მომავალ სეზონში კერს-ის გამოყენება დაიშვება
KERS a bigger boost in 2011
19 ივნისი
კანადის დიდი პრიზის დღეებში, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ტექნიკური განყოფილებების ხელმძღვანელებმა თათბირი ჩაატარეს, რომელზეც გადაწყდა, რომ მომავალი სეზონისთვის, კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) გამოყენებაზე მორატორიუმი მოიხსნას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან, გუნდების უმეტესობა ამ სისტემას თავის მანქანებზე დააყენებს.
კერს-ი დამუხრუჭების დროს გამოყოფილ ენერგიას აგროვებს და შემდგომ მას პერიოდულად იყენებს, რაც მცირე ხნით, ავტომობილის ძრავის სიმძლავრეს ზრდის. გასულ სეზონში, კერს-ის ენერგოტევადობა მაქსიმუმ 400 კილოჯოულით იყო შეზღუდული. მაგრამ მომავალი სეზონიდან, ”ფერარიმ” და ”რენომ” მისი გაორმაგება მოითხოვეს.
მაგრამ ამის წინააღმდეგ წავიდა ”მერსედესი” და მისი ძრავების კლიენტი გუნდები, რომლებიც იმიტაც კი დაიმუქრნენ, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებენ, თუ რეგლამენტის გადახედვის საშიშროება წარმოიქმნებოდა. გარდა ამისა, მოთხოვნილ იქნა, რომ ავტომობილების მინიმალური წონა, 620-დან 645 კილოგრამამდე გაიზარდოს.
სწორედ კერს-ის სიმძიმე იყო ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც გასულ სეზონში ამ სისტემის არაპოპულარობა განაპირობა. საქმე ისაა, რომ შარშან მანქანების მინიმალური წონა 605 კილოგრამი იყო. კერს-ის და მის მიერ გამომუშავებული ენერგიის შესანახად განკუთვნილი აკუმულატორების სიმძიმის გამო კი, გუნდებს ძალიან უჭირდათ ამ წონასთან მიახლოება. ამის გამო, ისინი ვერ ახერხებდნენ ბალასტის გამოყენებას, რაც მათ სხვადასხვა ტრასებზე ავტომობილის წონის სხვადასხვაგვარად განაწილებაში და დაბალანსებაში ეხმარება.
ახლა კი, მინიმალური წონა გაზრდილია და კერსის გარდა, გუნდებს ბალასტის ეფექტურად გამოყენების საშუალებაც მიეცემათ. ”ფერარის” შეფმა სტეფანო დომენიკალიმ სწორედ ამ შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როგორც ყველაზე საჭიროს. მანვე აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, კერს-ის ტევადობაც გაზრდილიყო.
”ფერარიმ”, ”უილიამსმა” და ”რენომ” უკვე დაადასტურეს, რომ მომავალ სეზონში კერს-ს გამოიყენებენ. სხვები კი, მათ შორის ”მერსედესი”, არ ჩქარობენ, თუმცა ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ ისინი ამ საკითხში არავის ჩამორჩებიან. სხვა თუ არაფერი, შარშან კერს-ს ყველაზე ეფექტურად და თანაც, სეზონის ბოლომდე, ”მაკლარენი” იყენებდა.
”მერსედესის” შეფი როს ბრაუნი ამბობს, რომ კერს-ის გამოყენება უფრო მეტი ეფექტის მომტანი გახდება, თუ რეგლამენტი ისეთი უკანა ფრთის გამოყენებას დაუშვებს, რომელსაც დახრის კუთხის რეგულირების მექანიზმი ექნება. ის თვლის, რომ ამ მექანიზმის გამოყენებით, ზოგიერთი ტრასის სწორი მონაკვეთის ბოლოს, მანქანების მაქსიმალური სიჩქარე 15 კმ/სთ-ით გაიზრდება. ის ამბობს, რომ ცვალებადი ფრთა კერს-ის გამოყენებისას ავტომობილის მდგრადობის გასაუმჯობესებლად მისწრება იქნება. ორივე ერთად კი, წრის გავლის საშუალო სიჩქარეს გაზრდის.
No comments:
Post a Comment