რაიკონენი ფორმულა 1-ში დაბრუნებას არ ჩქარობს
Raikkonen not ready to decide on F1 return
23 ივნისი
მოახლოვდა დრო, როდესაც ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა უნდა გადაწყვიროს, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გააგრძელებს ასპარეზობას, თუ ფორმულა 1-ს დაუბრუნდება, სპორტს, რომელმაც მას სახელი გაუთქვა. მას ნათქვამი აქვს, რომ მიმდინარე სეზონის შუაში თავის მომავალზე გარკვეული პასუხი ექნება.
სანამ ის დუმს, კულუარებში მისი კარიერის გაგრძელების უამრავ ვარიანტს განიხილავენ, რომელთა შორისაც ყველაზე რეალურს უკვე გამოეცალა საფუძველი. ეს ვარიანტი გვეუბნებოდა, რომ მომავალ სეზონში აისმენს (რაიკონენის მეტსახელია) ”რედ ბულ რეისინგში” ვიხილავდით, იმ კომპანიის საჯინიბოში, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მის ასპარეზობას აფინანსებს.
მაგრამ ახლახანს, ”რედ ბულმა” კონტრაქტი გაუგრძელა თავის ავსტრალიელ პილოტ მარკ უებერს, მეორე ადგილზე კი, გერმანელ სებასტიან ფეტელს მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს. მოკლედ, ”რედ ბულში” რაიკონენის გადასვლა გამორიცხულია. თუმცა ფინელი მაინც იხტიბარს არ იტეხს და დიდი პრიზების ცირკში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
და მართლაც, ახლახანს ფინურ ტელევიზიაში და პრესაში გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, რაიკონენის გადაბირებით, ”რენოა” დაინტერესებული, რომელიც აშკარად აღმავლობის გზაზეა და არაა გამორიცხული, მალე ისევ ტოპ გუნდებს შორის აღმოჩნდეს. ეს კი აისმენისთვის მისწრება იქნება - დაბრუნების წინაპირობას ის სწორედ იმას ასახელებს, რომ აუცილებლად საჩემპიონო გუნდის მანქანას უნდა მართავდეს.
თავად რაიკონენი კი ამ ხმებს არც ადასტურებს და არც უარყოფს. ”რა თქმა უნდა, მე რბოლებს ტელევიზორით ვუყურებ და ძალიან მენატრება ის დრო, როდესაც ერთ-ერთს ამ მანქანებიდან მე ვმართავდი. მაგრამ თუ დაბრუნებას გადავწყვეტ, ამას დამოუკიდებლად, დამშვიდებული, ყოველგვარი კარნახის გარეშე გავაკეთებ. რალის გუნდთან კონტრაქტი მხოლოდ ამ სეზონზე მაქვს, თუმცა არც აჩქარებას ვაპირებ”, - ამბობს რაიკონენი.
No comments:
Post a Comment