ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, July 31, 2010

ლატვალას საოცნებო გამარჯვება

Latvala celebrates dream home win in Finland

31 ივლისი

ლატვალა და მისი შტურმანი მიიკა ანტილა გამარჯვებას ზეიმობენ

..............................

”ფორდის” ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მერვე ეტაპი - ფინეთის რალი. ლატვალამ მიმდინარე სეზონში მეორე, კარიერაში კი მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, რაც ფინეთის რალი მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში შევიდა (1973 წელს), 25 წლის ლატვალა მისი ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია.

საბოლოოდ, მეორე ადგილი ”სიტროენის” ფრანგმა სებასტიან ოჟიემ დაიკავა, რომელიც გამარჯვებულს 10 წამით ჩამორჩა. თავის მხრივ, მან 16 წამით აჯობა თავის სახელოვან თანამემამულეს, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონსა და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ლოებს.

”ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ფინეთში ფანტასტიური ფანები გვყავს და ძალიან მიხარია, რომ მათ წინაშე მივაღწიე ამ გამარჯვებას. აქ რბოლა შესანიშნავ გარემოში ტარდება და ის ყოველთვის ძალიან საინტერესო და ძნელია. ჩვენი გუნდის ბიჭებმა კი შესანიშნავად იმუშავეს და ეს გამარჯვებაც მათი დამსახურებაა”, - ნარბოლევს განაცხადა ლატვალამ, ვინც ამ სეზონში პირველი გამარჯვება ახალ ზელანდიაში მოიპოვა.

მეორე, გადამწყვეტი დღის წინ, ლატვალას მხოლოდ 9.1 წამით ჩამორჩებოდა ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი, მაგრამ ამან ”სიტროენის” ეკიპაჟების მაღალ ტემპს ვერ გაუძლო და საბოლოოდ, მეოთხე ადგილს დასჯერდა. არადა, პირველ დღეს, ”ფორდის” მიკო ჰირვონენის ავარიის შემდეგ, ცოტა ხანს ლიდერობდა კიდეც.

ლოები თავისი მესამე ადგილით ძალიან კმაყოფილი დარჩა - პირველ დღეს, როგორც თავად ჩიოდა, მისი მანქანა მართვას ძნელად ექვემდებარებოდა, რის გამოც, ის მიწაყრილსაც კი დაეჯახა. საბოლოოდ, მან ლიდერთან ჩამორჩენა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ წინ გასვლა ვეღარ მოახერხა.

”რა თქმა უნდა, მესამე ადგილი ის შედეგი არაა, რომელსაც ვისურვებდი, მაგრამ აქ რომ მოვდიოდი, გამარჯვებაზე არც მიფიქრია - ეს ჩემთვის ძალიან ძნელი რალია. რაც მთავარია, ეს შედეგი მთავარი მიზნის, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ძალიან გამომადგება”, - განაცხადა ლოებმა, ვისაც ახლა უკვე 166 ქულა აქვს და ის 48 ქულას უგებს ოჟიეს. 105 ქულით, ლატვალა მესამეზეა.

რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, 51 წლის ფინელმა იუჰა კანკუნენმა, ვინც ბოლო რვა წელიწადში, რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპზე საასპარეზოდ პირველად გამოვიდა. სამაგიეროდ, კვლავ ხელი მოეცარა ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონს, ფინელ კიმი რაიკონენს, რომელსაც მეორე დღეს ინციდენტი შეემთხვა და გზა მხოლოდ იმის წყალობით განაგრძო, რომ მისი მანქანა გზაზე მაყურებლებმა გამოაგორეს. საბოლოოდ, ის 25-ე ადგილს დასჯერდა.

ფინეთის რალის შედეგები

1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 2:31:29.600

2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) +00:10.100

3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:26.000

4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:30.700

5. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:45.000

6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 05:43.700

7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) 05:50.800

8. იუჰა კანკუნენი (ფინეთი, ფორდი) 07:49.000

9. იუჰო ჰანინენი (ფინეთი, შკოდა) 09:05.000

10. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, შკოდა) 10:15.700

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 166 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 118; 3. იარი-მატი ლატვალა - 105; 4. პეტერ სოლბერგი - 90; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) - 86; 6. დანიელ სორდო - 77; 7. მეტიუ უილსონი - 48; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) - 26; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 25; 10. მადს ოსტბერგი - 16; 11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) - 15; 12. პერ-გუნარ ანდერსონი - 8...

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 265 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 210; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 145; 4. შტობარტ VK M-შპორტ ფორდ WRT -108; 5. მუნჩი'ს ფორდ WRT - 40

No comments:

Post a Comment