ეკლსტოუნს დანიცა პატრიკი ფორმულა 1-ში წარმოუდგენია
Ecclestone Would Fancy Danica Patrick's Move to F1
12 აგვისტო
უკვე გადაწყვეტილია, რომ 2012 წლის ფორმულა ერთის კალენდარში აშშ-ის დიდი პრიზი შევა, ოღონდ რბოლას ინდიანაპოლისის ლეგენდარული ტრეკი კი არა, შტატ ტექსასის ქალაქ ოსტინის სრულიად ახალი ავტოდრომი უმასპინძლებს, რომლის პროექტზეც უკვე მუშაობს სარბოლი ტრასების გერმანელი სპეციალისტი ჰერმან ტილკე.
ცნობილია, რომ ამერიკელებს ფორმულა 1 ნაკლებად აინტერესებთ და ისინი უპირატესობას ნასქარის და ინდი ქარის სერიებს ანიჭებენ. ჰოდა, ამერიკელთა მეტად დასაინტერესებლად, ფ1-ის მთავარ პრომოუტერ ბერნი ეკლსტოუნს ჩემპიონატში სრულიად ამერიკული გუნდის გამოჩენა სჭირდებოდა. მაგრამ რამდენადაც პროექტი US F1 უდღეური აღმოჩნდა, ეკლსტოუნი ახლა იმედოვნებს, რომ ფორმულა 1-ში ისეთ ამერიკელ პილოტს მიიყვანს, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევა.
ბერნი არც იმ პილოტის ვინაობას მალავს, რომლის ფ1-ში გამოჩენაც ყველაზე მეტად გაახარებს, რადგან ის მდიდარ ამერიკელ სპონსორებსაც მიიზიდავს. და ეს პილოტი, არც მეტი, არც ნაკლები, ქალია - დანიცა პატრიკი, ერთადერთი ქალი პილოტი, რომელსაც ინდი ქარის რბოლა აქვს მოგებული.
”დანიცა პატრიკის მსგავსი პილოტი ფორმულა 1-ს დიდ ხეირს მოუტანს როგორც პოპულარობის, ასევე სპონსორების მოზიდვის თვალსაზრისით”, - ამბობს 79 წლის ბრიტანელი მილიარდერი, რომლის ხელშიც, ფორმულა 1 ძალიან წარმატებული ბიზნესი გახდა.
ეკლსტონი არ ერიდება იმაზე ლაპარაკს, რომ ფორმულა 1-ში წარმატების მიღწევა გაცილებით ძნელია, ვიდრე ინდი ქარში, რომელიც ფ1-თან შედარებით, სამოყვარულო დონესავითაა. ამიტომ, ის თვლის, რომ კარგი იქნება, თუ ამერიკელები ფ1-ზე თავიანთ მცდარ წარმოდგენას შეცვლიან და მსოფლიო არენაზე წარმატებისთვის მეტად გაირჯებიან.
No comments:
Post a Comment