”დუკატი” იმედოვნებს, რომ ”იამაჰა” როსის ადრე გაუშვებს
Ducati Hope Yamaha Will Let Rossi Go
20 აგვისტო
ახლახანს, მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა წრიულ რბოლებში, იტალიელმა ვალენტინო როსიმ, ”იამაჰასთან” კონტრაქტი აღარ გააგრძელა და იტალიურ ”დუკატისთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით, ლეგენდარული მოტომრბოლი კიდევ უფრო მიუახლოვდა ფორმულა 1-ს, სადაც მისი შესაძლო გადასვლის შესახებ, მითქმა-მოთქმა რამდენიმე წელია, არ წყდება.
მაგრამ სანამ ფორმულაში გადავიდოდეს, როსის ”დუკატისთან” ჩემპიონობა სურს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი სატიტულო მონაგარი კიდევ უფრო გაამდიდროს. მონდომება არც ”დუკატის” აკლია, რომლის ხელმძღვანელობაც იმედოვნებს, რომ ”იამაჰა” როსის დროზე ადრე გაათავისუფლებს კონტრაქტისგან.
ლაპარაკი არაა იმაზე, რომ როსის ამ სეზონშივე მიეცეს ”დუკატით” ასპარეზობის საშუალება. უბრალოდ, იტალიურ გუნდში იმედოვნებენ, რომ ”იამაჰა” როსის ამ სეზონის დასრულებისთანავე გამოუშვებს და არა კალენდარული წლის ბოლოს, როდესაც კონტრაქტი დასრულდება. ამგვარად, როსის ახალი ბაიკის ტესტირების საშუალება ამ სეზონის დასრულებისთანავე მიეცემა.
არადა, მას შემდეგ, რაც როსიმ ”დუკატისთან” კონტრაქტი გააფორმა, ”იამაჰას” შეფმა მასაო ფურუსავამ განაცხადა, რომ იტალიელ მოტომრბოლს ლურჯი ფორმის ტარება წლის ბოლომდე მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ილ დოტორეს” მომავალი სეზონისთვის მომზადებული ”დუკატის” ტესტირების უფლება წელს არ ექნება.
როგორც წესი, კონტრაქტები კალენდარული წლის ბოლომდე ფორმდება, მაგრამ ხშირად, გუნდები თავიანთ ყოფილ მრბოლებს, ახალ გუნდში გადასვლის უფლებას, კონტრაქტის ამოწურვამდე აძლევენ ხოლმე. ბოლო გამონაკლისი 2003 წელს მოხდა, როდესაც ”ჰონდამ” იგივე როსის, ”იამაჰაში” ნაადრევად გადასვლის საშუალება არ მისცა.
”ჩვენ ფურუსავას სურვილს შევუსრულებთ და ბაიკსაც კი ლურჯად შევღებავთ. არ მინდა დავიჯერო, რომ ”იამაჰა” ვალენტინოს ჩვენთან სეზონის დასრულებისთანავე გადმოსვლის საშუალებას არ მისცემს”, - იტალიურ სპორტულ გამოცემა ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა ”დუკატის” გუნდის შეფმა ფილიპო პრეციოზიმ.
პრეციოზი დასძენს, რომ როსისთვის და მისი გუნდისთვისაც დიდი მნიშვნელობა ექნება ერთად მუშაობის ადრე დაწყებას - იტალიელ სუპერ მრბოლს, ახალ ბაიკთან შეგუება მოუწევს. ამ გარემოების გამო, პრეციოზი ვარაუდობს, რომ მომავალ სეზონში გამოკვეთილი ფავორიტი როსის ახლანდელი თანაგუნდელი, ესპანელი ხორხე ლორენსო იქნება.
No comments:
Post a Comment