რაიკონენი შეიძლება რალიში დარჩეს
Raikkonen set to stay in rallying
14 ივლისი
ბრიტანული გამოცემა ”ავტოსპორტი” გვატყობინებს, რომ ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი მზადაა, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე სეზონითაც დარჩეს. მოსალოდნელი იყო, რომ ის ფორმულა 1-ს მომავალ სეზონში დაუბრუნდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს აღარ მოხდება. აისმენი მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე და არაა გამორიცხული, რომ დიდი პრიზების ცირკს აღარც დაუბრუნდეს.
კარგა ხანს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რაიკონენი ”რედ ბულ რეისინგში” გადასვლას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ავსტრიული კომპანიის გუნდმა თავის ავსტრალიელ პილოტ მარკ უებერს კონტრაქტი ერთი სეზონით გაუგრძელა, რაიკონენის დაბრუნების შანსი ძლიერ შემცირდა. თუმცა, ”ავტოსპორტი” მაინც ვარაუდბს, რომ ფინელ პილოტს ავტოსპორტის ”უმაღლეს ლიგაში” 2012 წელს მაინც ვიხილავთ.
”ფორმულა 1 სულაც არ მენატრება და ის საქმეც მომწონს, რითაც ახლა ვარ დაკავებული. ჯერაც არ გადამიწყვეტია, რას გავაკეთებ მომავალ სეზონში. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების დრო მოახლოვდა. შესაძლოა, ამას ფინეთის რალის შემდეგ გავაკეთებ”, - ამბობს რაიკონენი.
კომპანია ”რედ ბულის” ინკოგნიტო წარმომადგენელი ამბობს, რომ კიმისთან ახალი კონტრაქტი მზადაა და მას მხოლოდ ხელმოწერებიღა აკლია. როგორც ჩანს, ”რედ ბულს” არ სურს, რომ რაიკონენი ფორმულა 1-ის რომელიმე კონკურენტ გუნდს ჩაუვარდეს ხელში. მას შემდეგ კი, რაც უებერმა ბრიტანული კვალიფიკაციის შემდეგ, პირდაპირ განაცხადა, რომ მეორე პილოტად გრძნობს თავს, ეჭვის შეტანც არ ღირს იმაში, რომ მას კონტრაქტს მეტად აღარ გაუგრძელებენ და მომავალი სეზონის შემდეგ შეცვლიან.
No comments:
Post a Comment