Hong Kong, Argentina, Mexico Eye F1 Calendar Spots
19 ივნისი
მალე შეიძლება ფორმულა 1-ის კალენდარში ჰონ კონგი ვიხილოთ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მომავალი სეზონის კალენდრის წინასწარ ვერსიაში 21-ე რბოლის გამოჩენამ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA -ს) პრეზიდენტ ჟან ტოდტის უკმაყოფილება გამოიწვია, ჩემპიონატში ახალი ეტაპის დამატება შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ჰონ კონგი რბოლას მიიღებს, ეს სხვის ხარჯზე მოხდება.
ასეა თუ ისე, ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქი, მიზნის მისაღწევად, პირველ ნაბიჯებს უკვე დგამს. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი კი ახლახანს, ამ ქალაქში „რედ ბულის“ საჩვენებელი გამოსვლა იყო, რომელშიც მონაწილეობა „ტორო როსოს“ ესპანელმა პილოტმა ხაიმე ალგერსუარიმ მიიღო.ქუჩის საჩვენებელი გამოსვლის შემდეგ, ჰონ კონგის საავტომობილო ასოციაციის პრეზიდენტმა უესლი ვანმა გაზეთ „საუთ ჩაინ მორნინგ პოსტს“ განუცხადა, რომ ოდესმე ჰონ კონგი ფ1-ის დიდ პრიზს ჩაატარებს. „ვიცნებობ იმაზე, რომ სინგაპურის, მალაიზიის და ჩინეთის მსგავსად, ოდესმე ჰონ კონგიც ჩაატარებს ფ1-ის დიდ პრიზს. მერე რა, რომ რბოლის ჩატარება ქალაქში მოგვიწევს. თუ მონტე კარლოსა და სინგაპურში რბოლები ქალაქში ტარდება, ესე იგი, ამას ჩვენც შევძლებთ“, - განაცხადა ვანმა და გაიხსენა, რომ 1997 წლამდე ჰონ კონგი ფ1-ის კალენდარში მოხვედრის რეალური კანდიდატი იყო.
ჰონ კონგის გარდა, ფ1-ის რბოლის ჩატარება არგენტინას და მექსიკასაც სურთ. ამათგან განსაკუთრებით მყარი პოზიცია მექსიკას უკავია, რომელიც ამ სეზონიდან, „ზაუბერის“ პილოტის, სერხიო პერესის სახელითაა ჩართული დიდი პრიზების ცირკში. პერესს ფინანსურ მხარდაჭერას მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმი უწევს. სხვათა შორის, ახლახანს სლიმმა მექსიკაში FIA-ს ფორმულა ერთის დირექტორი ჩარლი უაიტინგი მიიწვია. მოლაპარაკების საგანი უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მასზე სწორედ მექსიკის დიდი პრიზის ჩატარების პერსპექტივები განიხილეს.
No comments:
Post a Comment