ალონსო ფორმულა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტია
Fernando Alonso, the Highest Paid F1 Driver in 2010, at EUR30 Million
20 აგვისტო
ესპანურ გამოცემა ”ელ მუნდოს” მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია გვამცნობს, რომ მიმდინარე სეზონში, ფორმულა 1-ის პილოტებს შორის, ყველაზე მეტი ანაზღაურება ესპანელ ფერნანდო ალონსოს (სურათზე) აქვს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ”ფერარისგან” წლიური ხელფასის სახით, ამ სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, მას სხვა სოლიდური შემოსავლებიც აქვს სარეკლამო აქციებში მონაწილეობიდან და პირადი კონტრაქტრბიდან.
სხვათა შორის, ანალოგიური ინფორმაციები რეგულარულად ვრცელდება, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდის, ისინი არ დასტურდება. მაგალითად, შარშანაც იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ფორმულა 1-ში ყველაზე დიდი ანაზღაურება ”ფერარის” ფინელ კიმი რაიკონენს ჰქონდა. მაშინაც ლაპარაკი არაერთ ათეულ მილიონ ევროზე იყო, მაგრამ როდესაც იტალიურმა საჯინიბომ კონტრაქტის გამოსყიდვა მოინდომა, რაიკონენს მხოლოდ 17 მილიონი ევრო გადაუხადა.
ამგვარად, ”ელ მუნდოს” მონაცემები შეიძლება გადაჭარბებული იყოს. თუმცა, მაინც საინტერესოა ის ფაქტი, რომ ესპანური გამოცემის ვერსიით, მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტი - ბრიტანელი ლუის ჰამილტონის ხელფასი ალონსოსაზე თითქმის ორჯერ ნაკლები, ”მხოლოდ” 16 მილიონი ევროა. 14 მილიონით, მესამეზე ალონსოს ბრაზილიელი თანაგუნდლი ფელიპე მასაა.
”ელ მუნდოს” სიაში მეოთხე ადგილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბრიტანელ ჯენსონ ბატონს აქვს, ვინც ”მაკლარენისგან” 9 მილიონ ევროს მიიღებს. მასზე მილიონით ნაკლები აქვს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს, რომელიც დიდი პრიზების ცირკში დაბრუნების შემდეგ, ერთხელაც ვერ ასულა გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე. 8 მილიონს იღებს შუმახერის თანაგუნდელი და თანამემამულე ნიკო როსბერგი. 7.5 მილიონით, შემდეგი ”რენოს” პოლონელი რობერტ კუბიცაა.
ბრაზილიელ ვეტერან რუბენს ბარიკელოს წლიური ანაზღაურება 5.5 მილიონი ევროა და სიაში მხოლოდ მის შემდეგ იმყოფებიან მიმდინარე სეზონის ლიდერ ”რედ ბულ რეისინგის” პილოტები - ავსტრალიელი მარკ უებერი და გერმანელი სებასტიან ფეტელი. პირველის ხელფასი 4.4 მილიონი ევროა, მეორისა კი - 2 მილიონი. არადა, ჩემპონატში მათ პირველი და მესამე ადგილები უკავიათ.
No comments:
Post a Comment