”მაკლარენი” სილვერსტოუნისთვის ემზადება
McLaren target Silverstone for next big push
19 ივნისი
მარტინ უიტმარშიფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი ეკვატორს უახლოვდება და თუ მის დასაწყისში, ყველაზე უკეთ ”რედ ბულ რეისინგი” გამოიყურებოდა, ახლა ლიდერობა ხელთ ”მაკლარენმა” იგდო და როგორც ჩანს, მონაპოვარს იოლად აღარავის დაუთმობს. ამისათვის კი გუნდი მუდმივად აუმჯობესებს თავის სარბოლ ავტომობილს, რომელსაც მორიგი სოლიდური მოდიფიკაცია ბრიტანეთის დიდი პრიზისთვის ელის.
პირველი რვა რბოლიდან, ”მაკლარენის” პილოტებმა, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა და მისმა თანამემამულემ და მოქმედმა ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა ორ-ორი რბოლა მოიგეს. მათგან ბოლო ,გამარჯვება კანადაში დაფიქსირდა.
კანადაში ”მაკლარენმა” დუბლით გაიმარჯვა
........................................
”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ მისი გუნდის წარმატებათა მთავარი მიზეზი, პილოტების გარდა, მანქანის სრულყოფის მაღალი ტემპია, რაშიც მის საჯინიბოს ვერავინ შეედრება.
”ჩვენი გუნდი არაერთხელ მონაწილეობდა საჩემპიონო პაექრობებში და ამ ბრძოლებში გამოიწრთო. ამ მხრივ, ”რედ ბულს” გაცილებით ცოტა გამოცდილება აქვს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მეტოქეებს ანგარიში არ უნდა გავუწიოთ. მათ აუცილებლად ექნებათ საპასუხო სვლები და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მანქანის სრულყოფაზე მუშაობას კვლავ ინტენსიურად ვაგრძელებთ. ასე რომ არ იყოს, რბოლებს ვეღარ მოვიგებთ და ჩემპიონობაც სხვას დარჩება”, - ამბობს უიტმარში, ვისი გუნდიც ფორმულა 1-ში, ”ფერარის” შემდეგ, მეორე ყველაზე წარმატებულია.
უიტმარშის თქმით, ”მაკლარენი” იმედოვნებს, რომ ყოველ მომდევნო რბოლაში, მათი მანქანების დრო წრეზე დაახლოებით მეოთხედი წამით გაუმჯობესდება: ”ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. მორიგ დიდ გაუმჯობესებას სილვერსტოუნისთვის ვამზადებთ და ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოებს ვადაში დავასრულებთ. და თუ მოლოდინს ვერ გავამართლებთ, ეს ძალიან გაგვაწბილებს”.
ჰამილტონს, ვისაც პილოტების კლასიფიკაციაში პირველი ადგილი უკავია და ვინც სამი ქულით უსწრებს ბატონს, ბრიტანული დიდი პრიზი ორი წლის წინ აქვს მოგებული. მისი თქმით, იმ ტრასებზე, სადაც მანქანას გზასთან საუკეთესო ჩაჭიდება მოეთხოვება, ”რედ ბული” ჯერაც საუკეთესოა, მაგრამ თვლის, რომ მისი გუნდის ჩამორჩენა მცირდება და ეს ბრძოლის საშუალებას იძლევა.
”ქარხანაში ბიჭები ფენომენალურად მუშაობენ. ასე რომ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩამორჩენას შევამცირებთ და წინ გავიჭრებით. თუმცა, რბოლების დროს, უკეთესი მუშაობის ხარჯზე, ახლაც ვახერხებთ წარმატების მიღწევას, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან გვეხმარება”, - ამბობს 25 წლის პილოტი.
სხვათა შორის, ევროპის დიდ პრიზზე, რომელსაც ესპანეთის ვალენსიაში არსებული ქალაქის ტრასა უმასპინძლებს, უპირატესობა კვლავ ”მაკლარენს” უნდა ჰქონდეს. ამას ადასტურებს ”რედ ბულ რეისინგის” შეფი ქრისტიან ჰორნერი, ვინც იმედოვნებს, რომ მისი გუნდი უკეთესად ბრიტანეთში, გერმანიასა და უნგრეთში იასპარეზებს.
ცნობისთვის, ”რედ ბულის” გერმანელმა სებასტიან ფეტელმა ბრიტანეთის რბოლა შარშან მოიგო, მაგრამ ახლახანს, კანადაში მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. თავი ვერც მისმა ავსტრალიელმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა გამოიჩინა, ვინც ფინიშთან მეხუთე მივიდა და ლიდერობაც ჰამილტონს გადააბარა, თვითონ კი მესამემდე ჩამოქვეითდა.
ასეა თუ ისე, უიტმარში დასძენს, რომ თუ მისი გუნდი, მანქანის განვითარების აღებულ ტემპს ვერ შეინარჩუნებს, მაშინ ”რედ ბულის” გარდა, სხვა გუნდებიც ჩამოიტოვებენ. მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება...
No comments:
Post a Comment