”ტოიოტა TF110-ს” გამარჯვებისთვის ბრძოლა შეეძლო
Toyota TF110 Would Have Battled for the F1 Title
24 აგვისტო
”ვირჯინის” გერმანელ პილოტ ტიმო გლოკის განცხადებით, ფორმულა 1-დან რომ არ წასულიყო, ”ტოიოტას” ახალი მანქანით, რომელსაც ამჟამად ”პირელი” თავისი საბურავების გამოსაცდელად იყენებს, ტიტულისთვის ბრძოლა იქნებოდა შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, შარშანდელი სეზონის მიწურულს, ”ტოიოტამ” ფორმულა 1-დან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა იმ მომენტისთვის, ამ სეზონის მანქანის შემუშავების ძირითადი სტადია უკვე დასრულებული იყო. გლოკი ამბობს, რომ TF110-ს მის წინამორბედზე გაცილებით უკეთესი აეროდინამიკური მახასიათებლები ჰქონდა. იგივეს ამტკიცებს ”ტოიოტას” ტექნიკური დირექტორი პასკალ ვასელონი:
”როცა გუნდმა მისი შემუშავება შეაჩერა, მანქანას წინასთან შედარებით, გზასთან 20-30 პროცენტით უკეთესი ჩაჭიდება ჰქონდა. ჩვენ დასახულ მიზნებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. არადა, სამეულისთვის ბრძოლის საშუალებას TF109-იც იძლეოდა. გუნდის დაშლის შემდეგ, მისი აეროდინამიკის სპეციალისტები სხვა გუნდებმა მიიწვიეს და ახლა, ისინი ”ტოიოტაში” ვერგამოყენებულ იდეებს თავიანთ ახალ გუნდებში ნერგავენ”.
იყო შანსი იმისა, რომ ”ტოიოტა TF110” რომელიმე ახალ გუნდს გამოეყენებინა. მის პოტენციურ კლიენტთა შორის, ყველაზე რეალური სერბული ”შტეფანი” მოჩანდა, თუმცა ეს გუნდი დიდი პრიზების ცირკში არ შეუშვეს. მერე კი, მანამ, სანამ ”პირელი” საბურავებით ფორმულა 1-ის ერთპიროვნული მომმარაგებელი გახდებოდა, ეს შესანიშნავი მანქანა არავის გახსენებია და ის ”ტოიოტას” ყოფილ შტაბ-ბინაში, კიოლნში უმოქმედოდ იდგა.
არადა, ვასელონი ამბობს, რომ მანქანა იმ თანამედროვე აეროდინამიკური პაკეტით იყო აღჭურვილი, რომლების დანერგვასაც ტოპ გუნდები მთელი სეზონის განმავლობაში ცდილობენ. მთავარი კი, გუნდის აწ უკვე ყოფილი ტექნიკური დირექტორის აზრით, მანქანის ზემოთ აწეული ცხვირი იყო:
”ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მანქანას ყველაზე მაღლა აწეული ცხვირი ჰქონდა. დიფუზორი ოპტიმალურად სწორედ ამ შემთხვევაში მუშაობს. პირველივე რბოლისთვის კი ჩვენ ვამზადებდით ჩასაბერ დიფუზორს, რომელმაც ”რედ ბულს” თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მისცა. ასე რომ, ”რედ ბულთან” ერთად, ჩვენ ამ ელემენტს პირველები გამოვიყენებდით”.
სხვათა შორის, გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ ”ტოიოტა TF110-ის” გამოყენებით, მიმდინარე სეზონის აშკარა აუტსაიდერი, ”ისპანიაა” დაინტერესებული. უფრო მეტიც, ესპანელები იაპონურ კომპანიასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებას უკვე აწარმოებენ. ოღონდ, აღნიშნული ბოლიდის გადამუშავებული ვერსიის მომავალ სეზონში გამოყენება სურთ.
No comments:
Post a Comment