვნა.
„რენოს“ ძალიან მოსწონდა რეგლამენტის ის ვერსია, რომელიც 2013 წლიდა, 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავების შემოღებას ითვალისწინებდა. თუმცა, შემდეგ ეს წესი შეცვალეს და არჩევანი 1.6-ლიტრიან V6 ტურბოძრავებზე შეჩერდა, რომელსაც მაქსიმუმ 15 000 ბრუნი წუთში ექნება.
„რედ ბულ რეისინგის“და „რენოს“ პარტნიორობა მეტად წარმატებულია - ამ ტანდემმა შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე ტიტული მოიპოვა და ამ სეზონსაც ისეთი პირი უჩანს, ისინი დუბლს შეასრულებენ. თუმცა, ამის მიუხედავად, „რედ ბულში“ ყოველთვის კმაყოფილნი არ არიან „რენოს“ ძრავების სიმძლავრით, რის გამოც, ორის წლის წინ, ავსტრიული გუნდი „მერსედესის“ ძრავებზე გადასვლას ცდილობდა.
და მაინც, ფრანგული აგრეგატების კონკურენტუნარიანობა ამ სეზონში განსაკუთრებით გამოიკვეთა და ამიტომ, „რედ ბული“ საქვეყნოდ აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი „რენოსთან“ კონტრაქტის გაგრძელებაა. კონტრაქტის, რომელიც მომავალი სეზონის ბოლოს მთავრდება.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ დიდ ავტომწარმოებელთან მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს. მიგვაჩნია, რომ „რენოს“ სახით, ძალუან კარგი პარტნიორი გვყავს და მასთან ურთიერთობის გაგრძელება ჩვენი პრიორიტეტია“, - ამბობს კომპანია „რედ ბულის“ დამაარსებელი და მფლობელი დიტრიხ მატეშიცი.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ კითხვაზე, გუნდის უახლოესი გეგმების შესახებ, „რედ ბულის“ მრჩეველი მოტორსპორტის საკითხებში ჰელმუტ მარკო პასუხობს: „ჩვენი და „რენოს“ მოლაპარაკება 2013 წლის და მომდევნო სეზონების თაობაზე, წარმატებული იყო და შეთანხმებასაც მივაღწიეთ, მაგრამ ეს მანამ იყო, სანამ ვიცოდით, რომ ახალი რეგლამენტი 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავების გამოყენებას გვავალდებულებდა. მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ ძრავები V6 კონფიგურაციის უნდა იყოს, მიმდინარე რეგლამენტი კი 2014 წლამდე დატოვეს. მართალია, „რენოსგან“ პოზიტიური სიგნალები მივიღეთ, მაგრამ ახალი სიტუაციის გამო, ზოგიერთი დეტალი მაინც დაზუსტებას საჭიროებს“.
სხვათა შორის, კულუარებში გაჩნდა ვარაუდი იმაზეც, რომ შესაძლოა, „რედ ბულმა“ თავად გადაწყვიტოს ძრავების შემუშავება. ამაში მის პარტნიორად ავსტრიული კომპანია „AVL ლისტი“ მოიაზრებოდა. მატეშიცმა ეს ვარაუდი უარყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ უკიდურეს შემთხვევაში, თუ ავტომწარმოებლები მის გუნდთან თანამშრომლობას არ ისურვებე, საკუთარ ძრავებზე ფიქრი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
„რენო“ აცხადებს, რომ მომავალში მხოლოდ ოთხ გუნდთან აპირებს თანამშრომლობას. ჯერჯერობით მისი ძრავებით მხოლოდ სამი გუნდი - საკუთრივ „რენო“ (რომელსაც სურს, რომ ლოტუსად იწოდებოდეს და ფრანგულ კომპანიასთან საერთო მარტო სახელი და ძრავიღა შემორჩა), „რედ ბულ რეისინგი“ და „ტიმ ლოტუსი“. ამასთან, მის ძრავებზე გადასვლას „უილიამსიც“ ცდილობს, რომელსაც შესაძლოა, ფრანგულმა კომპანიამ საქარხნოს სტატუსიც კი მიანიჭოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრენ უილიამსის საჯინიბო ძრავებს უფასოდ მიიღებს.
No comments:
Post a Comment