ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, July 11, 2010

უშიშარი უებერი ისევ ჩემპიონობისთვის იბრძვის

Webber gets his revenge with British GP win

11 ივლისი

როგორც ჩანს, ვალენსიაში მომხადრმა ავარიამ ავსტრალიელ მარკ უებერს ცეცხლი შეუნთო და საბრძოლო ჟინი გაუძლიერა. ყოველ შემთხვევაში, იმ ავარიიდან ორი კვირის შემდეგ ასე გამოჩნდა - ოზმა პილოტმა შესანიშნავად ჩაატარა ბრიტანული დიდი პრიზი და მისი ფინიშის შემდეგ, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა.

მოკლედ, უებერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღევანდელ ფორმულაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მან სტარტზევე შეძლო გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის ჩამოტოვება და ლიდერობა ფინიშამდე ხელიდან აღარც გაუშვია. არადა, პირველ სამ წრეზე, ლუის ჰამილტონისგან გაშმაგებული შეტევების მოგერიება მოუხდა.

როგორც ხშირად ხდება, ბევრი რამ სტარტზევე გადაწყდა. შემდეგ კი ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ ვინ როგორ შეძლებდა სტარტზე მიღწეულის შენარჩუნებას. უებერმა და ჰამილტონმა ბოლომდე შეინარჩუნეს პირველი ორი ადგილი. სამაგიეროდ, პოლონელ რობერტ კუბიცას არ გაუმართლა და პირველად ამ სეზონში, რბოლა უქულოდ, ფინიშამდე თითქმის 20 წრით ადრე, ტექნიკური პრობლემის გამო დაასრულა.

უხეირო სტარტი აიღო პოულის მფლობელმა ფეტელმა, რომელსაც უებერმა ხომ გაასწრო და ლამის ჰამილტონიც წინ გაუშვა. მართალია, მან ბრიტანელის შეტევა მოიგერია, მაგრამ ამ დროს მარჯვენა უკანა საბურავი დაუზიანდა და ტრასის მიღმა გავარდა, რის გამოც, პელოტონის ნახევარმა გაასწრო, შემდეგ კი ბოქსებს მიაშურა და იქიდან დაბრუნებული, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. ფეტელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რბოლის მეორე ნახევარში გასწრების რამდენიმე შესანიშნავი მანეცრი ჩაატარა და საბოლოოდ, ფინიშის ხაზი მეშვიდემ გადაკვეთა. არადა, ბოლო წრეებზე ის ვერაფრით ახერხებდა თანამემამულე ადრიან სუტილის გასწრებას და რომ არა ამის შეცდომა, ალბათ მერვე ადგილს დასჯერდებოდა.

უხეირო სტარტი აიღო ფერნანდო ალონსომაც, ვისაც პირველ მოსახვევამდე სამმა პილოტმა გაასწრო. შემდეგ ესპანელს შეჯახება მოუვიდა ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასასთან, რითაც მხოლოდ ეს უკანასკნელი დაზარალდა - გამსკდარი უკანა მარჯვენა საბურავით, მან ბოქსებს მიაშურა. თუმცა, საბოლოოდ, ფინიშის ხაზი მათ მაინც ერთმანეთის მიყოლებით გადაკვეთეს და ამის მიზეზი ისევ ალონსოს ზედმეტი აგრესია გახდა.

საქმე ისაა, რომ შუა რბოლისას, მან წესის დარღვევით გაასწრო კუბიცას - მანევრის შესრულებისას, სიჩქარე ვერ მოზომა და მოსახვევის მოჭრა მოუხდა. ამით კი აშკარად იხეირა - პოლონელს გაასწრო. წესის მიხედვით, მოსახვევის მოჭრით გასწრება დაუშვებელია და გამსწრები ვალდებულია, რომ გასწრებულს გზა დაუთმოს, მაგრამ ალონსო ასე არ მოიქცა. სამაგიეროდ, მომხდარი ზუსტად შეაფასეს სტიუარდებმა, რომლებმაც ესპანელი პიტლეინზე საჯარიმო გავლით დასაჯეს. არადა, ალონსოს ცოტაც რომ დაეცადა, კუბიცა თავად დაუთმობდა გზას - ის მალევე გაჩერდა.

ამ ინციდენტიდა ცოტა ხანში, ტრასაზე ესპანელი პედრო დე ლა როსას ”ზაუბერის” უკანა ფრთის ნამსხვრევები დაიყარა (მას უკნიდან ვიტანტონიო ლიუცის ”ფორს ინდია” დაეჯახა), რის გამოც, ტრასაზე პეისკარი გამოვიდა. სტიუარდების მითითებით კი, ალონსოს თავისი სასჯელი მას შემდეგ უნდა მოეხადა, რაც რბოლა ჩვეულ რეჟიმში განახლდებოდა.

