ალონსო გაოცებულია, რომ ”რედ ბულს” არ ჩამორჩა
Alonso surprised to match Red Bull
24 ივლისი
გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციას ორი გმირი ჰყავს - პოულის მფლობელი სებასტიან ფეტელი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო, ვისაც სანუკვარ მიზნამდე სულ რაღაც 0.002 წამი დააკლდა. თუმცა, ამის მიუხედავად, რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ის თავისი შედეგით კმაყოფილი ჩანდა.
არადა, 2008 წლის შემდეგ, ”ფერარის” პოულ პოზიცია არ მოუპოვებია და კვალიფიკაციაზე ალონსოს გამარჯვება იტალიური გუნდისთვის ძლიერ სასუხარულო იქნებოდა. და მაინც, მარანელოელები თავიანთი წინსვლით კმაყოფილები არიან.
”ვფიქრობ, კმაყოფილების საფუძველი გვაქვს. ამ სეზონში, რბოლას წინა რიგიდან პირველად ვიწყებთ და ეს აშკარა წინსვლაა. აქ ჯერ კიდევ თავისუფალი პრაქტიკებისას გამოჩნდა, რომ სწრაფები ვიყავით. რაც მთავარია, მანქანა კარგად მუშაობს, რაც თავდაჯერებას მმატებს. კვალიფიკაციის სამივე ნაწილში სწრაფი ვიყავი და მართალია, პოული ვერ მოვიპოვე, მაგრამ ქულებს შაბათს კი არა, კვირის რბოლაში იძლევიან. ვეცდებით, ხვალაც ისევე კარგად გამოვიდეთ, როგორც დღეს და ბლომად ქულას მოვუყაროთ თავი”, - ამბობს ალონსო.
ესპანელი დასძენს, რომ გერმანიაში ის ასეთ შედეგს არ ელოდა. მითუმეტეს, მისთვის გასაკვირი იყო, როცა აღმოაჩინა, რომ კვალიფიკაციის მესამე, გადამწყვეტ ნაწილშიც, ”რედ ბულის” მანქანები სიჩქარით მას ბევრით ვერ სჯობდნენ. არადა, ”წითელი ხარები” ამ სეზონის კვალიფიკაციებზე აშკარად დომინირებენ - 11-დან 10 პოული სწორედ მათი ნადავლი გახდა.
”საერთოდ, ”რედ ბულის” მანქანები კვალიფიკაციის მიწურულს უფრო სწრაფებია, ვიდრე ვარჯიშებსა და თუნდაც კვალიფიკაციის დასაწყისში. გუშინდელ პრაქტიკებზე ჩვენ მათტან ძალიან ახლოს ვიყავით და ძალიან გაოცებულები დავრჩით იმით, რომ კვალიფიკაციის ბოლომდე ვიბრძოლეთ. 10 რბოლა დაგვჭირდა იმისათვის, რომ კვალიფიკაციის რბოლაში გამარჯვებისთვის გვებრძოლა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ლიდერებისგან ძალიან ახლოს ვართ”, - ამბობს ალონსო, რომელმაც მოწინავე სასტარტო რიგიდან ბოლოს შარშან, უნგრეთის დიდ პრიზზე დაიწყო, ოღონდ, მაშინ ”რენოს” მანქანით ასპარეზობდა.
No comments:
Post a Comment