უებერი ”რედ ბულში” რჩება
Red Bull extends Webber's contract
7 ივნისი
”რედ ბულ რეისინგმა” გამოაცხადა, რომ კონტრაქტი ერთი წლით გაუგრძელა თავის ავსტრალიელ პილოტს, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ერთპიროვნულ ლიდერ მარკ უებერს. 33 წლის პილოტისთვის, ეს ბრწყინვალედ დაწყებული სეზონის ლოგიკური გაგრძელებაა - მიმდინარე ჩემპიონატის პირველი შვიდი ეტაპიდან, მან ორი მოიგო, ოთხჯერ კი პოულ პოზიციას დაეუფლა. კიდევ ერთი რეალური გამარჯვება კი იმის გამო დაკარგა, რომ თურქეთის ეტაპზე, მას თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი დაეჯახა.
ცნობილია, რომ ”რედ ბულ რეისინგი” და უებერი კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში შეუდგნენ, ესპანეთის დიდი პრიზის შემდეგ კი ფაქტობრივ შეთანხმებას მიაღწიეს. სტამბულური ინციდენტის შემდეგ, ბევრმა იფიქრა, რომ ავსტრიული კომპანიის გუნდი ავსტრალიელის შენარჩუნებაზე უარს იტყოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
”მოლაპარაკებას სეზონის დაწყებისთანავე შევუდექით. გადაწყვეტილების მიღება არ გაგვჭირვებია. ესპანეთში კი ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო. კონტრაქტის გაგრძელება ორივე მხარეს სურდა. ყველას კარგად ესმის, რომ ჩემი კარიერის ამ ეტაპზე, ფორმულა 1-ში მარტო იმისთვის დარჩენას არ ვაპირებ, რომ სტატისტის როლში ყოფნას დავჯერდე.
მთელ გუნდთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მილტონ კეინსის ბაზაზე კი თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან მსიამოვნებს, როცა თავს ამ გუნდის წევრად ვგრძნობ, რომელთან ერთადაც, ”რედ ბული” საშუალოდან ტოპ საჯინიბოდ ჩამოყალიბდა. იმეიდ მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ახალ წარმატებებს მივაღწევთ და საბოლოო მიზნამდეც მივალთ - ჩემპიონები გავხდებით”, - ამბობს უებერი.
ავსტრალიელ პილოტთან კონტრაქტის გაგრძელებით კმაყოფილია გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერიც: ”კითხვაც არავის გასჩენია იმაზე, თუ რატომ უნდა შეგვენარჩუნებინა მარკი. ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და თან, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. სხვა თუ არაფერი, პილოტების კლასიფიკაციაში ლიდერობს. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმის გამო, რომ მარკი და სებასტიანი ზედიზედ მესამე სეზონს გაატარებენ ჩვენთან”.
ახლა, როცა გაირკვა, რომ ”რედ ბულ რეისინგს” მომავალი სეზონისთვის ვაკანსია არ აქვს, დიდი ალბათობით (99 პროცენტით) შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯერჯერობით, ფორმულა 1-ს არ დაუბრუნდება მისი 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი, რომელიც ტოპ გუნდის შეთავაზების მოლოდინში, დროს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ატარებს და არაა გამორიცხული, რომ დიდი პრიზების ცირკს აღარც დაუბრუნდეს.
No comments:
Post a Comment