ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, May 31, 2010

ავარიამდე უებერი საწვავს უფრთხილდებოდა

Webber in fuel-save mode before crash

31 მაისი

ავარიის შემდეგ ფეტელმა რბოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო

........................................................

ძნელი სათქმელია, რა შედეგით დამთავრდებოდა ტურქეთის დიდი პრიზი, ”რედ ბულის” პილოტებს, მარკ უებერსა და სებასტიან ფეტელს შორის ავარია რომ არ მომხდარიყო. როგორც ირკვევა, მე-40 წრეზე, როდესაც მათ შორის ინციდენტი მოხდა, ავსტრალიელმა პილოტმა თავისი ძრავის მუშაობის ეკონომიურ რეჟიმზე გადაიყვანა, რათა საწვავი დაეზოგა.

ამით ისარგებლა ფეტელმა, რომელსაც ეკონომიურ რეჟიმზე გადასვლა ორიოდე წუთით გვიან უწევდა, რამდენადაც რბოლის დიდი ნაწილი ხან ლუის ჰამილტონის, ხანაც უებერის უკან გაატარა და ამდენად, ჰაერის გაუხშოებულ არეში მოძრაობა უწევდა. ამის წყალობით, მის მანქანას ნაკლები წინააღმდეგობა ხვდებოდა და ძრავიც შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარდა.

”რედ ბულმა” რბოლა მე-40 წრეზე წააგო

........................................................

ამგვარად, ორ წრის შემდეგ, ფეტელსაც აუცილებლად უწევდა საწვავის ეკონომიაზე ზრუნვა, რის გამოც, ”რედ ბულის” ორივე მანქანა სიჩქარეს შეამცირებდა და სავარაუდოდ, ამით ”მაკლარენის” პილოტები ისარგებლებდნენ. თუმცა, ფინიშამდე 10 წრით ადრე, საწვავის ეკონომიაზე ზრუნვა ჯერ ჰამილტონმა, შემდეგ კი მისმა თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმაც დაიწყეს.

ფეტელმა მე-40 წრეზე გასწრება იმის გამო გადაწყვიტა, რომ კარგად იცოდა, მალე მასაც მოუწევდა საწვავის დაზოგვა, ამდენად, უებერის გასწრების მეტი შანსი აღარ მიეცემოდა. ამდენად, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თანაგუნდელს შეუტია. მანევრიც ზუსტად შეასრულა, მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როდესაც ყველას ეგონა, გასწრების მანევრი დასრულდა და რბოლას ახალი,ლიდერი ჰყავს, მოულოდნელად, გერმანელის მანქანა იმ მხარეს ”გაიქცა”, სადაც უებერის მანქანა მოძრაობდა. შეჯახებაც სწორედ ამ მოულოდნელ ”გაქცევას” მოჰყვა.

ნარბოლევს, ”რედ ბულის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა ზუსტად ახსნა ყოველივე: ”ჩვენ ყველა ფაქტი შევაჯერეთ. მარკმა საწვავის დაზოგვა დაიწყო და ამიტომ, მისმა მანქანამ სწორ მონაკვეთებზე სიჩქარე დაკარგა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ფეტელმა ასე ადვილად ჩაატარა მანევრი. თავის მხრივ, მას მალე მოუწევდა საწვავის დაზოგვაზე ზრუნვა და დიდი შანსი იყო იმისა, რომ გაასწრებდა. ამიტომ, თავის დაზღვევა უებერის გასწრებით სცადა. მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა”, - ყვება ჰორნერი და დასძენს:

”საწყენია, რომ ჩვენ რეალური 28 ქულა დავკარგეთ. დუბლის მიღწევა შეგვეძლო. ჩვენი მიზანი სწორედ დუბლი იყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა პირველი. არავის დადანაშაულება არ მსურს. მარკმა სებასტიანი გზის ჭუჭყიან მხარეს გარიყა, თუმცა გასწრებისთვის მინიმალური ადგილი დაუტოვა. ფეტელმა კი ძალიან აგრესიულად წაანაცვლა თავისი მანქანა. ძალიან საწყენია. მითუმეტეს, მალე იმის მომსწრენი გავხდით, რომ მსგავსი ბრძოლა ”მაკლარენის” პილოტებს შორისაც გაიმართა და მათ ერთმანეთს მანევრისთვის საკმარისი ადგილი დაუტოვეს. ჩვენმა ბიჭებმაც მალაიზიაში კორექულად იბრძოლეს, მაგრამ ამჯერად ავარია მოუვიდათ.

რბოლის შემდეგ ორივეს ვესაუბრე. ისინი პატარები არ არიან და კარგად ესმით, რომ ყოველივეს შედეგად, ბევრი ქულა დავკარგეთ და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. მათ ამ ინციდენტიდან დასკვნები უნდა გააკეთონ. ჩვენ მათ ურთიერთბრძოლის უფლებას მივცემთ. მიმაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს. ხომ დავინახეთ, რომ პილოტებს ერთმანეთტან ბრძოლას არც ”მაკლარენში” უშლიან. მაგრამ როდესაც პილოტები ერთ გუნდში არიან, ისინი ერთმანეთს პატივს უნდა სცემდნენ.

