ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, July 30, 2010

ფინეთის რალის ლატვალა ლიდერობს

Latvala leads in Finland, Hirvonen crashes

30 ივლისი

იარი-მატი ლატვალა ტრამპლინზე

..............................

ფინეთში მიმდინარეობს რალის მსოფლიო ჩემპიონატის მერვე ეტაპი - ფინეთის რალი, რომელსაც პირველი დღის შემდეგ, ფინელი იარი-მატი ლატვალა ლიდერობს. პირველივე დღის მეოთხე სპეცმონაკვეთზე კი ასპარეზობას ფინელი მიკო ჰირვონენი გამოეთიშა, ვისაც საშინაო რბოლა შარშან აქვს მოგებული.

თავიდან რბოლას ჰირვონენი ლიდერობდა, მაგრამ მეოთხე მონაკვეთზე (11-დან), როდესაც მისი მანქანის სიჩქარე 160 კმ/სთ იყო, ტრამპლინიდან დაშვების შემდეგ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზისპირა მიწაყრილს დაეჯახა. მანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა, თუმცა საბედნიეროდ, პილოტს და მის შტურმან იარმო ლეჰტინენს ტრავმა არ მიუღიათ.

”ამ ინციდენტმა არ უნდა შემაშინოს. საბედნიეროდ, მან ტრავმების გარეშე ჩაიარა და ახლა მომავალ რბოლებზე ვფიქრობ”, - განაცხადა ჰირვონენმა, ვინც ფინურ ეტაპამდე, მსოფლიო ჩემპიონატის კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე იმყოფებოდა.

მისი ავარიის შემდეგ, ლიდერი ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი გახდა, რომელმაც პირველი სპეცმონაკვეთი მოიგო, თუმცა შემდეგ შეგნებულად დათმო ლიდერობა, რათა მეორე დღის განმავლობაში, გზის მწმენდავის მოვალეობა არ შეესრულებინა.

ჰირვონენის ავარიამდე, მესამე მონაკვეთზე, მცირე ინციდენტი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერს, ფრანგ სებასტიან ლოებსდაც შეემთხვა - ისიც მიწაყრილს დაეჯახა, თუმცა მანქანას მხოლოდ წინა ბამპერი დაუზიანდა და დღის ბოლოს, ლოები ლიდერს მხოლოდ 32 წამით ჩამორჩებოდა. მესამე ადგილზე კი მისი თანაგუნდელი, თანამემამულე და სეხნია, სებასტიან ოჟიე იმყოფება.

”ავტომობილი უმართავია. საჭეს ვატრიალებ, მანქანა კი მაინც პირდაპირ მიდის და ამის გამო, მუხრუჭების უადგილოდ გამოყენება მიწევს. ძალიან გამიკვირდა, რომ მანქანა ასე იქცევა, მას აეროდინამიკური ეფექტებიც კი არ გააჩნია”, - ნარბოლევს წუწუნებდა ლოები, თუმცა თუ ლიდერთან მისი ჩამორჩენის მიხედვით ვიმსჯელებთ და მის პრობლემებსაც გავითვალისწინებთ, მისი მეოთხე ადგილი ნამდვილი გმირობის ტოლფასია.

ფინეთის რალიზე მონაწილეობს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, 51 წლის ფინელი იუჰა კანკუნენი, ვისთვისაც ეს ბოლო რვა წელიწადში, მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპზე პირველი გამოსვლაა. მართალია, პირველივე სპეცმონაკვეთის დასაწყისში, ნაადრევი სტარტისთვის, ის 10 წამით დააჯარიმეს, მაგრამ დღე მაინც მეშვიდე ადგილზე დაასრულა და უკან მოიტოვა ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი.

ფინეთის რალი (პირველი დღე)

1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 1:10:30.700

2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:09.100

3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 00:21.800

4. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:32.000

5. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:43.700

6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 02:35.300

7. იუჰა კანკუნენი (ფინეთი, ფორდი) 03:10.700

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 03:18.200

9. იუჰო ჰანინენი (ფინეთი, შკოდა) 03:44.300

10. მატი რანტანენი (ფინეთი, შკოდა) 04:25.400

ჰირვონენის ავარია

http://www.youtube.com/watch?v=cyhO3KecF38

No comments:

Post a Comment