ვალენსიაში ”ფერარი” ”ჩასაბერ” დიფუზორს გამოიყენებს
Ferrari confirms new exhaust layout for 2010 car
23 ივნისი
ეგრეთ წოდებული ”ჩასაბერი” დიფუზორი ის მთავარი აეროდინამიკური სიახლეა, რომელიც ”რედ ბულ რეისინგის” პილოტებს დიდ უპირატესობას ანიჭებს და რომლის წყალობითაც, ავსტრიული კომპანიის გუნდი პრაქტიკულად ყველა ტიპის ტრასაზე მეტოქეებს ერთი თავით სჯობნის.
მაგრამ, მალე ანალოგიურ კონსტრუქციას მეტოქე გუნდებიც შეიმუშავებენ და მაშინ გამოჩნდება, ”რედ ბულის” პილოტები მარტო მის ხარჯზე აღწევენ სოლიდურ უპირატესობას, თუ ედრიან ნიუიმ მათთვის კიდევ რაღაც საოცრება შექმნა. პირველი გუნდი, რომელიც ”ჩასაბერ” დიფუზორს გამოიყენებს, ”ფერარია”.
”ჩასაბერი” დიფუზორი გამონაბოლქვი აირების ენერგიას იყენებს. მისი კარგი თვისება ისაა, რომ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, აირის გამოტყორცნის ენერგია იზრდება და აეროდინამიკური ეფექტიც უმჯობესდება. დაბალ სიჩქარეზე კი გამონაბოლქვი აირის სიჩქარე მცირდება. შესაბამიად, მცირდება უკანა ბორბლებზე დინამიკური დატვირთვა. ეს კი განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც მოსახვევის გავლისას, მანქანას არასაკმარისი მოხვევადობისკენ აქვს მიდრეკილება. მოკლედ, ”ჯადოსნური” გამონაბოლქვი აირის წყალობით, მანქანა გაცილებით უკეთ დგას სწორი მონაკვეთების და მოსახვევების გავლისას.
სწორედ ამ ელემენტს გამოიყენებს ევროპის დიდ პრიზზე, რომელსაც ვალენსია უმასპინძლებს, ”ფერარი”. ამასთან, იტალიურმა საჯინიბომ ამ რბოლისთვის კიდევ რამდენიმე სიახლე მოამზადა, რომლებიც ”ჩასაბერი” დიფუზორის თანმდევი ელემენტებია. ყველა ამ სიახლის გასასინჯად, მარანელოელთა ესპანელმა ტესტ პილოტმა მარკ ჟენემ ერთდღიანი ტესტები ჩაატარა ვაირანოს ტრასაზე. ის რომ სიახლეებს ამოწმებდა, ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა სიმულატორზე ვარჯიშობდნენ და ასე ვირტუალურად გამოსცადეს ის ელემენტები, რომელთა წყალობითაც, ვალენსიაში გამარჯვების იმედად ჩავლენ.
”ფერარიში” იმედოვნებენ, რომ ვალენსიაში, რომლის ტრასის მახასიათებლები მონრეალისასთან ახლოსაა, მათი პილოტები ისევე კარგად იასპარეზებენ, როგორც კანადაში, სადაც ალონსო კვარცხლბეკზე ავიდა და გამარჯვებულ ლუის ჰამილტონს რამდენიმე წამით ჩამორჩა.
No comments:
Post a Comment