ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, June 27, 2010

ფეტელმა მოიგო და საჩემპინო ბრძოლას დაუბრუნდა

Vettel charges to European GP victory

27 ივნისი

ფეტელი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს დაუბრუნდა
..........................................

”რედ ბულ რეისინგის” გერმანელი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ევროპის დიდი პრიზი, რომელსაც ესპანეთის ქალაქ ვალენსიას ტრასამ უმასპინძლა. რბოლა ფეტელის თანაგუნდელის, ავსტრალიელი მარკ უებერის შემზარავი ავარიით აღინიშნა, რომელიც საბედნიეროდ, ოზი პილოტისთვის ტრავმის გარეშე დასრულდა.

დაკიდევ, რბოლა ბრწყინვალედ (ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც) ჩაატარა ”ზაუბერის” იაპონელმა კამუი კობაიაშიმ, რომელმაც ფინიშამდე სამიოდე წრით ადრე შეცვალა საბურავი და შემდეგ, ორი შესანიშნავი გასწრება შეასრულა, რითაც მართალია, მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უებერის ავარიიდან თითქმის ფინიშამდე, ადვილად უმკლავდებოდა მსოფლიო ჩემპიონ ჯენსონ ბატონის შეტევებს.

ჰამილტონმა (მარცხნივ) სტარტზევე სცადა ფეტელის (მარჯვნივ) გასწრება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა
..........................................

ფეტელისა და კობაიაშის გარდა, რბოლას კიდევ ერთი გმირი ჰყავდა. და ეს გმირი ისევდაისევ, ლუის ჰამილტონია, რომელსაც ტრასაზე პეისკარის გამოსვლის დროს დაშვებული შეცდომა რომ არა, რის გამოც პიტლეინზე საჯარიმო გავლამ მოუწია, თავისუფლად შეეძლო მოგება. თუმცა, ამ შემთხვევაში მისთვის მეორე ადგილიც კარგი შედეგია, რადგან მისი წყალობით, ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა და ახლა მეორეზე მყოფ თანაგუნდელ ბატონს, რომელმაც ვალენსიური რბოლა მესამეზე დაასრულა, სამის ნაცვლად ექვსი ქულით უსწრებს.

სტარტი ძალიან საინტერესო გამოდგა, უებერმა რეაგირება დააგვიანა და მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა. სამაგიეროდ, ფეტელმა შეძლო მოწინავე პოზიციის შენარჩუნება. მარტალია, ერთ მომენტში მას ჰამილტონმა ლამის გაასწრო, მაგრამ გერმანელმა საბოლოოდ მაინც შეძლო მეტოქის შეტევის მოგერიება. ჰამილტონს კი ამასობაში ფერნანდო ალონსო წამოეწია და გვერდშიც ამოუდგა, თუმცა ალბიონელმა წინ გასვლის საშუალება არ მისცა.

კამუი კობაიაშიმ ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა

..........................................

მერვე წრეზე უებერი ბოქსებში შევიდა, სადაც მის მანქანას მაგარი საბურავი დაუყენეს. ტრასაზე სულ ორი წრის დაბრუნებული იყო, რომ ფინელ ჰეიკი კოვალაინენის ”ლოტუსს” (ამ გუნდისთვის ეს მე-500 რბოლა იყო) შეეჯახა. კოვალაინენს ტრასის შუა ნაწილი ეკავა და რამდენადაც ორივენი ერთსადაიმავე წრეზე იმყოფებოდნენ, მან თავდაცვა სცადა. მაგრამ ავსტრალიელის ”რედ ბული” აშკარად უფრო სწრაფი იყო. თანაც, მოულოდნელად, ის ”ლოტუსის” მიერ დატოვებულ გაუხშოებულ არეში მოხვდა, რამაც უებერის მანქანა მისკენ ”მიიზიდა”. უებერმა ჯერ მარცხნიდან სცადა გვერდის ავლა, მაგრამ მოულოდნელად კოვალაინენმაც მანქანა იქით მიმართა. ამჯერად, უებერმა მარჯვივ აიღო, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა - მისი მანქანა კოვალაინენისას შეეჯახა. მოულოდნელად, ”რედ ბულმა” ცხვირი ასწია, თითქმის ვერტიკალური მდგომარეობა დაიჭირა და შემდეგ, ასფალტზე ამობრუნებული დაეცა. შემდეგ ისევ გადატრიალდა და ტრასის მიღმა ზღუდემდე მუცელზე ისრიალა. იქ კი ბორბლების დამცავ ზოლს შეასკდა და გაჩერდა. საბედნიეროდ, უებერმა თავადვე დატოვა თავისი ბოლიდის ნამტვრევები, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მცირე ასეთ შემზარავ ავარიას ტრავმის გარეშე გადაურჩა.

