”რედ ბულს” ფეტელთან კონტრაქტის გაგრძელება სურს
Red Bull looks to extend Vettel contract
4 ივნისი
ინგლისურ ჟურნალ ”ავტოსპორტის” ინფორმაციით, ”რედ ბულ რეისინგი” მოწადინებულია, რომ თავის გერმანელ პილოტ სებასტიან ფეტელს კონტრაქტი კიდევ სამი წლით, 2015 წლამდე გაუგრძელოს. ამგვარად, ავსტრიული კომპანიის გუნდი ფეტელით სხვა გუნდების, პირველ რიგში, ”ფერარის” დაინტერესებას აცხრობს.
ფეტელის და ”რედ ბულის” მიმდინარე კონტრაქტი 2012 წლის სეზონის ბოლოს მთავრდება. მაგრამ ამის მიუხედავად, გუნდის ხელმძღვანელობა ამ კონტრაქტის მაინც ვადაზე ადრე გაგრძელებას ცდილობს. და ამასთან დაკავშირებით, ფეტელთან მოლაპარაკება უკვე დაწყებული აქვს.
გუნდის ფეტელით დაინტერესება განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ განაცხადა, რომ ”რედ ბულში” დიდი ხნით დარჩენას აპირებს. თავისი განცხადება კი კონტრაქტის გაგრძელების სურვილის გამოთქმით გამოხატა.
ცნობისათვის, ნიუი თანამედროვე ფორმულა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ინჟინერია, რომლის წყალობითაც, ”რედ ბული” ახერხებს, რომ შედარებით სუსტი (რენოს) ძრავით, ორივე კლასიფიკაციაში პირველობისთვის იბრძოლოს. სხვათა შორის, ერთ დროს, ნიუი ”უილიამსსა” და ”მაკლარენშიც” მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული მანქანები ყოველთვის იძლეოდა გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას. მაგრამ როგორც კი მიზანს მიაღწევდა, მოტივაციას კარგავდა და სხვა გუნდში გადადიოდა.
ახლაც, მოსალოდნელი იყო, რომ ”რედ ბულის” ტოპ გუნდად გადაქცევის შემდეგ, ნიუი წასვლას (ფორმულა 1-დან საერთოდ წასვლას - ეს მას ნათქვამი აქვს) გადაწყვეტდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
”ჩვენს შორის გახსნილი ურთიერთობაა. მას მოსწონს, რასაც ჩვენთან აკეთებს. მას მოსწონს ”რედ ბულში” შექმნილი გარემო. ის საკმაოდ ახალგაზრდაა იმისათვის, რომ პენსიაზე იფიქროს. ჩემი აზრით, ჯერ მისი წასვლა ნაადრევია. მჯერა, რომ ედრიანი ჩვენთან ერთხანს კიდევ დარჩება”, - გამოცემა ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.
No comments:
Post a Comment