სილვერსტოუნის ერთი წრე მარკ უებერთან ერთად
British GP preview
8 ივლისი
ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონს ეკვატორის გავლის დრო დაუდგა, რომელიც ბრიტანეთის დიდ პრიზზე გადის. ეტაპის წინ კი ტრადიციულად, ტრასაზე მეგზურობას „რედ ბულ რეისინგის“ სიმულატორის დახმარებით, მისი ავსტრალიელი მრბოლი მარკ უებერი გაგვიწევს, რომელმაც ვალენსიაში განცდილი ავარია უკვე მოინელა და საბრძოლველადაც მზადაა.
„ჩვენი გუნდისთვის, ბრიტანული ეტაპი საშინაოა, ჩვენი ბაზა აქვე ახლოს მდებარეობს და შორს არც მე ვცხოვრობ. აქაური ტრიბუნები ყოველთვის ემოციური მაყურებლით ივსება და საერთოდ, აქაური ატმოსფეროც განსაკუთრებულია. ტრასის სიგრძე 5.9 კილომეტრია, გასავლელია 52 წრე, სულ 307 კილომეტრი. ტრასას ექვსი ჩქაროსნული მონაკვეთი, სამი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის სამი იდეალური ადგილია. აქ მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევს. მაშ ასე, სიმულატორის დახმარებით, ვიწყებთ სილვერსტოუნის წრის გავლას:
პირველი მოსახვევი ძალიან სწრაფია და ფორმულა 1-ის მანქანით მას, შეიძლება ითქვას, რომ ფრენით გავდივართ. ეს მოსახვევი მრბოლებს ძალიან მოგვწონს, მაყურებელს კი რბოლის პირველ წამებში მანქანების გარჩევის საშუალება აქვთ. შემდეგ წარმოუდგენლად ჩქაროსნული მოსახვევები, მაგოტსი და მეკეტსია გასავლელი. ჩემპიონატის კალენდარში შემავალ ტრასებს შორის, ასეთი ჩქაროსნული პირველი სექტორი ალბათ ახვაგან არსადაა.
ამ მოსახვევებს მოსდევს ჰანგარ სტრაიტის სწორი მონაკვეთი, შემდეგ კი სახელგანთქმულ მოსახვევ სტოუს ვუახოვდებით. ის ძალიან სწრაფია და იქ ხშირად საინტერესო პაექრობები იმართება ხოლმე. ხშირია გასწრებებიც. სტოუს შემდეგ ინტენსიურად აჩქარება გვიწევს და ვუახლოვდებით მოსახვევ ქლაბს. აქ ტრასა დახრილია და არცთუ ხარისხიანი საფარით გამოირჩევა, რაც საქმეს ძალიან ართულებს.
შემდეგ გავდივართ ვიწრო მარცხენა მოსახვევს, სადაც მაყურებელს მანქანების კარგად გარჩევის საშუალება აქვს. შემდეგ ინტენსიურად აჩქარება და მანქანების სიჩქარე კვლავ მაქსიმუმს უახლოვდება. აქედან, ტრასის ახალ სექტორზე გავდივართ, სადაც მანქანას დიდი გადატვირთვების გაძლება უწევს - სიჩქარე აქაც ძალიან მაღალია.
მაგრამ შემდეგ ნელი და ძალიან ვიწრო მარჯვენა მოსახვევის გავლა გვიწევს, რასას ძალიან ჩქაროსნული ტეხილი მოსდევს და შემდეგ ისევ ძალიან ინტენსიურად ვამუხრუჭებთ, რადგან სტადონის მონაკვეთს ვუახლოვდებით. აქ კი პირველად ძალიან ნელ მარცხენა მოსახვევს გავდივართ.
წრეს ასრულებს გრძელი მარჯვენა მოსახვევი ლუფილდი. მისი გავლისას ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ის არასდროს დასრულდება. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გამოხვალთ ამ მოსახვევიდან. ბოლო მოსახვევი კი ვუდქოტია, რომელშიც აჩქარებას ვიწყებთ, სრული გაზით გავდივართ და მალევე ფინიშის ხაზსაც გადავკვეთთ...“
No comments:
Post a Comment