ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, August 29, 2010

ჰამილტონმა ბელგიაში გამარჯვებით ლიდერობა დაიბრუნა

Hamilton seizes title lead from Webber with Spa win

29 აგვისტო

ამ სეზონში, ჰამილტონმა მესამედ დაიკავა კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური

..............................

ტრადიცია გრძელდება, მცირე გამონაკლისების გარდა, ბელგიის დიდ პრიზზე, პოულის მფლობელი რბოლას ვერ იგებს. ეს ტრადიცია ამ სეზონისთვისაც დამახასიათებელია. ამჯერად, ეს ტრადიცია მარკ უებერმა და ლუის ჰამილტონმა შეინარჩუნეს. პირველმა პოული აიღო, მეორემ კი - რბოლა და ამ გამარჯვებით, ჩემპიონატის ლიდერობაც დაიბრუნა, რომელიც სტარტამდე სწორედ უებერს ეპყრა.
ეს-ესაა, ჰამილტონი ისევ ჩემპიონატის ლიდერი გახდა
..............................

რბოლის ბედი ფაქტობრივად, მის სტარტზევე გადაწყდა, როდესაც ავსტრალიელ პილოტს ”ჩაეძინა” და მან ერთბაშად წინ ხუთი მეტოქე გაატარა. მისი შეცდომით ყველაზე უკეთ კი ჰამილტონმა ისარგებლა, რომელმაც პირველ მოსახვევში ყველას შეასწრო და აქედან მოყოლებული, ლიდერობა ერთხელაც არ დაუთმია.

მიუხედავად იმისა, რომ ლიდერი სტარტიდან ფინიშამდე არ შეცვლილა, რბოლა მაინც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რაშიც თავისი წვლილი ამინდმაც შეიტანა. ჯერ იყო და, მეორე წრეზევე წვიმამ ტრასა ოდნავ დაასველა, რასაც უმალ მოჰყვა ინციდენტი (ფერნანდო ალონსოს რუბენს ბარიკელო დაეჯახა, რომელმაც დამუხრუჭება ვერ შეძლო) და ტრასაზე პეისქარის გამოსვლა.

ალონსოს დამტვრეული მანქანა
..............................

მეორედ პეისქარი რბოლის მიწურულს, ისევ წვიმის გამო გამოჩნდა. და, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, ამჯერადაც ეს გამოსვლა ალონსოს ავარიამ გამოიწვია. ოღონდ, ამჯერად (ფინიშამდე 7 წრით ადრე) ესპანელს მოუცურდა მანქანა. ”ფერარი” გზის გარდიგარდმო გაჩერდა, რამაც ხიფათი შექმნა... სხვათა შორის, სველ ტრასაზე მანქანა ჰამილტონსაც მოუცურდა, თუმცა ”მაკლარენი” დაზიანებას გადაურჩა და პილოტმაც რბოლის გაგრძელება შეძლო. თუმცა, მდევრებთან მისი უპირატესობა 12-დან 5 წამამდე შემცირდა.

წვიმას ბოქსებში პილოტების მასობრივი შესვლა მოჰყვა. და იქ მეორე ადგილის ბედი გადაწყდა - იმ მომენტისთვის მეორეზე მყოფმა პოლონელმა რობერტ კუბიცამ ბოქსში მანქანა უხეიროდ გააჩერა და ამის გამო, მექანიკოსებს თავისი საქმის შესასრულებლად, ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდათ. ყველაფრით კი უებერმა ისარგებლა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ბატონის დამტვრეული მანქანა
..............................
ამ გამარჯვებით, ჰამილტონს 182 ქულა დაუგროვდა და მან 3 ქულით გადაასწრო უებერს. დანარჩენი მდევრები კი - ჯენსონ ბატონი, ალონსო და სებასტიან ფეტელი, საგრძნობლად ჩამორჩნენ, რადგან ვერცერთმა მათგანმა ქულის აღებაც კი ვერ შეძლო. ბატონმა რბოლა ფინიშამდე 29 წრით ადრე შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ფეტელმა გასწრების მანევრის შესრულებისას ვერ მოზომა და ბრიტანელის ”მაკლარენს” შეასკდა და მას რადიატორი დაუზიანა. ფეტელმა ცხვირმოტეხილი ”რედ ბულით” გზა კი განაგრძო, მაგრამ ჯერ ბოქსში სარემონტოდ შესვლა მოუხდა, შემდეგ კი, ინციდენტში რბოლის მარშლებმა, რომლებსაც ნაიჯელ მენსელი ხელმძღვანელობდა, მისი ბრალი დააფიქსირეს და ამისათვის, პიტლეინზე უქმე გავლით დააჯარიმეს. მოკლედ, ფეტელმა რბოლა მე-15 ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება ალონსოს, მასზე უკვე გითხარით.