მოკლედ, უებერმა შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და ფინიშის შემდეგ, რადიოთი თავის გუნდს შემდეგი სიტყვებით მიესალმა: ”ფანტასტიურია. ცუდი არაა ნომერ მეორე პილოტისთვის”. გუნდის შეფმა ქრისტიან ჰორნერმა კი უპასუხა: ”შესანიშნავია მარკ, ახლა შეგიძლია, გაიღიმო”.

საქმე ისაა, რომ კვალიფიკაციის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ავსტრალიელს დანა პირს არ უხსნიდა. ეს კი იმის გამო, რომ ფეტელის მანქანაზე გუნდმა აეროდინამიკურად დახვეწილი ახალი წინა ფრთა სწორედ მისი მანქანიდან დაუყენა. ანალოგიური ფრთა ფეტელის ბოლიდსაც ეყენა, მაგრამ გერმანელს ის კვალიფიკაციის წინა ვარჯიშზე დაუზიანდა. მომხდარი კი აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ ”რედ ბულ რეისინგი” თავის პირველ პილოტად ფეტელს მიიჩნევს და საჩემპიონო ბრძოლაშიც პირველ რიგში მას დაეხმარება. ეს კი არანაირად არ აწყობს თავისი კარიერის პიკზე მყოფ უებერს, ვისაც ჩემპიონობისთვის ამაზე უკეთესი შანსი ალბათ აღარასდროს ექნება.

”გუშინ ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. დარწმუნებული ვარ, მომხდარზე საუბარი აუცილებლად გვექნება. დღეს კი ჩემთვის ყველაფერი იდეალურად მოხდა. რბოლის წინა აღლუმისას, სხვა გუნდების პილოტები მეხუმრებოდნენ, ჩემს წინა ფრთას გათხოვებო, მაგრამ მე ვპასუხობდი, რომ იმით გამოვიდოდი, რაც იღბალმა მარგუნა. ისე კი, რომ მცოდნოდა, აქ ასეთი რამ მოხდებოდა, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს ვიტყოდი. ვნახოთ, რა მოხდება, როცა გუნდთან ამ ამბავზე დავილაპარაკებთ”, - განაცხადა უებერმა, ვინს პილოტების კლასიფიკაციაში მესამეზე გადაინაცვლა და თანაგუნდელს 7 ქულას უგებს.

დაბოლოს, როგორც ამ სეზონში ხშირად ხდება ხოლმე, რბოლას, მისი გამარჯვებულის გარდა, კიდევ რამდენიმე გმირი ჰყავდა. პირველ რიგში, ესაა ვეტერანი ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო, რომელმაც მეხუთემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი და დაგვანახა, რომ ”უილიამსი” აშკარად დაადგა პროგრესის გზას. კვლავ ქებას იმსახურებს იაპონელი კამუი კობაიაში, ვინც ამჯერად ერთი საფეხურით წინ, მეექვსეზე წაიწია. და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, რომელმაც სტარტი მე-13 პოზიციიდან აიღო და ფნიშთან მეოთხე მივიდა. ჰო, ნიკო როსბერგმა რა დააშავა, რომელმაც კვლავ აშკარად დაჩრდილა თავისი ლეგენდარული თანაგუნდელი და თანამემამულე მიხაელ შუმახერი და კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა...


ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი. წრის სიგრძე 5.891 კმ, 52 წრე, დისტანცია 306.747 კმ

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:24:38.200

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:01.360

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:21.307

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:21.986

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 00:31.456

6. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:32.171

7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:36.734

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:40.932

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:41.599

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 00:42.012

11. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 00:42.459

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 00:47.627

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:59.374

14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 01:02.385

15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 01:07.489

16. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1 წრე

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

19. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 2 წრე

20. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 2 წრე

გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 8 წრე

გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 23 წრე

გ. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 33 წრე

გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 43 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:30.874, 52-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 145 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 133; 3. მარკ უებერი - 128; 4. სებასტიან ფეტელი - 121; 5. ფერნანდო ალონსო - 98; 6. ნიკო როსბერგი - 90; 7. რობერტ კუბიცა - 83; 8. ფელიპე მასა - 67; 9. მიხაელ შუმახერი - 36; 10. ადრიან სუტილი - 35; 11. რუბენს ბარიკელო - 29; 12. კამუი კობაიაში - 15; 13. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 14. სებასტიან ბუემი - 7; 15. ვიტალი პეტროვი - 6; 16. ხაიმე ალგერსუარი - 3; 17. ნიკო ჰულკენბერგი - 2

კონსტრუქტორთა თასი

1. მაკლარენ-მერსედესი - 278 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 249; 3. ფერარი - 165; 4. მერსედესი - 126; 5. რენო - 89; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 47; 7. უილიამს-კოსუორტი - 31; 8. ზაუბერ-ფერარი - 15; 9. ტორო როსო-ფერარი - 10

No comments:

Post a Comment