Button steals rain-hit Canadian Grand Prix win
12 ივნისი
ძლიერი წვიმა, ავარიები, გასწრებები და ბოლო წრეზე გარკვეული გამარჯვებული - მოკლედ ასე შეიძლება კანადური დიდი პრიზის დახასიათება, რომელიც ჯენსონ ბატონის ტრიუმფით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ფინიშის შემდეგაც, მისი გამარჯვება ოფიციალურად დადასტურებული არ იყო (მისი მონაწილეობით მომხდარი ინციდენტების გამო), რბოლის მთავარი გმირი სწორედ ის გახდა.აბა რა უნდა ვთქვათ - სტარტიდან ფინიშამდე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რბოლა ორ საათზე მეტხანს გაჩერებული იყო, ბრიტანელი პილოტი ბოქსში ექვსჯერ შევიდა. მაგრამ ესეც არ გამოდგა საკმარისი იმისათვის, რომ ყურები ჩამოეყარა. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა, რბოლის ბოლო წრეებზე, ჯერ მარკ უებერს გაუარა, შემდეგ მიხაელ შუმახერს, ბოლომდე სდია სებასტიან ფეტელს და მას შემდეგ, რაც გერმანელმა შეცდომა დაუშვა, პელოტონს სათავეში მოექცა.
ამ სეზონში, ფეტელის გამარჯვებათა სერია მეორედ შეწყდა და მეორედაც ეს „მაკლარენის“ პილოტმა შეძლო. პირველად ეს ჩინეთში ლუის ჰამილტონმა შეძლო, ახლა კი - ბატონმა. სხვათა შორის, ორივე შემთხვევაში, ფეტელმა შეცდომის წყალობით წააგო. ჩინეთში შეცდომა მისმა გუნდმა დაუშვა, რომელმაც მცდარი ტაქტიკა შეურჩია. ამჯერად კი მსოფლიო ჩემპიონს დისტანციის მიწურულს უმტყუნა ნერვებმა. ორივე მარცხის წინ, ფეტელს ზედიზედ სამ-სამი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.
რაც შეეხება ინციდენტებს, ასეთი მრავლად მოხდა, რომელთაგან ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც სამი იყო, რომლებშიც ლიდერები იყვნენ გარეული. ჯერ ჰამილტონმა და მარკ უებერმა ვერ გაიყვეს გზა და მათი მანქანები ერთმანეთს შეეხო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანელმა გასწრება სცადა, თუმცა მეტოქემ დერეფანი შეუვიწროვა. ორივე ტრასიდან გადავიდა, რის გამოც, მათ რამდენიმე პოზიცია დაკარგეს. თუმცა ორივემ გზის გაგრძელება შეძლო.
შემდეგ ჰამილტონს დაახლოებით მსგავსი ინციდენტი ბატონთანაც შეემთხვა. მოსახვევიდან გამოსვლისას, ჰამილტონს უფრო მაღალი სიჩქარე აღმოაჩნდა და მან სლიპსტრიმით გასწრება სცადა, თუმცა მოულოდნელად, თანაგუნდელმა გასასვლელი ჩაუკეტა. ჰამილტონი ბოქსების გზას ფეხით გაუყვა, ბატონმა კი იქ საბურავის შესაცვლელად შეიარა. მაგრამ ტრასაზე რომ დაბრუნებისას, პეისკარის უკან მოძრაობისას, სიჩქარის ლიმიტი არ დაიცვა და იქ დაბრუნებამ მოუწია. ამჯერად, ეს პიტლეინზე საჯარიმო გავლა იყო...
მესამე ინციდენტში, ბატონი და ფერნანდო ალონსო მონაწილეობდნენ. ამჯერად, ბრიტანელი ცდილობდა გასწრებას (მეოთხე მოსახვევში), თუმცა შიკეინში შესვლისას, ესპანელმა გზა არ დაუთმო და ამით, ყველაზე მეტად, თავად დაზარალდა - მისი მანქანა ბორდიურზე გაიჭედა, ბატონმა კი გზა დაზიანებული საბურავით განაგრძო და რა თქმა უნდა, მაშინვე მის შესაცვლელად, ბოქსებს მიაშურა...