ჰამილტონმა სტარტზევე იგდო ხელთ ლიდერობა

..............................

ტრასაზე ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე პეისქარის გამოსვლამ, უებერს ლიდერობის დაბრუნების მცირე შანსი მისცა, თუმცა ჰამილტონს შეცდომა აღარ დაუშვია და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, რითაც ამ სეზონში მეამე გამარჯვება იზეიმა. მისი გამარჯვების წყალობით, კონსტრუქტორთა პირველობაზე ”მაკლარენმა” ლიდერ ”რედ ბულ რეისინგთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. ”ფერარი” კი ლიდერს 80 ქულით ჩამორჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარანელოელებს კონსტრუქტორთა პირველობაზე გამარჯვების იმედი შეიძლება აღარც ჰქონდეთ. თუმცა, გამორიცხული არაფერია.

დაბოლოს, ისევ ბელგიური რბოლოს ხელმოცარულებზე. მათგან ცხრილში ყველაზე მაღლა ფეტელი იმყოფება, რომელიც ახლა უკვე, ლიდერს 31 ქულით ჩამორჩება. მისგან 4 ქულაშია ბატონი, რომელსაც ალონსო 6 ქულით ჩამორჩება. ქულების დარიცხვის ძველი სისტემით, ეს ჩამორჩენა საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ჩემპიონობაზე ამ სამეულის შანსები ნულს მიახლოებოდა. მაგრამ ახალი სისტემით, გამარჯვებული 25 ქულას ღებულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰამილტონის და უებერის თითო უქულო რბოლა, მათ მდევრებს საჩემპიონო მარათონში დააბრუნებს. სხვა თუ არაფერი, ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ 6 რბოლაა.

ბელგიის დიდი პრიზი

სპა ფრანკორშანი. წრის სიგრძე 7.004 კმ, 44 წრე, დისტანცია 308.052 კმ

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:29:04.268

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) +00:01.571

3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:03.493

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:08.264

5. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:09.094

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:12.359

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:15.548

8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:16.678

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:23.851

10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:29.457

11. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 00:34.831

12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 00:36.019

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 00:39.895

14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე

15. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1 წრე

16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

17. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1 წრე

18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1 წრე

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1 წრე

20. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 2 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 7 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 29 წრე

გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 39 წრე

გ. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 44 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:49.069, 32-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 182 ქულა; 2. მარკ უებერი - 179; 3. სებასტიან ფეტელი - 151; 4. ჯენსონ ბატონი - 147; 5. ფერნანდო ალონსო - 141; 6. ფელიპე მასა - 109;

7. რობერტ კუბიცა - 104; 8. ნიკო როსბერგი - 102; 9. ადრიან სუტილი - 45; 10. მიხაელ შუმახერი - 44; 11. რუბენს ბარიკელო - 30; 12. კამუი კობაიაში - 21; 13. ვიტალი პეტროვი - 19; 14. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 10; 16. სებასტიან ბუემი - 7; 17. პედრო დე ლა როსა - 6; 18. ხაიმე ალგერსუარი - 4

კოსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 330 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 329; 3. ფერარი - 250; 4. მერსედესი - 146; 5. რენო - 123; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 57; 7. უილიამს-კოსუორტი - 40; 8. ზაუბერ-ფერარი - 27; 9. ტორო როსო-ფერარი - 11

No comments:

Post a Comment