მიმდინარე სეზონში ”ფერარი” ყველაზე საიმედო მანქანაა
Ferrari most reliable team in 2010 – report
12 აგვისტო
ფორმულა 1-ის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 12 რბოლა ჩატარდა (19-დან) და მათი შედეგების მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაზე სტაბილური მანქანა ”ფერარის” ჰყავს. რაც შეეხება სეზონის ლიდერ ”რედ ბულს”, რომელიც პილოტების და კონსტრუქტორების პირველობებზეც ლიდერია, ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ მეორე ადგილი უკავია.
მანქანების საიმედოობის სტატისტიკა გერმანულმა გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტმა” გამოაქვეყნა. ამ სტატისტიკის მიხედვით, ”ფერარის” F10-მა, რომლის საჭესაც ესპანელი ფერნანდო ალონსო და ბრაზილიელი ფელიპე მასა უზიან, განვლილ რბოლებში, 1474-დან 1471 წრე გაიარა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.
”რედ ბულ რეისინგის” პილოტებს - ჩემპიონატის ავსტრალიელ ლიდერ მარკ უებერს და გერმანელ სებასტიან ფეტელს 98 წრით ნაკლები აქვთ გავლილი. თუმცა, ”ფერარი” კონსტრუქტორების ჩემპიონატზე მაინც მესამეა, იტალიური გუნდის პილოტებიდან კი საუკეთესო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალონსოა, ვისაც ჯერ მხოლოდ მეხუთე ადგილი უკავია.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ”ფერარის” პილოტმა ფინიშს ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მიაღწია, მალაიზიაში დაფიქსირდა - იქ ალონსოს მანქანაზე მწყობრიდან ძრავი გამოვიდა. ამ 12 რბოლის განმავლობაში, არც ალონსოს და არც მასას, ავარია არ მოსვლიათ. სხვათა შორის, მიმდინარე ჩემპიონატში, სულ ორი გუნდია, რომლის არცერთ პილოტსაც აქამდე ჯერ ერთი ავარიაც არ მოსვლიათ. ”ფერარის” გარდა, ამით ”მერსედესის” პილოტებიც დაიკვეხნიან.
შედარებისთვის, ”რედ ბულს” 12 რბოლაში ერთი ტექნიკური პრობლემა და ორი ავარია აქვს, ”მაკლარენს” კი - ორი ტექნიკური პრობლემა და ერთი ინციდენტი. ტოპ გუნდებში ყველაზე უარყოფითი მონაცემები ”რენოს” დაუგროვდა, რომლის პილოტებმაც, რბოლის დასრულება 4-ჯერ ტექნიკური პრობლემების და ორჯერ ავარიის გამო ვერ შეძლეს.
რაც შეეხება ყველაზე ნაკლებად საიმედო მანქანებს, ამ მხრივ ”ლიდერები” ”ვირჯინი” და ”ზაუბერი” არიან, რომელთა პილოტებმაც, ტექნიკური პრობლემების გამო, შესაბამისად, 11 და 10 რბოლის დასრულება ვერ შეძლეს. ახალ გუნდებში ყველაზე გამძლე ტექნიკა ”ისპანიას” აქვს, რომლის პილოტებმაც ტექნიკური გაუმართაობის გამო, 8-ჯერ ვერ მიაღწიეს ფინიშს. ”ლოტუსის” შესაბამისი მაჩვენებელი 9 დაუმთავრებელი რბოლაა.
No comments:
Post a Comment