ბარიკელოს მე-300 რბოლა
Rubens Barrichello to Start 300th GP at Spa
24 აგვისტო
ბელგიის დიდი პრიზი მე-300 იქნება ბრაზილიელი რუბენს ბარიკელოსთვის, რომელმაც გასული 18 სეზონის განმავლობაში, 11 რბოლა მოიგო, კვარცხლბეკზე 68-ჯერ ავიდა და სულ 637 ქულა დააგროვა. 38 წლის პილოტმა თავისი ცხოვრების თითქმის ნახევარი დიდი პრიზების ცირკში გაატარა და ძნელი წარმოსადგენია, მის გარდა, ოდესმე კიდევ ვინმემ შეძლოს სტარტზე 300-ჯერ გამოსვლა.
ამ 18 წლის განმავლობაში, რუბინიომ სულ 5 გუნდი გამოიცვალა, ორჯერ ახლოს (მათემატიკურად) იყო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან. ერთხელ ”ფერარისთან”, მეორედ კი შარშან - ”ბრაუნთან” ერთად. თავისი კარიერის დასაწყისში კი, 1994 წლის სან მარინოს დიდ პრიზზე, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ის იყო მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ფორმულა 1-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) პილოტის, ბრაზილიელი აირტონ სენას პროტეჟე, იმ სენასი, რიომელიც სან მარინოს იმავე რბოლისას დაიღუპა.
”ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ სპორტში ასე დიდი ხნის განმავლობაში. ახლა კი წარმოუდგენელ ზღვარს მივაღწიე, რაც კიდევ უფრო მახარებს. ვეტერანი ვარ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები და დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს შევძლებ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას”, ბელგიური დიდი პრიზის წინ განაცხადა ბარიკელომ.
ბელგიური რბოლისთვის კარგადაა მომზადებული მისი გუნდი ”უილიამსი”, რომელმაც რამდენიმე სიახლე დაამატა თავის ბოლიდს, რათა ბრაზილიელ პილოტს თავის გამოჩენაში დაეხმაროს. მართალია, აქამდე ”უილიამსი” საშუალო გუნდების სიაშია, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ისეთ სწრაფ ტრასაზე, როგორიც სპა ფრანკორშანია, ბარიკელომ და კომპანიამ სიურპრიზი შემოგვთავაზოს.
რუბინიოს ისედაც ყველაზე მეტ რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2008 წლის თურქეთის დიდი პრიზი მის კარიერაში სარეკორდო, 256-ე იყო (იტალიელი რიკარდო პატრეზეს ძველი რეკორდი გააუმჯობესა). შარშან კი, მონაკოს დიდი პრიზის 47-ე წრეზე, მან მიხაელ შუმახერის რეკორდი გააუმჯობესა - 13 909-ზე მეტი წრე გაიარა.
No comments:
Post a Comment