”ჩვენ ორივე პილოტს ზუსტად ერთნაირი ტექნიკით უზრუნველვყოფთ, რათა ორივეს ბრძოლის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. ასეთია ჩვენი გუნდის ფილოსოფია. რბოლის დროს, ერთმა პილოტმა საწვავის დაზოგვა შეძლო, რადგან მეტოქეთა უკან მოძრაობდა და ნაკლები წინააღმდეგობა ხვდებოდა. მერე კი ასე მოპოვებული უპირატესობის გამოყენება სცადა და მას ამის უფლება ჰქონდა. მითუმეტეს, ფეტელი ჰამილტონისგან სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა. ამიტომაც სცადა მარკის გასწრება. როდესაც ისინი პოზიციებს იცვლიან, იმაზე უნდა ფიქრობდნენ, რომ გუნდს ქულების მაქსიმუმი მოაპოვებინონ და ”მაკლარენტან” უპირატესობის გაზრდაში დაგვეხმარონ. სამწუხაროდ, ამჯერად ასე არ მოხდა”.

Sunday, May 30, 2010

ფრანკიტიმ ინდი 500 მეორედ მოიგო

Flawless Franchitti gets a break to win Indy

30 მაისი

ფრანკიტი და ჩიპ განასი

........................................

შოტლანდიელმა დარიო ფრანკიტიმ მეორედ მოიგო ლეგენდარული ინდიანაპოლისის 500 მილიანი რბოლა, რომლის ბოლოსწინა წრეზე მომხდარი ავარიის გამო, ბოლიდები ფინიშამდე პეისკარმა მიაცილა.

ინდი 500-ზე პირველი გამარჯვების შემდეგ, ფრანკიტიმ ნასქარ-ში გადასვლა სცადა, მაგრამ ხელი მოეცარა და ისევ ინდი ქარს დაუბრუნდა და ეს დაბრუნება გუშინ ტრიუმფით დაასრულა.

ფრანკიტი და ეშლი ჯადი

........................................

200-წრიანი რბოლის მიწურულს, ერთმანეთს ინგლისელი მაიკ კონვეი და ამერიკელი რაიან ჰანტერ-რეი დაეჯახნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც, კონვეის მანქანა ჰაერში აიჭრა და კედელს დაეჯახა. ის ჯერ ადგილობრივ ჰოსპიტალში გასინჯეს, რის შემდეგაც, ვერტმფრენით ინდიანაპოლისის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემოწმებამ აჩვენა, რომ პილოტს მარცხენა ფეხი აქვს დაზიანებული. თუმცა მთავარია, რომ უფრო უარესს გადაურჩა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წრეებზე ლიდერ ფრანკიტის ავზში ცოტა საწვავი დარჩა, რაც იმის საშიშროებას ქმნიდა, რომ ის ფინიშამდე ვერ მიაღწევდა. პეისკარის უკან სიარულმა კი საწვავი დააზოგვინა და ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ, რადიოთი თავისი გუნდის შეფ ჩიპ განასის გაკვირვებულმა უთხრა, კიდევ ვმოძრაობო.

ფრანკიტიმ ლიდერის რანგში 154 წრე გაიარა
..............................
ჩიპ განასი კი ამერიკული ავტოსპორტის ისტორიაში, გუნდის პირველი მფლობელია, რომლის პილოტებმაც ერთ სეზონში ორი დიდი რბოლის, დაიტონას 500 მილის (ნასქარ-ის სერიის პირველი რბოლა) და ინდი 500-ის მოგება შეძლეს. ფრანკიტიმ ლეგენდარულ აგურნაშენის სწრაფ ტრეკზე პირველი გამარჯვება 2007 წელს მოიპოვა და მაშინაც ფინიშთან მას პეისკარი მიუძღვა. ოღონდ, ტრასაზე მისი გამოსვლის მიზეზი სულ სხვა - ძლიერი წვიმა იყო.
ფრანკიტი პიტ სტოპზე
..............................
მეორე ადგილზე კიდევ ერთი ბრიტანელი - დენ უელდონი გავიდა, ვისაც ინდი 500 2005 წელს სქვს მოგებული. რბოლის მიწურულს, იმის გამო რომ ფრანკიტის საწვავის ეკონომია უწევდა, მან ლიდერთან ჩამორჩენა სწრაფად შეამცირა, მაგრამ გასწრებაში ხელი პეისკარმა შეუშალა. მესამეზეც ბრიტანელი პილოტი - ალექს ლოიდი გავიდა, თუმცა მოგვიანებით, მსაჯებმა აღმოაჩინეს, რომ მან სამ პილოტს, მათ შორის რბოლის მონაწილე ქალთაგან ყველაზე ტიტულოვან დანიცა პატრიკს მაშინ გაასწრო, როდესაც ტრასაზე პეისკარი იმყოფებოდა. ამიტომ, ფინიშიდან ორი საათის შემდეგ, ლოიდი სამი ადგილით ჩამოაქვეითეს. ამის წყალობით, მესამეზე ამერიკელმა მარკო ანდრეტიმ გადაინაცვლა, მეოთხეზე ახალზელანდიელი სკოტ დიქსონი გავიდა, მეხუთზე კი - პატრიკი.

94-ე ინდი 500-ის სტარტი

..............................

ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულმა, ბრაზილიელმა ჰელიო კაშტრუნევიშმა, ვინც რბოლა პოულიდან დაიწყო, 146-ე წრეზე, პიტ სტოპისას შეცდომა დაუშვა (ძრავი ჩაუქვრა), რის გამოც ბევრი დრო დაკარგა და საბოლოოდ, მეცხრე ადგილს დასჯერდა.

