14 ივნისი
„რედ ბულ რეისინგი“ ტექნიკური რეგლამენტის იმ ცვლილების განმარტებას მოითხოვს, რომელიც ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორის გამოყენებას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ბრიტანული დიდი პრიზიდან, ასეთი დიფუზორი, რომელშიც ძირითადი მუშა ტანი, ძრავიდან მაღალი წნევით გამოტყორცნილი ნამწვი აირია, ნაწილობრივ აიკრძალება.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, ორი საკითხია მნიშვნელოვანი. რამდენად იმოქმედებს ყველაფერი ავტომობილებზე. გულახდილად რომ ვთქვა, ეს შეზღუდვა სხვებზე მეტად ჩვენ არ დაგვეტყობა. მეორე საკითხი ცვლილებათა განხორციელების მექანიზმი და ახალი რეგლამენტის აღქმის სისწორეა. შექმნილ სიტუაციას ტექნიკურ ჯგუფთან ერთად განვიხილავთ. ფედერაციის მიმართ კითხვები გვაქვს და ყველაფერს ვიღონეთ, რომ გარკვეული პაუხები მივიღოთ“, - გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას ამბობს „რედ ბულ რეისინგის“ ხელმძღვანელი ქრისტიან ჰორნერი.დღეს ყველა გუნდი ცდილობს, შეცვლილი რეგლამენტის შესაბამისად მოამზადოს მანქანა. ჩასაბერ დიფუზორს ძლიერი გუნდების უმეტესობა იყენებს. თუმცა საყოველთაო აღიარებით, ეს ელემენტი ყველაზე ეფექტურად „რედ ბულის“ მანქანაზე მუშაობს. ამიტომ, სწორედ ავსტრიული გუნდი კარგავს ყველაზე მეტს - იმ უპირატესობას, რომელიც შესაძლოა, მისი და სებასტიან ფეტელის უპირატესობას განაპირობებს.
ჩასაბერი დიფუზორი შემდეგნაირად მუშაობს: ძრავიდან გამობოლქვილი აირი წნევით უკანა დიფუზორში შედის, რომელიც ამ წნევის ზემოქმედებით, გზასთან ჩაჭიდების ძალას ზრდის. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ძრავის მართვის სისტემა ნამწვის მაღალი წნევით გამოტყორცნას მაშინაც უზრუნველყოფს, როდესაც მრბოლს აქსელერატორიდან ფეხი აღებული აქვს. ასე კი, ბორბლების გზასთან ჩაჭიდება მაშინაც იზრდება, როდესაც ავტომობილი მოსახვევებს გადის.
ახალი რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) გარემოზე ზრუნვის შედეგია, მაშინ, როდესაც აქსელერატორიდან ფეხი აღებულია, ძრავის მიერ გამობოლქვილი აირის ოდენობა არ უნდა იყოს იმ აირის ათ პროცენტზე მეტი, რომელიც სრული ძრავის სიმძლავრით მუშაობისას გამოიტყორცნება.
მიმომხილველთა შეფასებით, რეგლამენტის ცვლილება „რენოს“ ძრავებით აღჭურვილ მანქანებს წრეზე საშუალოდ 0.8 წამს, „ფერარის“ ძრავით მომუშავე მანქანებს კი 0.4 წამს მოუმატებს. გამოდს, რომ ყველაზე ნაკლებად „მერსედესის“ და „კოსუორტის“ ძრავებით მოასპარეზეები დაზარალდებიან.
ამასთან, FIA ამას არ დასჯერდება და მომავალი სეზონიდან, ჩასაბერ დიფუზორებს მთლიანად აკრძალავს.
No comments:
Post a Comment