შესანიშნავად იასპარეზა მიხაელ შუმახერმა - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ვისაც კანადაში შვიდი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მეორე ადგილის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მანქანამ ამის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ კი ის მეოთხე ადგილს დასჯერდა. კარგა ხანს მეორეზე კამუი კობაიაშიც იყო, რომელიც კარგა ხანს, ბოქსში შეუსვლელად ასპარეზობდა, თუმცა პიტლეინში ვიზიტის შემდეგ, ლიდერთა შორის აღარ გამოჩენილა და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილს დასჯერდა.
„არ ვიცი, რა ვთქვა. ძალიან ემოციური რბოლა იყო. ჯერ იყო და, ლუისთან ინციდენტი მოხდა. უბრალოდ, არ ვიცოდი, რომ ის ჩემს გვერდზე იყო... მე მას უკვე მოვუბოდიშე. შემდეგ პისკარის უკან მოძრაობისას სიჩქარეს გადავაჭარბე და პიტლეინზე გავლით დამსაჯეს. მოკლედ, ამ რბოლაში, მთელი პელოტონის გასწრება სამჯერ დამჭირდა. ბოლო წრეებზე, სებასტიანის გასწრებას ვცდილობდი. მოსახვევში მან გზის სველ ნაწილზე გაიარა და მანქანის შენარჩუნება გაუჭირდა. ამით კარგად ვისარგებლე. შეანიშნავი რბოლა იყო. ის იმ შემთხვევაშიც დაუვიწყარი იქნებოდა, რომ ვერ მომეგო. გამარჯვება კი მართლაც დაუჯერებელია. შესაძლოა, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო გამარჯვებაა. რა ვთქვა მოსალოდნელ სანქციებზე? ამაზე არ ვფიქრობ და არ მგონია, ისეთი რამე ჩამედინოს, რაც სანქციას იმსახურებს“, - ნარბოლევს განაცხადა ბატონმა, ვინც ამ სეზონში პირველი, კარიერაში კი მეათე გამარჯვება მოიპოვა და პილოტთა ჩათვლაში, მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ლიდერ ფეტელს 60 ქულით ჩამორჩება.
რაც მთავარია, ჩემპიონატი ცოტა გახალისდა, თორემ ის ერთი კაცის - სებასტიან ფეტელის ბენეფისს ემსგავსებოდა...
კანადის დიდი პრიზი
მონრეალი. რბოლის დსტანცია 305.270 კმ (4.361 კმ, 70 წრე)
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 4:04:39.537
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:02.709
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:13.828
4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:14.219
5. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:20.395
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:33.225
7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:33.270
8. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:35.964
9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 00:45.117
10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 00:47.056
11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:50.454
12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 01:03.607
13. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1 წრე
14. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1 წრე
15. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1 წრე
16. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1 წრე
17. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1 წრე
18. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 3 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 9 წრე
გ. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 15 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 21 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 34 წრე
გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 42 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 63 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ჯენსონ ბატონი - 1:16.956, 69-ე წრე.
პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 161 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 101; 3. მარკ უებერი - 94; 4. ლუის ჰამილტონი - 85; 5. ფერნანდო ალონსო - 69; 6. ფელიპე მასა - 32; 7. ვიტალი პეტროვი - 31; 8. ნიკ ჰაიდფელდი - 29; 9. მიხაელ შუმახერი - 26; 10. ნიკო როსბერგი - 26; 11. კამუი კობაიაში - 25; 12. ადრიან სუტილი - 8; 13. სებასტიან ბუემი - 8; 14. ხაიმე ალგერსუარი - 4; 15. რუბენს ბარიკელო - 4; 16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) - 2; 17. პოლ დი რესტა - 2
კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 255 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 186; 3. ფერარი - 101; 4. რენო - 60; 5. მერსედესი - 52; 6. ზაუბერ-ფერარი - 27; 7. ტორო როსო-ფერარი - 12; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 10; 9. უილიამს-კოსუორტი - 4
No comments:
Post a Comment