კარგად იასპარეზა კიდევ ერთმა ბრაზილიელმა - ტონი კანაანმა, რომელმაც სტარტი ბოლო პოზიციიდან აიღო. რბოლის მიწურულს, მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და დიდი შანსი ჰქონდა, რომ ინდი 500-ის ისტორიაში გამხდარიყო პირველი პილოტი, ვინც რბოლას ბოლო ადგილიდან დაიწყებდა და პირველზე დაასრულებდა. მაგრამ ფინიშამდე ოთხი წრით ადრე, მას საწვავის შესავსებად პიტლეინში შესვლამ მოუწია და საბოლოოდ, მე-11 ადგილს დასჯერდა.

სხვათა შორის, საწვავის უკმარისობის პრობლემა ფრანკიტისაც შეექმნა, რომელსაც ფინიშამდე 15 წრით ადრე, რადიოთი საწვავის გაფრთხილებისკენ დაჟინებით მოუწოდეს. ის ასეც მოიქცა და თუ მანამდე მისი საშუალო სიჩქარე (პიტსტოპების ჩათვლით) თიტქმის 360 კმ/სთ იყო, ბოლო წრეებზე სიჩქარე 330 კმ/სთ-მდეც კი დააგდო. და ის იყო, უელდონი მის გასწრებას აპირებდა, რომ უკანა რიგებში ის ავარია მოხდა, რომელსაც ტრასაზე პეისკარის გამოსვლა მოჰყვა...

ფრანკიტის, რომელიც 200-დან 154 წრის განმავლობაში ედგა პლოტონს სათავეში, პირველმა გამარჯვება მისმა მეუღლემ, ოლივუდის ვარსკვლავმა ეშლი ჯადმა მიულოცა, ვინც იმის შიშით, რომ დარიოს ბოლო წრეზე, პეისკარის უკანაც, ფინიშამდე მიღწევაში ხელს საწვავის გამშრალი ავზი შეუშლიდა, თავი ხელებში ჩაერგო და ასე შესცქეროდა ტრეკს.

94-ე ინდი 500-ზე გამარჯვება, ფრანკიტიმ და განასიმ თითო ლიტრი რძის დალევით (შამპანურის ნაცვლად, ინდიზე გამარჯვებას ტრადიციისამებრ, რძით აღნიშნავენ) აღნიშნეს, შემდეგ კი, მთელი გუნდი სტარტის ზოლში გავიდა და მის იმ ერთიარდიან მონაკვეთს ეამბორა, რომელზეც ძველი აგურია შემორჩენილი. ცნობისათვის, ინდიანაპოლისის ტრასის საფარი თავიდან აგურით იყო ნაგები. ამ ძველი ერთიარდიანი მონაკვეთის გამო, ტრეკს ხშირად ბრიქიარდსაც უწოდებენ.

ოჟიემ კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

Ogier seals maiden WRC victory

30 მაისი

ოჟიემ კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის რბოლა

................................................

პორტუგალიის რალი ფრანგი სებასტიან ოჟიეს ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ”სიტროენ ჯუნიორის” ახალგაზრდა პილოტმა მესამე დღესაც შეინარჩუნა ლიდერობა და კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის რბოლა. მან თითქმის რვა წამით აჯობა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონს, ფრანგ სებასტიან ლოებს და პილოტთა კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

საინტერესოა, რომ რბოლის ბოლოს, სუპერ სპეცმონაკვეთზე, რომელიც ალგარვეს სტადიონზე ჩატარდა, ოჟიე სწორედ ლოებს დაუპირისპირდა და 0.2 წამით აჯობა. მანამდე კი, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ლიდერს, ოთხივე სპეცმონაკვეთის გახდსნამ მოუწია, მაინც შეძლო ლოებთან უპირატესობის შენარჩუნება.

ამჯერად ლოებს ვერც თავგანწირულმა რბოლამ მოაგებინა

..............................................

”შესანიშნავი რბოლა იყო. მისი სტარტიდანვე, თავი არ დამიზოგავს. ეს დიდი ბრძოლა იყო, რომელშიც სების (ლოების) ჩემს უკან შენარჩუნება ძალიან გამიჭირდა. სამაგიეროდ, ასეთი შესანიშნავი რბოლა მოვიგე, რითაც ყოველთვის ვიამაყებ. ახალ ზელანდიაში დავმარცხდი, მაგრამ მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ როცა მოვიგებდი, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი და ახლა სწორედ ასეა”, - ნარბოლევს განაცხადა ოჟიემ.

თანამემამულის მიმართ საქებარი სიტყვები არც ლოებმა დაინანა: ”ის შეუჩერებელი იყო. პირველ დღეს ბევრი დრო დავკარგე, თუმცა მისი გასწრება ვერც მაშინ შევძელი, როცა შეცდომებს აღარ ვუშვებდი. ის ძალიან, ძალიან სწრაფი იყო. ამიერიდან ჩემპიონიბის პრეტენდენტი გახდა და ეს ძალიან მახარებს. ჩემთვის ეს მეორე ადგილიც ძალიან კარგია. მთავარი იყო, რომ რაც შეიძლება, მეტი ქულა ამეღო და მე ეს შევძელი, რითაც კმაყოფილი ვარ”.

ბოლო სპეცმონაკვეთი არგენტინელმა ფედერიკო ვილაგრამ მოიგო, ვინც 0.7 წამით აჯობა ბრიტანელ მეტიუ უილსონს, მესამეზე კი ფინელი კიმი რაიკონენი გავიდა, ვინც საბოლოოდ მეათე ადგილს დასჯერდა.

რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა ”სიტროენის” კიდევ ერთმა მრბოლმა, ესპანელმა დანი სორდომ, მეოთხეზე კი ფინელი მიკო ჰირვონენი გავიდა, ვინც ეს მხოლოდ იმის წყალობით შეძლო, რომ სუპერ სპეცზე ავარია მოუვიდა ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს. ამას წყლიანი მონაკვეთის გავლისას, შეცდომა მოუვიდა და მანქანა ნახევრად ამოუყირავდა. მართალია, მსაჯებმა რესტარტის უფლება მისცეს, მაგრამ ამის გამო, 14 წამითაც დააჯარიმეს, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჰირვონენს მისთვის სამი წამით ეჯობნა.

რაც შეეხება რაიკონენს, ის მესამე დღეს საბურავებმა და მანქანაში არსებულმა მექანიკურმა პრობლემებმა გააწამა, რის გამოც, ორი ადგილით ჩამოქვეითდა.

პორტუგალიის რალის შედეგები1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი)              3:51:16.100

2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)          +00:07.900

3. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)                  01:17.600

4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                          01:32.000

5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                01:35.700

6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)                  07:10.100

7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ)                        07:28.300

8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი)              10:36.100

9. ხალიდ ალ ქასანი (ემირატები, ფორდი)                  10:55.800

10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი)                    11:34.300

 

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 126 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 88; 3. მიკო ჰირვონენი - 76; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) -72; 5. პეტერ სოლბერგი - 63; 6. დანიელ სორდო - 49; 7. მეტიუ უილსონი - 38; 8. ფედერიკო ვილაგრა - 26; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 24; 10. კიმი რაიკონენი - 15...

 

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 189 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 163; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 106; 4. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT – 84; 5. მუნჩი'ს ფორდ WRT - 40

ჰამილტონმა ”რედ ბულის” შინა ომით ისარგებლა

Hamilton wins in Turkey, Red Bull collide

30 მაისი

საბოლოოდ, გამარჯვების თასი ჰამილტონმა ასწია

.......................................

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის წლევანდელი დიდი პრიზის რბოლა საუკეთესო იყო არამარტო ამ სეზონში, არამედ ბოლო რამდენიმე სეზონშიც. გასწრებები და ბრძოლები სხვა რბოლებშიც ბევრი გვინახავს, მაგრამ ლიდერების ასეთი დაძაბული პაექრობა მონატრებული გვქონდა. რბოლას ოთხი ლიდერი ჰყავდა და ოთხივემ პელოტონის მეწინავეობა უშეღავათო ბრძოლით მოიპოვა. საბოლოოდ კი იმან გაიმარჯვა, ვისაც ყველაზე მტკიცე ნერვები, მარჯვე ხელები და ზუსტი ხედვა აღმოაჩნდა.

რბოლის მიწურულს, ბატონი და ჰამილტონიც ლამის ერთმანეთს შეეჯახნენ

............................................

და, როგორც იქნა, ლუის ჰამილტონმაც მოიგო, პილოტმა, ვისაც დომინანტი ”რედ ბულ რეისინგი” და მისი პილოტები, ყველაზე მეტად უფრთხიან. მაგრამ დღეს ასევე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჰამილტონზე არანაკლები მებრძოლია მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი, ვისაც სეზონში მესამე გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა და ეს ”ცოტა” ჰამილტონის ბრწყინვალე მანევრი იყო, რომლითაც მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა მოქმედ ჩემპიონს ხურდა დაუბრუნა.

არადა, რბოლა მაკლარენისთვის” სახარბიელოდ ნამდვილად არ დაწყებულა. ჯერ ჰამილტონს სებასტიან ფეტელმა პირველ მოსახვევში შეასწრო, მათ უკან კი, მიხაელ შუმახერმა ბატონი ჩამოიტოვა. შუმახერმა იმდენად კარგი სტარტი აიღო, რომ ბატონის შემდეგ, ჰამილტონსაც შეუტია, მაგრამ ამან გზა აღარ დაუთმო. მესამე მოსახვევში კი ფეტელისგანაც დაიბრუნა დაკარგული პოზიცია და მაშინვე ლიდერ მარკ უებერს შეუტია. ბატონმაც მალევე შეძლო შუმახერის გასწრება და ყველაფერი (მოწინავე რიგები) კვალიფიკაციის შემდგომ კალაპოტს დაუბრუნდა.

შეჯახების მიუხედავად, უებერმა გზის გაგრძელება შეძლო

...............................................

ჰამილტონი კარგა ხანს ამაოდ უტევდა უებერს, მაგრამ ოზმა მისი ყველა შეტევა იოლად მოიგერია. თუმცა, ბრიტანელის შეტევები უფრო ლიდერზე ფსიქოლოგიურ შეტევას ჰგავდა. როცა დარწმუნდა, რომ უებერს მტკიცე ნერვები აქვს, ჰამილტონმა პასიური შეტევა სცადა, ანუ პიტ სტოპს დაელოდა. ”რედ ბულის” პილოტს ის ახლოს, შეტევის დისტანციაზე მისდევდა, ფეტელი კი ლოდერ დუეტს ოდნავ ჩამორჩა.

