ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, August 29, 2009

ფიზიკელას და ”ფორს ინდიას” პოული!!!

Belgian GP

29 აგვისტო

”ფორს ინდიას” იტალიელი ვეტერანის, ჯანკარლო ფიზიკელას სენსაციური გამარჯვებით დასრულდა ბელგიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა. 36 წლის ფიზიკელამ 2006 წლის შემდეგ პირველი, კარიერაში კი მეოთხე პიული მოიპოვა. ოღონდ, თუ მაშინ ფავორიტი ”რენოს” მანქანით გამოდიოდა, ამჯერად იმ გუნდში ასპარეზობს, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის 29 რბოლაში, რომლებშიც მონაწილეობა მიუღია, ჯერ ქულაც არ მოუპოვებია.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკო კვალიფიკაციის პირველ სესიაზეც უსწრაფესი იყო, მეორეზე კი მეოთხე შედეგს დასჯერდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ის მთელი სესიის განმავლობაში კონკურენტუნარიანი იყო და მისი ტრიუმფიც არ ყოფილა უსაფუძვლო. თუმცა, ფორს ინდიას” პილოტისგან ამდენს ალბათ მაინც არავინ ელოდა.

კვალიფიკაცია მეორე შედეგით კიდევ ერთმა იტალიელმა ვეტერანმა, იარნო ტრულიმ დაასრულა, ვინც თანამემამულეს 0.087 წამით ჩამორჩა. ამგვარად, ხვალ სასტარტო რიგის ორ მოწინავე პოზიციას ორი იტალიელი პილოტი დაიკავებს, რაც 2005 წლის ავსტრალიის რბოლის შემდეგ პირველად მოხდება.

მესამე შედეგი ”ბეემვე ზაუბერის” გერმანელი ნიკ ჰაიდფელდის ანგარიშზეა, მეოთხე კი ვალენსიის რბოლის გამარჯვებული, ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო იყო. თუ რუბინიოს ხვალინდელი რბოლის მოსაგებადაც შესანიშნავი პოზიცია უკავია, ამას ვერ ვიტყვით მის თანაგუნდელსა და მეტოქეზე ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, ბრიტანელ ჯენსონ ბატონზე, ვინც კვალიფიკაციის მეორე სესიაზე მოწინვე ათეულში შესვლაც კი ვერ შეძლო.

”ეს განსაცვიფრებელია, ეს ფანტასტიკურია. ამ შედეგით იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ამის სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ამ შედეგს არ ველოდი. სპა ჩემი საყვარელი ტრასაა, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ პოულის აღებას შევძლებდი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ წინა რბოლის შემდეგ, სოლიდური პროგრესი გვაქვს”, - ამბობს ფიზიკო, ვინც არ მალავს, რომ მისი ოცნება მომდევნო რბოლაში - იტალიის დიდ პრიზზე, ”ფერარის” მანქანით ასპარეზობაა.

”ვის გაუკვირდბა, თუ ვიტყვი, რომ ”ფერარიში” გამოსვლა ჩემი ოცნებაა. ამაზე მარტო ფორმულა 1-ში კი არა, სხვა კატეგორიებშიც ოცნებობენ. ეს ოცნება კი მით უფრო ძლიერია, როცა იტალიელ პილოტთან გვაქვს საქმე. მაგრამ ახლა ხვალინდელ რბოლაზე უნდა ვიფიქრო. თუ ისინი დამირეკავენ... მაგრამ არ მინდა ამაზე ფიქრი. დღეს მე კონტრაქტი”ფორს ინდიასთან” მაქვს და არა ”ფერარისთან”, - ამბობს ფიზიკელა.

იღბლის მომტანი კურდღელი

ფიზიკელამ (სურათზე ასპარეზობისას) კვალიფიკაციის წინა ვარჯიშის დროს, ტრასაზე გამოვარდნილი კურდღელი გაიტანა, რამაც მისი მანქანის წინა ფრთა დააზიანა. პრესკონფერენციაზე ფიზიკომ ეს ფაქტი გაიხსენა და თავისი მიღწევაც ნაწილობრივ ამით ახსნა:

”ინჟინრებმა მითხრეს, როცა მსგავსი რამ ინგლისში ხდება, ამბობენ, რომ კურდღელს იღბალი მოაქვს. ეს მართალი ყოფილა. ასე რომ, შემდეგი რბოლების წინ, ტრასების შემოგარენს დავზვერავ. ვინ იცის, იქნებ კურდღლები იქაც ვნახო”, - ხუმრობს იტალიელი, ვისთვისაც დღევანდლამდე, მიმდინარე სეზონში, კვალიფიკაციაზე ნაჩვენები (მონაკოში) საუკეთესო შედეგი მე-13 ადგილი იყო.

საინტერესოა, რომ კვალიფიკაციაზე საუკეთესო სამი შედეგის მქონე პილოტების მომავალი ჯერ გაურკვეველია. ფიზიკელას ინდურ გუნდთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. ტრულის ”ტოიოტას” ჯერ მომავალი სეზონის ბიუჯეტი დამტკიცებული არ აქვს და სეზონის ბოლომდე არც ექნება. რაც შეეხება ჰაიდფელდს, მისი ”ბეემვე” ამ სეზონის შემდეგ ფ1-ს ტოვებს. ასე რომ, სპაზე რბოლისას თავის გამოჩენას მათი კარიერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხებათ კვალიფიკაციაზე ხელმოცარულებს, ბატონის გარდა, მოწინავე ათეულში შესვლა ვერც ლუის ჰამილტონმა, ფერნანდო ალონსომ და ჰეიკი კოვალაინენმა შეძლეს. და თუ მათი ასეთი ჩავარდნა მოულოდნელობა იყო, ლუკა ბადოერის ბოლო ადგილი, თუნდაც ის ”ფერარის” საჭეს უჯდეს, არავის უნდა გაკვირვებოდა.

დაბოლოს, საინტერესო სტატისტიკა: ბოლო ხუთ ეტაპს ამდენივე გამარჯვებული ჰყავს - თურქეთში ბატონმა მოიგო, ბრიტანეთში - ფეტელმა, გერმანიაში - უებერმა, უნგრეთში - ჰამილტონმა, ვალენსიაში - ბარიკელომ. საინტერესოა, გაგრძელდება, თუ არა ეს ტრენდი?

კვალიფიკაციის შედეგები

პილოტი, ქვეყანა, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია

1. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია) 1:45.102 1:44.667 1:46.308

2. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:45.140 1:44.503 1:46.395

3. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:45.566 1:44.709 1:46.500

4. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:45.237 1:44.834 1:46.513

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:45.655 1:44.557 1:46.586

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:45.579 1:44.953 1:46.633

7. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:45.450 1:44.877 1:46.677

8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:45.372 1:44.592 1:46.761

9. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:45.350 1:44.924 1:46.788

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:45.486 1:45.047 1:47.362

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:45.239 1:45.119

12. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.767 1:45.122

13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:45.707 1:45.136

14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:45.761 1:45.251

15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:45.705 1:45.259

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:45.951

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:46.032

18. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:46.307

19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:46.359

20. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 1:46.957

No comments:

Post a Comment