მონრეალის ტრასის ერთი წრე მარკ უებერთან ერთად
Canadian Grand Prix with Mark Webber
10 ივნისი
თურქეთის დიდი პრიზიდან უკვე ათი დღე გავიდა და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის კანადური ეტაპის დროც მოვიდა. დიდი პრიზების ქარავანს ამჯერად ჟილ ვილნევის სახელობის ავტოდრომი უმასპინძლებს, რომელზეც მეგზურობას, ტრადიციულად, ”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი (სურათზე) გაგვიწევს.
”კანადის დიდი პრიზი, ქალაქში არსებული შესანიშნავი ატმოსფეროთი და რესტორნებით, ასევე პილოტირებისთვის ძალიან ძნელი ტრასით გამოირჩევა. ტრასის სიგრძე 4.4 კილომეტრია, გასავლელი გვაქვს 70 წრე - სულ 305 კილომეტრი. ტრასას ოთხი ჩქაროსნული მონაკვეთი, ორი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის სამი იდეალური ადგილი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე კი 323 კმ/სთ-ს აღწევს.
პირველი მოსახვევის წინ ძალიან მკვეთრი დამუხრუჭება გვიწევს. მანქანა თითქმის ჩერდება. მას მეორე მოსახვევი მოსდევს, სადაც ჩატევა კიდევ უფრო ძნელია. თუმცა, მასში სიჩქარე თანდათან მატულობს. აქ, აჩქარებით მოძრაობისას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავების გზასთან ჩაჭიდების ხარისხს. ამ ადგილიდან რბოლას ყოველთვის ძალიან ბევრი მაყურებელი ადევნებს თვალს, მარცხენა მხარეს კი მდინარის დანახვაც შეიძლება.
პირველი ”ესის” წინ ვამუხრუჭებთ და ბორდიურების გამოყენებით, დიდი სიჩქარის შენარჩუნებას ვცდილობთ. ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ თუ ბორდიურის მარჯვენა მხარეს ღრმად შევალთ, კედელთან შეხება გარდაუვალი იქნება. შემდეგ გასავლელია სწრაფი ტეხილი, რომელიც ყველა პილოტს ძალიან მოსწონს. ამას მოსდევს მკვეთრი მოსახვევი, რომლის წინაც, კვლავ მკვეთრად დამუხრუჭებაა საჭირო. აქაც რბოლას უამრავი მაყურებელი ადევნებს თვალყურს.
შემდეგ ისევ აჩქარება და გზის სიახლოვეს ისევ კედელია. ეს ძალიან მიმზიდველი ადგილია. ისევ შეიძლება მდინარის დანახვა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მალე ისევ მუხრუჭების ამოქმედება გვიწევს, რათა მორიგი ”ესი” გავიაროთ. აქაც ბორდიურებს ვიყენებთ, გამოსასვლელში კი მაქსიმალურად ვუახლოვდებით კედელს. მერე კი ტრასის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი გველის, სადაც მაყურებელი მოუთმენლად ელის გასწრებებს.
და ისევ მკვეთრი დამუხრუჭება. გადავდივართ მეორე, ან შეიძლება პირველ საფეხურზეც კი - ეს კოლოფში გადაცემების ფარდობაზეა დამოკიდებული. აქედან უკანა სწორზე გავდივართ, რომლის ბოლოსაც ბოქსებში შესასვლელია. ამ სწორზე სიჩქარე 300 კმ/სთ-ზე მეტია, მის ბოლოს კი გასწრებისთვის კიდევ ერთი კარგი ადგილი გველის.
მესამე ”ესის” წინ ისევ მუხრუჭებს ვიყენებთ. მოსახვევების ეს მონაკვეთი ძალიან ვიწროა და აქ შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია. თუ შეცდით, ბეტონის კედელი არსად გაგიშვებთ. და თუ გაივლით, მაშინ სტარტ/ფინიშის სწორზე გახვალთ და შემდეგ წრეზე წასვლასაც შეძლებთ. მოკლედ, ძალიან ძნელი ტრასაა, თუმცა მისი კარგად გავლა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ”.
No comments:
Post a Comment