პიტ სტოპის დრო მე-13 წრეზე დადგა. მოსალოდნელი იყო, რომ ჰამილტონი ბოქსში მეტოქეზე ადრე შესვლას ეცდებოდა, თუმცა ორივეს ფეტელმა დაასწრო და პირველმა გამოცვალა რეზინი. როგორც მალე გაირკვა, ეს გონიერი სვლა იყო, რომელმაც გერმანელს ორიოდე წრეში ”მა”მაკლარენის” პილოტის გასწრების საშუალება მისცა - ბოქსიდან ტრასაზე დაბრუნებული ჰამილტონი ფეტელის უკან აღმოჩნდა.

ფეტელმა ჰამილტონს გაასწრო, შუმახერმა კი - ბატონს

...........................................

ერთი შეხედვით, რბოლა ”რედ ბულის” პილოტების მორიგი დუბლით უნდა დასრულებულიყო. შიდაგუნდური ბრძოლა ნაკლებად იყო მოსალოდნელი, მაგრამ როგორც ჩანს, ფეტელისთვის ამგვარი განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა და მან შეტევა სცადა. თანაც, გერმანელი იმ ფაქტმაც წაახალისა, რომ უებერს აშკარად დაეტყო, რომ პრობლემები უნდა ჰქონოდა (სავარაუდოდ საბურავებისგან, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მან ძრავი საწვავის დაზოგვის რეჟიმში გადართო). ფეტელმაც არ დაახანა და შეუტია. ეს რბოლის დასრულებამდე 19 წრით ადრე მოხდა. მისი პირველივე შეტევა გასწრებით დაგვირგვინდა და გერმანელის მანქანამ წამში ავსტრალიელისას ნახევარი კორპუსით გაასწრო. მაგრამ მოულოდნელად, მოსახვევთან მიახლოებისას, ფეტელმა ბოლიდი თანაგუნდელის მხარეს მიმართა, რათა მოსახვევის წინ, გზის გარე (ხელსაყრელი) მხარე დაეკავებინა.

მისი მანევრი სრულიად უსარგებლო და როგორც მალე გაირკვა, წამგებიანი გამოდგა. ”რედ ბულის” ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და თუ ფეტელმა გზის გაგრძელება ვერ შეძლო, უებერი ტრასას დაუბრუნდა და მაშინვე გეზი ბოქსებისკენ აიღო, რათა დაზიანებული წინა ფრთა გამოეცვალა.

ლიდერობა ხელში ჰამილტონს ჩაუვარდა. მაგრამ რბოლის მიწურულს, მასაც და ბატონსაც რადიოთი ტემპის დაგდება ურჩიეს, რადგან შესაძლებელი იყო, რომ ორივეს საწვავი ფინიშამდე გამოლეოდა. ტემპი დაეცა, მაგრამ მოულოდნელად, ბატონმა ისევ მოუმატა და თანაგუნდელს დაეწია. უფრო მეტიც, მალევე შეუტია და გაასწრო კიდეც. მაგრამ მოსახვევიდან გამოსული არ იყო, რომ ჰამილტონმა ბრწყინვალე კონტრმანევრი შეასრულა და ლიდერის პოზიცია დაიბრუნა. მოსახვევიდან გამოსვლისას, მათი მანქანები ერთმანეთს შეეხენ კიდეც, თუმცა მათ გზის გაგრძელება შეძლეს და ფინიშამდე ბედთან თამაში აღარც უცდიათ.

ჰამილტონმა, როგორც იქნა, სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ეს მიღწევა იმით ახსნა, რომ რბოლას მისი გერლფრენდი, ესტრადის ვარსკვლავი ნიკოლ შერცინგერი დაესწრო - მას კარგი ფეხი აქვსო - განმარტა გამარჯვებულმა, რომელმაც ამ მოგებით, კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩემპიონატის ლიდერი კი ისევ უებერია, რომელმაც მესამემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. სხვათა შორის, ფეტელთან შეჯახებით, ის მოგებული დარჩა. იმ პრობლემის გამო, რომელიც შეექმნა (საწვავი არ ყოფნიდა), მას აუცილებლად გაასწრებდა არამარტო ფეტელი, არამედ უკან მომავალი ჰამილტონიც და ბატონიც და რბოლას მეოთხე ადგილზე დაასრულებდა, ფეტელი კი გაიმარჯვებდა, რითაც ჩემპიონატის ლიდერი გახდებოდა. ახლა კი უებერი ფინიშთან მესამე მივიდა და ჩემპიონატის ლიდერობაც შეინარჩუნა. სამაგიეროდ, კონსტრუქტორთა პირველობაზე ლიდერი შეიცვალა - ”მაკლარენმა” ”რედ ბული” ერთი ქულით ჩამოიტოვა.

თურქეთის დიდი პრიზი

რბოლის შედეგები

ტრასის სიგრძე - 5.338 კმ, 58 წრე, რბოლის დისტანცია 309.396 კმ

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28:47.620

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:02.645

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:24.285

4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:31.110

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:32.266

6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:32.824

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:36.635

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:46.544

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:49.029

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:05.650

11. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 01:05.944

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:07.800

13. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1 წრე

14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე

15. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1 წრე

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე

18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 3 წრე

19. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 3 წრე

20გ. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 6 წრე

გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 12 წრე

. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 19 წრე

. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 25 წრე

. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 26 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ვიტალი პეტროვი - 1:29.165, 57-ე წრე

