ბულგარეთის რალის ლოები ლიდერობს
Loeb dominates in
9 ივლისი
ბულგარეთში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპმა - ბულგარეთის რალიმ, რომლის პირველი დღის ოთხივე სპეცმონაკვეთი ფრანგმა სებასტიან ლოებმა მოიგო და სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა. მიმდინარე სეზონში, ეს პირველი ეტაპია, რომლის მარშრუტიც მთლიანად ასფალტიან გზებზე გადის, ეს კი, გრუნტიან გზებზე რბოლებისგან განსხვავებით, სპეცმონაკვეთების გამხსნელ ეკიპაჟებს არანაირ სირთულეს არ უქმნის.
”სიტროენის” მრბოლმა, ვინც ჩემპიონატს ლიდერობს, განსაკუთრებით კარგად პირველივე, უგრძეს სპეცმონაკვეთზე იასპარეზა, რომელიც ტბა ბატაკის შემოგარენში, როდოპის მთიანეთში ჩატარდა. აქედან მოყოლებული, მისი უპირატესობა მხოლოდ იზრდბეოდა და დღის მიწურულს, თითქმის ნახევარ წამს მიაღწია.
”ძალიან, ძალიან კარგი სტარტი ავიღე. მანქანა შესანიშნავად მუშაობს, გზაც ცუდი არ იყო. ამჯერად ასპარეზობა ასფალტზე გვიწევს და მნიშვნელობა არ აქვს, ტრასაზე პირველი გახვალ, თუ მეათე. თანაც გზა ძალიან განიერია და ამიტომ, მასზე სწრაფად მოძრაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს”, - განაცხადა ლოებმა (სურათზე, ასპარეზობისას), ვისაც მსოფლო ჩემპიონის ტიტული ექვსჯერ აქვს მოპოვებული.
სამწუხაროდ, კვლავ ხელი მოეცარა ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონს, ფინელ კიმი რაიკონენს, ვინც თავის ”სიტროენზე” კონტროლი მეოთხე, ბელმეკენის ტბის სპეცმონაკვეთზე დაკარგა. მანქანა ამოყირავდა, თუმცა რაიკონენი ტრავმას გადაურჩა. უფრო მეტიც, გადაყირავების შემდეგ, კვლავ ბორბლებზე დამდგარი მანქანით ასპარეზობა ნელი სვლით გააჩერა და ფინიშსაც უწია.
”სპეცმონაკვეთის შუა ნაწილში, კიმი გზას გასცდა და მისი მანქანა ამოყირავდა და სახურავზე გაცურდა, შემდეგ ხეს დაეჯახა. დარტყმის შემდეგ კი ისევ ბორბლებზე დადგა. როგორც მექანიკოსებმა მითხრეს, მანქანა ხვალისთვის მწყობრში იქნება”, - განაცხადა რაიკონენის გუნდ ”სიტროენ ჯუნიორის” შეფმა ბენუა ნოჟიემ.
სხვათა შორის, სამი სპეცმონაკვეთის შემდეგ, რაიკონენს მეოთხე საუკეთესო შედეგი ჰქონდა და დიდი იყო იმის შანსი, რომ ფინელი პილოტი თავის რალის კარიერაში რბოლას საუკეთესო შედეგით დაასრულებდა, მაგრამ ახლა ეს უკვე შეუძლებელია. არადა, ნოჟიე ამბობს, რომ კიმიმ რბილი საბურავებით ასპარეზობა არჩია, რაც მცდარი არჩევანი გამოდგა. და ამის მიუხედავად, ავარიამდე მაინც შესანიშნავად ასპარეზობდა.
ბულგარეთის რალის პირველი დღის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 1:05:26.700
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +00:28.100
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:38.000
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:10.900
5. ჯარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:21.200
6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 01:31.300
7. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, ფორსი) 02:26.300
8. ფრიგის ტურანი (უნგრეტი, პეჟო) 02:49.100
9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 03:45.600
No comments:
Post a Comment