ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, August 1, 2010

უიღბლობით მოტანილი იღბალი

უებერმა მეოთხედ მოიგო და ლიდერიც გახდა

Webber wins in Hungary to take F1 lead

1 აგვისტო

უნგრეთში გამარჯვებით, უებერმა ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა
..............................

მარკ უებერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა თანამედროვე ფორმულა ერთში, მაშინაც კი, როდესაც იღბალი არ სწყალობს და თანაგუნდელთან თანაბარ პირობებში არ ამყოფებენ. უნგრეთის დიდი პრიზის დასაწყისში, მას ფორტუნამ ზურგი შეაქცია, თუმცა მოგვიანებით, თავისი თავდაუზოგავი გარჯის წყალობით, იგივე ფორტუნა თავისკენ შეაბრუნა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

უებერისთვის ეს მიმდინარე სეზონში მოპოვებული მეოთხე გამარჯვებაა, რითაც მან პილოტთა კლასიფიკაციაში ლიდერობა დაიბრუნა. ამასთან, თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან ერთად, რომელმაც რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა, ”რედ ბულ რეისინგი” კონსტრუქტორთა პირველობაზე დააწინაურა.

პიტლეინზე საჯარიმო გავლისას, ფეტელმა პროტესტი აქტიურად გამოხატა, მაგრამ...
..............................

საერთოდ, უნგრეთის დიდი პრიზის რბოლები ნაკლებად საინტერესოა ხოლმე, რადგან მასზე გასწრება იშვიათობაა. მაგრამ ამჯერად ამის თქმა უსამართლობა იქნება, რადგან სტარტიდან მოყოლებული, ჰუნგარორინგის ტრასაზე უშეღავათო პოზიციური ბრძოლა გაჩაღდა და ის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

სტარტზე საუკეთესო რეაქცია ისევ ფერნანდო ალონსომ გამოავლინა, რომელმაც უმალ უკან ჩამოიტოვა უებერი და ფეტელსაც გაუარა, თუმცა გასწრების მანევრი ბოლომდე მხოლოდ იმიტომ ვერ მიიყვანა, რომ პირველ მოსახვევში შესვლისას, არახელსაყრელი ტრაექტორია ეკავა - მოსახვევში გარე რადიუსით შევიდა. ფეტელმა შესანიშნავად ისარგებლა პოზიციური უპირატესობით და პოულით მინიჭებული სასტარტო უპირატესობა შეინარჩუნა. სამაგიეროდ, უებერი ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა, თუმცა ფელიპე მასას შეტევის მოგერიება კი შეძლო.

”რენოს” მექანიკოსების უყურადღებობამ, კუბიცას და სუტილის შეჯახება გამოიწვია
..............................

უხეირო სტარტი აიღო ლუის ჰამილტონმა, ვისაც სტარტზევე ორმა პილოტმა - გერმანელმა ნიკო როსბერგმა და რუსმა ვიტალი პეტროვმა გაასწრო. მართალია, მეორე წრეზევე ჰამილტონმა პეტროვი ჩამოიტოვა, მაგრამ როსბერგისგან პოზიციის დაბრუნება აღარ გამოუვიდა.

თითქოს, მორიგი უნგრული უინტერესო სანახაობის მომსწრენი უნდა გავმხდარიყავით - ფეტელი ისე ერეკებოდა თავის ”რედ ბულს”, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო, მას ვინმე დასწეოდა. მაგრამ შემდეგ, კერძოდ კი მე-15 წრეზე, მოხდა ინციდენტი, რომელმაც ყველაფერი აურია.

სტარტზე ფეტელმა ძლივს მოიგერია ალონსოს შეტევა

..............................

იტალიელი ვიტანტონიო ლიუცის ”ფორს ინდიამ” ტრასაზე ნამტვრევები დატოვა, რის გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა. მაშინვე, ფეტელმა ბოქსებისკენ გადახვევა მოასწრო. მას სხვა ლიდერებმაც მიბაძეს, მაგრამ უებერმა ტრასაზე დარჩენა არჩია - ახვა შემთხვევაში, მას ლოდინი მოუწევდა, სანამ გუნდი ფეტელს მოემსახურებოდა. თითქოს, ავსტრალიელს იღბალმა უმტყუნა, თუმცა როგორც მალე გაირკვა, უებერმა გამარჯვების შანსი მიიღო. ახლა მასზე იყო დამოკიდებული, შეძლებდა თუ არა საკმარისი ჰანდიკაპის შექმნას მანამ, სანამ გაცვეთილი საბურავები (სუპერ სოფტი) ბოქსებში შესვლას აიძულებდა.

პიტ სტოპების სერიაზე ინციდენტები ამით არ ამოწურულა: ჯერ ნიკო როსბერგის ”მერსედესს” მარჯვენა უკანა ბორბალი მაშინ გასძვრა, როდესაც მომსახურების არეს ტოვებდა. ბორბალი მთელი სიჩქარით გასცდა ”ზაუბერის” ბოქსების არეს და უილიამსის ბოქსებში რაღაცას დაეჯახა, რის შემდეგაც ჰაერში ავარდა და ”რენოსა” და ”ფორს ინდიას” მომსახურების არეს და იქ მდგარ მექანიკოსებს გადაუფრინა. საბედნიეროდ, ამ ინციდენტს სერიოზულად არავინ დაუზიანებია.