პილოტთა კლასიფიკაცია

1. მარკ უებერი - 93 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 88; 3. ლუის ჰამილტონი - 84; 4. ფერნანდო ალონსო - 79; 5. სებასტიან ფეტელი - 78; 6. რობერტ კუბიცა - 67; 7. ფელიპე მასა - 67; 8. ნიკო როსბერგი - 66; 9. მიხაელ შუმახერი - 34; 10. ადრიან სუტილი - 22; 11. ვიტანტონიო ლიუცი - 10; 12. რუბენს ბარიკელო - 7; 13. ვიტალი პეტროვი - 6; 14. ხაიმე ალგერსუარი - 3; 15. სებასტიან ბუემი - 1; 16. კამუი კობაიაში - 1; 17. ნიკო ჰულკენბერგი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. მაკლარენ-მერსედესი - 172 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 171; 3. ფერარი - 146; 4. მერსედეს GP - 100; 5. რენო - 73; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 32; 7. უილიამს-კოსუორტი - 8; 8. ტორო როსო-ფერარი - 4; 9. ზაუბერ-ფერარი - 1

Saturday, May 29, 2010

ფეტელს საკიდარის სტაბილიზატორმა უმტყუნა

Vettel's car hit by roll-bar failure

29 მაისი

როგორც თურქული დიდი პრიზის კვალიფიკაციის შემდეგ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, სებასტიან ფეტელის მანქანას სერიოზული დაზიანება უნდა ჰქონდეს - დაზიანებული უნდა იყოს წინა საკიდარის განივი მდგრადობის სტაბილიზატორი. ”რედ ბულ რეისინგის” ინჟინრების ვარაუდით, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ნელ მოსახვევებში, მანქანის ის წინა ბორბალი ეკიდებოდა, რომელიც შიდა რადიუსზე იმყოფებოდა. ამის შედეგად, გერმანელმა პილოტმა კვალიფიკაციის დროს, თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა ვერ შეძლო.

მანქანაში არსებული დაზიანების შესახებ, ფეტელი კვალიფიკაციის შემდგომ პრეს კონფერენციაზეც ვარაუდობდა. თუმცა ის და ”რედ ბულ რეისინგის” ინჟინრები, თავიდან ვარაუდობდნენ, რომ პრობლემის მიზეზი სამუხრუჭე სისტემის დაზიანება უნდა ყოფილიყო. მითუმეტეს, მსგავსი პრობლემა მას ბარსელონაში რბოლის დროსაც შეექმნა. მაგრამ შემდეგ ეს ვარაუდი გამოირიცხა.

”როგორც ჩანს, განივი მდგრადობის სტაბილიზატორი დაზიანდა. როდესაც ეს დეტალი ზიანდება და განივი მდგრადობის შენარჩუნება ვერ ხერხდება, მანქანა შეიძლება ამობრუნდეს კიდეც. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მოსახვევებში შიდა რადიუსზე მყოფი ბორბალი ვერ მუშაობდა და ხშირად ჰაერში იყო გამოკიდული”, - ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.

სხვათა შორის, ფორმულა 1-ის რეგლამენტის შესაბამისად, კვალიფიკაციის შემდეგ, ეგრეთ წოდებული დახურული პარკის წესი მოქმედებს, რომლსი შესაბამისადაც, კვალიფიკაციის შემდეგ, მანქანა დახურულ პარკში დგება და მისი არათუ რემონტი, შემოწმებაც არ შეიძლება. თუმცა რბოლამდე რამდენიმე საათით ადრე, პარკი იღება და გუნდებსაც ტექნიკის მომზადების უფლება ეძლევათ.

ოჟიემ ლიდერობა შეინარჩუნა

Ogier holds Loeb at bay after day two

29 მაისი

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის რალის მეორე დღეს, როგორც ლიდერი, სპეცმონაკვეთებს ხსნიდა, ”სიტროენის” ფრანგმა მრბოლმა სებასტიან ოჟიემ პირველ დღეს მოპოვებული ლიდერობა, სულ რაღაც ხუთწამიანი დანაკარგით შეინარჩუნა. ოღონდ, ამჯერად მისი უახლოესი მდევარი ესპანელი დანიელ სორდო კი არა, ფრანგი სებასტიან ლოებია.

პირველი დღის შემდეგ, ლოები ოჟიეს 46 წამით ჩამორჩებოდა, თუმცა დილის სპეცმონაკვეთების შემდეგ, ჰანდიკაპი განახევრდა. მაგრამ მოგვიანებით, ლოებმა ჩამორჩენის მნიშვნელოვნად შემცირება ვეღარ მოახერხა.

”ყველანაირად ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება, სწრაფი ვყოფილიყავი. დღეს გუშინდელზე მეტად გამიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, კმაყოფილი დავრჩი. ხვალაც ტრასაზე პირველს მომიწევს გასვლა, მაგრამ მთავარია, რომ უახლოეს მდევარს იმდენივეს ვუგებ, რამდენსაც გუშინ”, - განაცხადა ოჟიემ.

მესამე დღეს სულ ოთხი გრძელდისტანციანი სპეცმონაკვეთია, რის გამოც, ლოები თვლის, რომ ლიდერობის მოპოვება ძალიან გაუჭირდება. ”ჩამორჩენა სოლიდურია და ოჟიეც ძალიან კარგად ასპარეზობს. დღეს მასაც თითქმის ისეთივე შედეგები ჰქონდა, როგორიც მე. თანაც, საბურავები პრაქტიკულად არ დაზიანებია. მე კი საბურავებს ზედმეტად ვუფრთხილდებოდი, რის გამოც, დრო დავკარგე. ხვალ ტრასაზე მეორე გავალ. ასე რომ საკმაოდ ძნელი ბრძოლა მელის”, - განაცხადა ლოებმა.

