უებერის ბელგიური პოული
Webber puts Red Bull on pole in Belgium
28 აგვისტო
ბელგიური და იტალიური ეტაპების წინ, ”რენოს” ხელმძღვანელობა ჩიოდა, რომ ძრავების გათანაბრების საშუალება არ ეძლევათ და ამდენად, მათი ძრავებით აღჭურვილი მანქანები, ამ ორ სწრაფ ტრასაზე არაკონკურენტუნარიანი იქნებოდა. მაგრამ ”რენოს” ძრავებით მოასპარეზეებს, ბელგიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის პირველი სამი ადგლის დაკავებამდე ცოტა დააკლდათ.
პოულ პოზიცია ჩემპიონატის ლიდერმა, ”რენოს” აგრეგატით აღჭურვილი ”რედ ბულის” ავსტრალიელმა მარკ უებერმა დაიკავა. ერთადერთი პილოტი, რომელმაც ”რენოს” კოჰორტის შემოტევას გაუძლო, ”მერსედესის” ძრავით მოასპარეზე ბრიტანელი ლუის ჰამილტონია, რომელსაც ბოლო ცდაზე, პოულ პოზიციამდე სულ რაღაც, 0.085 წამი არ ეყო.
ისევე როგორც პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე, ჰამილტონის შემდეგ, ცხრილში ”რენოს” პოლონელი რობერტ კუბიცაა, რომელმაც ნარბოლევს განაცხადა, რომ მის მანქანაზე საწვავის მიწოდების სისტემა გამართულად არ მუშაობდა. ასეა თუ ისე, ის თავისი შედეგით კმაყოფილი დარჩა.
ისევე როგორც პარასკევს, ამინდმა კვალიფიკაციის დროსაც იჭირვეულა, თუმცა რბოლის მსვლელობისას, ტრასა თანდათან შეშრა. წვიმა მხოლოდ მესამე სესიის მიწურულს წამოვიდა და გზის საფარის რიგიანად დასველება ვერც მოასწრო, თუმცაღა, პილოტებს საუკეთესო შედეგების ჩვენებაში ხელიკი შეუშალა. და მაინც, ჰამილტონმა სწორედ დასველებულ ტრასაზე შეძლო კუბიცას ჯობნა.
პარასკევს უებერი 34 წლის გახდა და კვალიფიკაციის მოგებით, საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. თუმცა, ეს ჯერ საქმის მესამედიც არაა, რადგან პოულისთვის ქულებს არ იძლევიან და ამდენად, მთავარი საქმე მასაც და მის მეტოქეებსაც რბოლაში ელით. ებოლა კი ძნელი და არაპროგნოზირებადი იქნება, რადგან სინოპტიკოსები ცვალებად ამინდს ვარაუდობენ. თანაც, ბელგიის ბოლო ხუთი დიდი პრიზიდან, პოულის მფლობელს რბოლა მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული. ეს კარგად ესმის ოზ პილოტსაც.
”ეს შესაანიშნავი ადგილია და ორმაგად სასიხარულოა, რომ პოულს დავეუფლე, მაგრამ ამ სეზონში რამდენჯერმე ვნახეთ, რომ პოული რბოლაში ბევრს არაფერს გვაძლევს. აქაური ამინდის პროგნოზირება შეუძლებელია. თან, წვიმა შეიძლება ალაგ-ალაგ მოდიოდეს. ასე რომ, რბოლა ლატარეას ემსგავსება ხოლმე. თუმცა, ამჯერად დღეს პოულის მოგება არ გამჭირვებია”, - ნარბოლევს განაცხადა უებერმა.
ცნობისათვის, ჩემპიონატის ლიდერს ამ სეზონში ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ოთხი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ჰამილტონს. რაც შეეხება იმას, რომ ამ სეზონში პოულის მომგებ პილოტებს არ უმართლებთ, ამის დასტურად, ”რედ ბულის” გერმანელი სებასტიან ფეტელის სტატისტიკას მოგიყვანთ: ფეტელის ანგარიშზე უკვე შვიდი პოული და მხოლოდ ორი გამარჯვებაა. ამ ორიდანაც, პოულიდან მხოლოდ ერთი დაიწყო.
ხელი მოეცარა ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს, რომელიც თავისუფალ პრაქტიკებზე კი ვარგოდა, მაგრამ კვალიფიკაციაზე თავი ვერაფრით გამოიჩინა. ეს მაშინ, როდესაც მისი ბრაზილიელი თანაგუნდელი ფელიპე მასა რბოლას მეექვსე ადგილიდან დაიწყებს.
ბელგიის დიდი პრიზი
კვალიფიკაციის შედეგები
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:45.778
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.863
3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:46.100
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:46.127
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:46.206
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:46.314
7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:46.602
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:46.659
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:47.053
10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:47.441
- - - - - - - - - -
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:47.874
12. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:47.885
13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:48.267
14. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:48.680
15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:49.209
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:50.980
17. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:52.049
- - - - - - - - - -
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2:01.491
19. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 2:02.284
20. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2:03.612
21. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 2:03.941
22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 2:05.294
23. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 2:18.754
No comments:
Post a Comment