”მინი” რალის მსოფლიო ჩემპიონატს უბრუნდება
Mini confirms 2011 WRC programme
28 ივლისი
ინგლისურმა კომპანია ”მინიმ” დაადასტურა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება და ამ საქმეში, მას ავტოსპორტში გაწაფული ინგლისურივე კომპანია ”პროდრაივი” გაუწევს პარტნიორობას. მომავალ სეზონში, ”მინის” გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე ეტაპზე იასპარეზებს, 2012 წლის სეზონიდან კი მასში სრული პროგრამით ჩაერთვება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ბეემვეს” ჯგუფში შემავალი ”მინი” მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას აპირებდა, პირველად რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ამ საკითხზე ჭორაობას კი წერტილი კომპანიის ოფიციალურმა განცხადებამ დაუსვა, რომელიც მიუნხენში გამოქვეყნდა. რალის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ, ”პროდრაივი”, რომელიც ერთ დროს, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ”სუბარუს” საქარხნო გუნდის პარტნიორი იყო, ქროსოვერ ”ქანთრიმენს” მოამზადებს.
განცხადების თანახმად, რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებული ”მინი ქანთრიმენი” ”ბეემვეს” წარმოების 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება. ასეთი ავტომობილის პირველი ტესტირება კი წელს, შემოდგომაზე ჩატარდება.
”მინის” საქარხნო გუნდს რალის უმაღლესი დონის შეჯიბრებებში 1967 წლის შემდეგ არ უასპარეზია. ინგლისური კომპანიის ისტორიაში იმ ტრიუმფულ სეზონში, მისმა მანქანებმა სამი დიდი რბოლა - მონტე კარლოს, 1000 ტბისა და აკროპოლისის რალი მოიგეს, თუმცა მას შემდეგ, ”მინი” დიდი რალიდან გაქრა.
”დარწმუნებული ვარ, რალიში ”მინის” გამოსვლების ისტორიას ახალი წარმატებებით გავამდიდრებთ. ამისთვის, ქანთრიმენი” შესაბამის ბაზას გვაძლევს, მისგან კონკურენტული მანქანის შექმნა შეიძლება, რაშიც ”პროდრაივი” დაგვეხმარება, რომლის სახითაც, ძალიან ძლიერი და გამოცდილი პარტნიორი შევიძინეთ”, - პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა ”ბეემვეს” მმართველთა საბჭოს წევრმა იან რობერტსონმა.
თავის მხრივ, ”მინისთან” თანამშრომლობის დაწყებით კმაყოფილია ”პროდრაივის” შეფი დევიდ რიჩარდსიც: ”ძალიან გახარებული ვარ, რომ მოტორსპორტის ახალ, საინტერესო პროგრამაში მივიღებთ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, ახალი სარბოლი მინი, რალის ბევრი ფანის ფავორიტი მანქანა გახდება. თანაც, ახალ მანქანაზე, 2011 წლის სეზონისთვის, უკვე რამდენიმე კერძო გუნდისგან მივიღეთ შეკვეთა.
No comments:
Post a Comment