”ფერარიმ” მასას კონტრაქტი გაუგრძელა
Massa extends Ferrari contract until '12
9 ივნისი
მას შემდეგ, რაც ”რედ ბულ რეისინგმა” ავსტრალიელ მარკ უებერს კონტრაქტი გაუგრძელა, მოსალოდნელი იყო, რომ ეს ფორმულა 1-ის პილოტების ბაზარზე დომინოს პრინციპს აამოქმედებდა და ტოპ გუნდების პოტენციურ ვაკანსიებს შეავსებდა. ასეც მოხდა და პირველმა რეაგირება ”ფერარიმ” მოახდინა, რომელმაც თავის ბრაზილიელ პილოტ ფელიპე მასას კონტრაქტი 2012 წლის სეზონის ბოლომდე გაუგრძელა.
მასას და ”ფერარის” მიმდინარე კონტრაქტს ვადა ამ სეზონის შემდეგ გასდიოდა. ”ფერარის” ბრაზილიელის ადგილზე პოლონელი რობერტ კუბიცას, ან უებერის მიწვევა სურდა. კუბიცასთან მარანელოელებმა ოპციონის კონტრაქტიც კი გააფორმეს, რომლის ძალითაც, ბრიტანულ ეტაპამდე, ისინი კუბიცაზე ეგრეთ წოდებული პირველი მოთხოვნის უფლებას ფლობდნენ. ანუ, თუ მოინდომებდნენ, ამ უფლებას ბრიტანულ რბოლამდე გამოიყენებდნენ და მასთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებდნენ.
მაგრამ როგორც ჩანს, მარანელოში უფრო უებერის გადაბირება სურდათ და როგორც კი ოზმა მრბოლმა თავისი მომავალი ისევ ”რედ ბულს” დაუკავშირა, ”ფერარიმაც” მასას დატოვება ამჯობინა. არაა გამორიცხული, რომ ეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ესპანელი ფერნანდო ალონსოს სურვილის გათვალისწინებითაც მოხდა - ალონსო აშკარად სჯობნის მასას და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამბიციურ ესპანელს, გუნდში უფრო ძლიერი თანაგუნდელის მოყვანა არც აწყობდა.
შეგახსენებთ, რომ მასა, ვინც ახლა 29 წლისაა, ”ფერარიში” 2001 წლიდან ტესტ პილოტი იყო, 2006 წელს კი რეგულარული პილოტი გახდა. მას აქეთ, მასამ 69 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 11 მოიგო, 15-ში კი პოულ პოზიციას დაეუფლა. გარდა ამისა, 30-ჯერ კვარცხლბეკზე ავიდა და 360 ქულა დააგროვა.
”ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მომდევნო ორ სეზონსაც ”ფერარისთან” ერთად გავატარებ. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, ”ფერარის” ძრავებით აღჭურვილი ავტომობილებით ვასპარეზობ და ვამაყობ იმით, რომ კვლავაც იმ გუნდთან ერთად ვიქნები, რომელსაც ჩემს მეორე ოჯახად ვთვლი”, - განაცხადა მასამ.
”უკვე თითქმია ათი წელია, რაც ფელიპე ”ფერარის” წევრია. ჩვენთან ერთად, ის ჩამოყალიბდა, როგორც პილოტი და როგორც ადამიანი. ჩვენთან ერთად, მან ბევრი სიძნელე გაიარა და არაერთხელ, სიხარულიც მოგვანიჭა. ჩვენ ვთვლით, რომ ორივე თანაბარი შესაძლებლობის მქონე პილოტი გვყავს. ისინი ერთნაირად სწრაფები არიან და გუნდის სასარგებლოდ, ერთობლივად შეუძლიათ მუშაობა”, - ამბობს ”ფგერარის” შეფი სტეფანო დომენიკალი.
No comments:
Post a Comment