F1 governing body approves new V6 engine for 2014
30 ივნისი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა ძრავების ახალი რეგლამენტი, რომლის შესაბამისადაც, 2014 წლის სეზონიდან, გუნდები საკუთარ სარბოლ ავტომობილებზე 1.6-ლიტრიან V6 ტურბოძრავებს დააყენებენ.
როგორც ცნობილია, თავიდან გადაწყვეტილი იყო 1.6-ლიტრიან ოთხცილინდრიან ძრავებზე 2013 წლიდან გადასვლა. მაგრამ ზოგიერთი ავტომწარმოებლის (მათ შორის ყველაზე აქტიური ფერარი იყო) მოთხოვნით, რეგლამენტი გადაკეთდა. სავარაუდოდ, შეიცვლება ის პუნქტიც, რომლის მიხედვითაც, ძრავების ბრუნთა მაქსიმალური რიცხვი წუთში 12 000 უნდა ყოფილიყო. რედაქტირების შემდეგ, ეს რიცხვი 15 000-მდე გაიზარდება. ცილინდრებს შორის გაშლის კუთხის (V-კუთხის) დაპაზონი 90-დან 120 გრადუსამდე განისაზღვრა.
რეგლამენტის შეცვლაზე თანხმობა გუნდების ტექნიკურმა ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ ვალენსიაში, ევროპის დიდი პრიზის დღეებში განაცხადა. რბოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ ფაქსიმილური კენჭისყრა მოაწყო და ყველასგან თანხმობა მიიღო, რის შემდეგაც ისღა დარჩენოდა, რეგლამენტი საბოლოოდ დაემტკიცებინა.
FIA ირწმუნება, რომ ახალი ძრავების ხმა, ახლანდელებისგან განსხვავებული კი იქნება, მაგრამ ის ისევე მიიზიდავს ფანებს, როგორც ახლანდელი ძრავების ხმა იზიდავს, შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ძრავების ბრუნთა რიცხვის მაქსიმუმი წუთში 18 000 ბრუნითაა შეზღუდული. სამიოდე წლის წინ კი ბრუნთა რიცხვი 20 000-ზე მაღლაც კი ადიოდა.
ცნობისათვის, ხმის შეცვლასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უკმაყოფილო, ფ1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი იყო, ვინც მაყურებლის მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სწორედ ძრავების ხმას მიიჩნევს. მის უკმაყოფილებას კი კანადური რბოლის შემდეგ, რბოლების ორგანიზატორები და ტრასების მფლობელებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ბრუნთა რიცხვების გაზრდა (სწორედ ამ პარამეტრზეა დამოკიდებული ძრავის ხმა) მოითხოვეს. სავარაუდოდ, ბრუნთა რიცხვების მაქსიმუმი სწორედ ამ მოთხოვნის გამო გაიზრდება.
No comments:
Post a Comment