ტრასაზე პეისკარი გამოვიდა, რასაც ბოქსებში პილოტების მასობრივად შესვლა მოჰყვა. მაგრამ სამ პილოტს, მათ შორის კობაიაშის, ეს არ გაუკეთებია და ამის წყალობით, იაპონელი პილოტი ლიდერების - ფეტელის და ჰამილტონის უკან აღმოჩნდა. სხვათა შორის, პეისკარი რომ ტრასაზე გამოდიოდა, ჰამილტონმა მას გზა არ დაუთმო. ეს კი სტიუარდების განხილვის საგანი გახდა. მათ ჩათვალეს, რომ იმ მომენტში, როდესაც ჰამილტონმა პეისკარს გაასწრო, ეს უკანასკნელი ბოქსიდან გამოსასვლელსა და ტრასის ძირითად გზას შორის არსებულ გამყოფ ზოლს გაცდენილი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ტრასაზე იმყოფებოდა და ამ დროს, მისი გასწრება არ შეიძლება. ჰამილტონმა კი გაასწრო და პიტლეინზე ტყუილად გავლით დაისაჯა. თუმცა, ამის მიუხედავად, მან მეორე ადგილი მაინც შეინარჩუნა. და ეს იმის წყალობით, რომ კობაიაშიმ დანარჩენი პილოტები თავისი, არცთუ მაღალი ტემპით ატარა და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არც არავინ გაატარა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როცა სტიუარდებმა ჰამილტონის დასჯა გადაწყვიტეს, ის და ფეტელი მდევრებისგან კარგა შორს იმყოფებოდნენ. ტრასაზე ჰამილტონმა ზედ კობაიაშის წინ გამოსვლა მოასწრო. სამაგიეროდ, ფეტელს 15 წამზე მეტით ჩამორჩა.

კობაიაში ბოქსში ფინიშამდე 4 წრით ადრე შევიდა, რათა რეგლამენტი არ დაერღვია - რეგლამენტით, პილოტი ვალდებულია, რბოლის განმავლობაში, მინიმუმ ერთხელ მაინც შეცვალოს რეზინი. სამწუხაროდ, ტრასაზე დაბრუნებული, ის მე-9 ადგილზე აღმოჩნდა. მაგრამ ახალი რეზინის წყალობით, ჯერ ალონსოს გაუარა, ბოლო მოსახვევში კი ”ტორო როსოს” შვეიცარელ სებასტიან ბუემიც უკან მოიტოვა და ფინიშს მეშვიდემ უწია.

ევროპის დიდი პრიზი

ვალენსია. ტრასის სიგრძე 5.419 კმ, 57 წრე, რბოლის დისტანცია 308.883 კმ

რბოლის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:40:29.571

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:05.042

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:07.658

4. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 00:20.627

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:22.122

6. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:25.168

7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:30.965

8. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 00:31.299

9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:32.809

10. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 00:42.414

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:43.287

12. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:44.382

13. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 00:45.890

14. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:46.621

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:48.239

16. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:48.826

17. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1 წრე

18. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 2 წრე

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

20. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 4 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 8 წრე

გ. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 49 წრე

გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 52 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ჯენსონ ბატონი - 1:38.766, 54-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 127 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 121; 3. სებასტიან ფეტელი - 115; 4. მარკ უებერი - 103; 5. ფერნანდო ალონსო - 96; 6. რობერტ კუბიცა - 83; 7. ნიკო როსბერგი - 74; 8. ფელიპე მასა - 67; 9. მიხაელ შუმახერი - 34; 10. ადრიან სუტილი - 31; 11. რუბენს ბარიკელო - 19; 12. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 13. სებასტიან ბუემი - 9; 14. კამუი კობაიაში - 7; 15. ვიტალი პეტროვი - 6; 16. ხაიმე ალგერსუარი - 3; 17. პედრო დე ლა როსა - 1; 18. ნიკო ჰულკენბერგი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. მაკლარენ-მერსედესი - 248 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 218; 3. ფერარი - 163; 4. მერსედესი - 108; 5. რენო - 89; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 43; 7. უილიამს-კოსუორტი - 20; 8. ტორო როსო- ფერარი - 12; 9. ზაუბერ-ფერარი - 8

No comments:

Post a Comment