თითქმის იმავდროულად, ერთმანეთს ადრიან სუტილის და რობერტ კუბიცას მანქანები დაეჯახა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც პოლონელი მომსახურების არეს ტოვებდა, გერმანელი კი თავისი ადგილისკენ, რეზინის შესაცვლელად მიეშურებოდა. მოკლედ, ორივე მანქანა დაზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ კუბიცა ტრასაზე მალევე დააბრუნეს, მას მალე მაინც მოუწია გაჩერებამ. სუტილს კი რბოლა აღარ გაუგრძელებია.

მოკლედ, პეისკარმა რამდენიმე წრეზე ატარა პელოტონი, მისი გასვლის წინ კი ფეტელმა რატომღაც უებერისგან დისტანცია დაიჭირა. ეს გასაგები იყო - ავსტრალიელს პიტ სტოპი მოსავლელი ჰქონდა და როგორც ჩანს, თანაგუნდელი მისგან ”ფერარის” პილოტის ჩამოშორებას ცდილობდა. მაგრამ ამგვარი რამ აკრძალულია და სტიუარდებმაც ყველაფერი დააფიქსირეს. მალე გამოცხადდა, რომ ფეტელს ბოქსებში უქმე, საჯარიმო გავლისთვის იწვევდნენ. ”რედ ბულის” პილოტმა ეს პროცედურა პროტესტის გამოხატვით სეასრულა, თუმცა საქმეს ამით ვეღარაფერი უშველა.

უებერმა კი, როგორც კი იგრძნო, რომ ყველაფერი მხოლოდ მის სისწრაფეზე იყო დამოკიდებული, ტემპს უმატა. ის ყოველ წრეზე აუმჯობესებდა რბოლის უსწრაფეს წრეს და მისი ორი მესამედის გავლის შემდეგ, უახლოესი მდევრები თითქმის 24 წამით ჩამოიტოვა, რაც უკვე უსაფრთხო ჰანდიკაპი იყო. მანაც მაშინვე ბოქსებს მიაშურა და თავისი მექანიკოსების დახმარებით, ტრასას ისევ ლიდერის რანგში დაუბრუნდა.

მართალია, რბოლის დასრულებამდე კიდევ 20 წრე იყო დარჩენილი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, ბევრი აღარაფერი მომხდარა. უებერმა ფინიშთან 17 წამით მეტით მიასწრო მეორეზე გასულ ალონსოს, ფეტელი კი მესამე ადგილს დასჯერდა. მისთვის პოული ამჯერადაც უიღბლო მონაპოვრად დარჩა - გერმანელს ამ სეზონში პოულ პოზიცია 7-ჯერ აქვს მოპოვებული, მაგრამ მათგან დიდი პრიზის მოპოვებით მხოლოდ ერთი დააგვირგვინა.

რაც შეეხება ჰამილტონს, მან რბოლა 24-ე წრის დასაწყისში შეწყვიტა. ”პირველი მოსახვევი გავიარე და ვიგრძენი, რომ მანქანამ მამოძრავებელი ძალა დაკარგა, მგონი, კოლოფმა მიმტყუნა. რას ვიზამ, ეს რბოლაა. როდესაც მანქანას ბოლომდე წურავ, ხანდახან ისიც შეიძლება დაზიანდეს. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი ქულა დავკარგე”, - განაცხადა დაღონებულმა ბრიტანელმა.

მოკლედ, უნგრული ეტაპის შემდეგ, ლიდერი ორივე კლასიფიკაციაში შეიცვალა. უებერმა 161 ქულას მოუყარა თავი და 4 ქულით გადაასწრო ჰამილტონს, რომელიც ლიდერობიდან ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა. მისგან 6 ქულაშია ფეტელი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი კი, ვინც ფინიშს მხოლოდ მერვემ უწია, მეოთხეზე გადაინაცვლა.

კონსტრუქტორთა პირველობაზე კი ”რედ ბულ რეისინგი” დაწინაურდა, რომლის მონაგარმაც 312 ქულას მიაღწია და რომელსაც 8 ქულით ჩამორჩა მანამდელი ლიდერი ”მაკლარენი”. 238 ქულით, მესამეზე ისევ ”ფერარია”.

უნგრეთის დიდი პრიზი

ჰუნგარორინგი. წრის სიგრძე 4.381 კმ, 70 წრე, დისტანცია 306.663 კმ

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:41:05.571

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) +00:17.821

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:19.252

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:27.474

5. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 01:13.192

6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 01:16.723

7. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1 წრე

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1 წრე

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე

11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

13. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1 წრე

14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 3 წრე

15. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 3 წრე

16. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 3 წრე

17. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 3 წრე

18. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 4 წრე

19. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 4 წრე

გ. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 47 წრე

გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 47 წრე

გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 55 წრე

გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 55 წრე

გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 69 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:22.362, 70-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. მარკ უებერი - 161 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 157; 3. სებასტიან ფეტელი - 151; 4. ჯენსონ ბატონი - 147; 5. ფერნანდო ალონსო - 141; 6. ფელიპე მასა - 97; 7. ნიკო როსბერგი - 94; 8. რობერტ კუბიცა - 89; 9. მიხაელ შუმახერი - 38; 10. ადრიან სუტილი - 35; 11. რუბენს ბარიკელო - 30; 12. ვიტალი პეტროვი - 17; 13. კამუი კობაიაში - 17; 14. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 10; 16. სებასტიან ბუემი - 7; 17. პედრო დე ლა როსა - 6; 18. ხაიმე ალგერსუარი - 3

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 312 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 304; 3. ფერარი - 238; 4. მერსედესი - 132; 5. რენო - 106; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 47; 7. უილიამს-კოსუორტი - 40; 8. ზაუბერ-ფერარი - 23; 9. ტორო როსო-ფერარი - 10

No comments:

Post a Comment