ფეტელის საშინაო პოული
Sebastien Vettel takes pole for home German GP
24 ივლისი
მასა, ფეტელი და ალონსო კვალიფიკაციის შემდგომ ფოტო სესიაზე”რედ ბულის” პილოტებს საკვალიფიკაციო რბოლებში ბადალი კვლავ არ ჰყავთ - გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია ავსტრიული გუნდის გერმანელმა პილოტმა, სებასტიან ფეტელმა მოიგო, რომელმაც დაძაბულ პაექრობაში, ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს, სულ 0.002 წამით აჯობა.
”ფერარის” რეალური შანსი ჰქონდა, 2008 წლის შემდეგ, პირველად მოეპოვებინა პოულ პოზიცია, მაგრამ ფეტელმა იტალიურ გუნდს ეს სიხარული არ მიანიჭა. თავად კი მეექვსედ დაიწყებს რბოლას მოწინავე პოზიციიდან. ცნობისათვის, ამ სეზონში ჩატარებულ 11 საკვალიფიკაციო რბოლაში, ”რედ ბულის” პილოტებს 10 პოული აქვთ მოპოვებული.
ფეტელმა ამ სეზონში მექვსე პოული მოიპოვა”ძალიან მაინტერესებს, წამის ორი მეათასედი რა მანძილის ტოლფასია. ისე კი, ეს თითქმის არაფერია. მთავარი ბრძოლა ხვალ გვექნება და ვფიქრობ, წითელი მანქანების დამარცხება ძალიან ძნელი იქნება”, - განაცხადა ფეტელმა, ვინც ალონსოს შედეგი საკვალიფიკაციო რბოლის ბოლო წამებზე გააუმჯობესა და ზედიზედ მესამე პოული მოიპოვა.
მესამე შედეგი ”ფერარისავე” ბრაზილიელ პილოტს, ფელიპე მასას აქვს, მეოთხეზე კი ფეტელის ავსტრალიელი თანაგუნდელი, მარკ უებერია, რომელმაც რბოლის ბოლო, მისთვის საუკეთესო წრის გავლისას, მცირე შეცდომა დაუშვა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში უებერს სამი ეტაპი აქვს მოგებული.
ალონსოს პოული ბოლო წამებზე ცხვირწინ ააცალეს
........................................
გერმანიის დიდ პრიზს მესამე სასტარტო რიგიდან დაიწყებენ ”მაკლარენის” ბრიტანელი პილოტები - მსოფლიო ჩემპიონი ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი. ბატონმა მეხუთე საუკეთესო დრო დააფიქსირა და ამ ჩინური ეტაპის შემდეგ, პირველად მოუგო თანაგუნდელს კვალიფიკაცია.
მართალია, პოული ცხვირწინ ააცალეს, მაგრამ ალონსო მეორე ადგილითაც კმაყოფილი დარჩა. ეს გასაგებია - გერმანიაში მან დაამტკიცა, რომ ჯერაც შესწევს ჩემპიონობისთვის ბრძოლის უნარი და ამის იმედს მას ის პროგრესი აძლევს, რაც ”ფერარის” აშკარად ეტყობა.
”საწუწუნო არაფერი გვაქვს. როგორც იქნა, კვალიფიკაციაშიც შევძელით თავის გამოჩენა. პოული ხელიდან გავუშვით, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა. ქულებს კვირას დავითვლით და არა შაბათს”, - განაცხადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ვინც ბრიტანული ეტაპის შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ სეზონშივე აპირებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.
კვალიფიკაცია პირველ ფაზაში რვა წუთით, მას შემდეგ შეჩერდა, რაც პიტლეინის კედელს დაეჯახა ”ფორს ინდიას” იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი. პილოტი ავარიას უვნებელი გადაურჩა და ის რბოლას ბოლოსწინა რიგიდან დაიწყებს.
გერმანიის დიდი პრიზი
კვალიფიკაციის შედეგები
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:13.791
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:13.793
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:14.290
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:14.347
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:14.427
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:14.566
7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:15.079
8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:15.109
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:15.179
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:15.339
- - - - - - - - - -
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:15.026
12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:15.084
13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:15.307
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:15.467
15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:15.550
16. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:15.588
17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:15.974
- - - - - - - - - -
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:17.583
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:18.300
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:18.343
21. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:18.592
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:18.952
23. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:19.844
No comments:
Post a Comment