სორდოს საბურავებმა რამდენჯერმე შეუქმნა პრობლემა, რის გამოც, ესპანელი მეორედან მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა და ახლა მას პირველობისთვის ბრძოლის შანსი თითქმის არ აქვს, რადგან ლიდერს წუტზე მეტით ჩამორჩება.

პორტუგალიის რალი

მეორე დღის შედეგები

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი)            2:50:48.100
2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)        +00:21.100
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი)             00:52.200
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)                 01:05.700
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                        01:13.900
6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                  03:02.800
7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)                  04:41.800
8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ)                     05:36.700
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი)                    07:29.700
10. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი)          07:55.100

უებერმა ზედიზედ მესამე პოული მოიგო

Webber seizes pole hat-trick in Turkey

29 მაისი

მარცხნიდან: ფეტელი, უებერი და ჰამილტონი
........................................
7 რბოლაში ამდენივე პოულ პოზიცია - ასეთია მიმდინარე სეზონში ”რედ ბულ რეისინგის” საკვალიფიკაციო მონაგარი. ოღონდ, გასული ექვსი ეტაპიდან, მისმა პილოტებმა ჯერ მხოლოდ სამის მოგება მოახერხეს. და თუ გერმანელ სებასტიან ფეტელს პოულის დიდ გამარჯვებად ქცევა ჯერ არ გამოსდის, მისმა ავსტრალიელმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა ორივე რბოლა პოულიდან სტარტის აღების შემდეგ მოიგო. ახლა კი მზადაა, ზედიზედ მესამედაც ავიდეს გამარჯვებულის კვარცხლბეკზე და ერთპიროვნული ლიდერიც გახდეს.

უებერი ასპარეზობისას

..................................................

აღსანიშნავია, რომ სანამ ფორმულა 1-ის ქარავანი ევროპას მოადგებოდა, მანამ პოულის მომგებმა ვერცერთმა პილოტმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. ამჯერად უებერმა, ვინც სეზონის დასაწყისში ფეტელის ჩრდილში იმყოფებოდა, მას თითქმის ნახევარი წამით აჯობა. არადა, ფეტელმა შასი გამოიცვალა და იმედი ჰქონდა, რომ ოზი პილოტის პოულების სერიას ამჯერად მაინც შეწყვეტდა.

მაგრამ არაფერი გამოუვიდა. უფრო მეტიც, მას ”მაკლარენის” ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმაც აჯობა, ვისაც უებერის შედეგამდე 0.138 წამი დააკლდა. დამარცხების მიუხედავად, ჰამილტონი პრესკონფერენციაზე კმაყოფილი ჩანდა, რაც იმით ახსნა, რომ რბოლას ტრასის სუფთა ნაწილიდან დაიწყებს, ეს კი სტარტზევე დაწინაურების შანსს აძლევს.

უებერი გამარჯვებას ზეიმობს

.....................................................

”შესანიშნავი მაჩვენებელი მაქვს, რაც ჩვენი მანქანის უსაზღვრო შესაძლებლობებზე მეტყველებს”, - განაცხადა უებერმა. საინტერესოა, რომ თურქეთში ჩატარებული წინა 5 რბოლიდან, ოთხი იმ პილოტს აქვს მოგებული, ვინც სტარტი პოულიდან აიღო. თუმცა, ტრადიციები რომ არაფერს ნიშნავს, ეს ყველაზე უკეთ უებერმა იცის, რომელმაც ბარსელონაში ამ სეზონის დასაწყისის ტრადიცია დაარღვია - მანამდე პოულის მომგები რბოლას ვერ იგებდა.

ფეტელი კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილში უსწრაფესი იყო, მაგრამ მესამე, გადამწყვეტ ნაწილში, როგორც თავად განაცხადა, მანქანა მოიშალა. განსაკუთრებით კი ის მუხრუჭებით უკმაყოფილო დარჩა. გადამწყვეტი ცდის მიწურულს, მე-12 და მე-14 მოსახვევების შესასვლელებში, მისი ბოლიდის მუხრუჭები დაიბლოკა, რაზეც გერმანელმა დრო დაკარგა.

”ძალიან გამიმართლა, რომ მეოთხე არ ვარ. წინა რბოლებს თუ გადახედავთ, ყოველთვის მოწინავე სამეულში ვარ, რაც ალბათ ცუდი არაა. ის ტიპი არ ვარ, ვთქვა, რომ მანქანა გამიფუჭდა. უბრალოდ, ასე მოხდა. ახლა ის უნდა გავარკვიოთ, თუ რამ გამოიწვია მუხრუჭების დაბლოკვა და მერე განვსაზღვრავ, რა შემიძლია გავაკეთო რბოლაში. ვფიქრობ, სიჩქარით უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს”, - განაცხადა ფეტელმა.

მეოთხე შედეგი ჰამილტონის თანაგუნდელმა და თანამემამულემ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა ფაიკავა, სტარტზე მესამე რიგს კი ”მერსედესის” გერმანელი პილოტები - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი და ნიკო როსბერგი დაიკავებენ.

სამაგიეროდ, გაწბილებული დარჩა ”ფერარი”, რომლის ესპანელმა ფერნანდო ალონსომ მეორე სეგმენტის დაძლევაც კი ვერ შეძლო, ბრაზილიელი ფელიპე მასა კი მერვე შედეგს დასჯერდა. არადა, თურქული რბოლა ”ფერარისთვის” მე-800 იქნება.

თურქეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:26.295

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.433

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:26.760

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.781

5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:26.857

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26.952

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:27.039

8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:27.082

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:27.430

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:28.122

- - - - - - - - - -

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:27.525

12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:27.612

13. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:27.879

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:28.273

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:28.392

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:28.540

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:28.841

- - - - - - - - - -

18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:28.958

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:30.237

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:30.519

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:30.744

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:31.266

23. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:31.989

24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:32.060

Friday, May 28, 2010

”რედ ბულმა” შეიძლება ჰაერსადინარი რბოლაზეც გამოიყენოს

Red Bull may keep F-duct all weekend

28 მაისი

”რედ ბულ რეისინგის” ჰაერსადინარი უფრო რთული სისტემაა, ვიდრე ”მაკლარენისა” და ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, როგორ იმართება ის პილოტის მიერ

...........................................

უკვე ”რედ ბულ რეისინგიც” შეუერთდა იმ გუნდებს, რომლებიც ”მაკლარენის” ინოვაციას, აეროდინამიკურ ჰაერსადინერს იყენებენ. ავსტრიულმა გუნდმა ჰაერსადინარის მისეული ვარიანტი პირველად თურქული დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე გამოიყენა და მისით კმაყოფილი დარჩა.

პრაქტიკების შემდეგ, გუნდის ინჟინრები დაწვრილებით ანალიზს ჩაუტარებენ ორივე ბოლიდის მუშაობას და განსაზღვრავენ, რამდენად მომგებიანია ჰაერსადინარი მანქანებისთვის. შემდეგ კი, შესასძლოა, კვალიფიკაციის წინა პრაქტიკაზე, პილოტებმა ამ ჰაერსადინარის გარეშე იასპარეზონ. თუმცა, ესეც მხოლოდ მონაცემების უკეთ შესადარებლად გაკეთდება.

”რედ ბულის” შეფი ქრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ ისტანბულ პარკის სწორ მონაკვეთებზე, ჰაერსადინარით სოლიდური უპირატესობის მოპოვებაა შესაძლებელი. ამასთან, დასძენს, რომ მისმა გუნდმა, ეს ელემენტი შეიძლება კვალიფიკაციასა და რბოლაზეც გამოიყენოს:

”ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ”მაკლარენის” და დანარჩენების წინ ვიყოთ. აქაურ ტრასას ყველაზე კარგად ”მერსედესის” ძრავები მიესადაგება. განსაკუთრებით საგრძნობი კი ეს ბოლო სექტორის აღმართშია. ასე რომ, გარანტირებული არაფერი გვაქვს. ჯერჯერობით, ჰაერსადინარით კმაყოფილები ვართ - ის ისე მუშაობს, როგორც მილში და სიმულატორებზე გამოცდისას. გარდა ამისა, პრაქტიკების დროს ბევრი მონაცემი შევაგროვეთ, რომლებსაც გავაანალიზებთ და დავადგენთ, იქნებ ჯერ ამ ელემენტის გამოყენება ნაადრევია და სჯობს, კაბადურ რბოლამდე კიდევ ერთხელ დავხვეწოთ”.

ჰორნერი დასძენს, რომ გაოცებულია იმით, თუ რამდენად ოპერატიულად შესძლო მისმა გუნდმა ჰაერსადინარის შემუშავება და აეროდინამიკური მილის გამოყენებით დახვეწა. თუმცა, თუ დადგინდა, რომ ის სათანადო უპირატესობას არ იძლევა, მაშინ რბოლისას მის გამოყენებას აზრი არ ექნება.

ჰაერსადინარის ეფექტურობით კმაყოფილია ჩემპიონატის ავსტრალიელი ლიდერი მარკ უებრი, თუმცა ის ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი სიტყვა ინჟინრებმა უნდა თქვან.

პორტუგალიის რალის ოჟიე ლიდერობს

Ogier pulls away at end of day one

28 მაისი

პორტუგალიაში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი - პორტუგალიის რალი, რომლის პირველი დღის შემდეგაც, ლიდერობა ფრანგმა სებასტიან ოჟიემ (სურათზე) იგდო ხელთ. მან ექვსიდან 5 სპეცმონაკვეთი მოიგო და მეორე ადგილზე მყოფ ესპანელ დანიელ სორდოს 26.6 წამს უგებს. ლიდერს 44.8 წამით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერი სებასტიან ლოები.

თავიდან რბოლას სათავეში სორდო ჩაუდგა, თუმცა მალევე ის ოჟიემ ჩამოაქვეითა და დღის ბოლომე წინ აღარავინ გაუშვია. თუმცა ლიდერობა მას ძვირად დაუჯდება - მეორე დღის სპეცმონაკვეთებზე, ტრასაზე პირველს ლიდერს მოუწევს გასვლა, რაც გაუკვალავ გზაზე საქმეს გაურთულებს.

”ძალიან კარგი დღე მქონდა. თავიდანვე რისკის ზღვარზე ვასპარეზობდი, თანაც მანქანამაც კარგად იმუშავა. ხვალ გაცილებით გამიჭირდება, რადგან გზაზე პირველი გავალ ხოლმე, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, შეცდომები არ დავუშვა”, - განაცხადა ოჟიემ.

სხვათა შორის, კარგა ხანს სორდო ლიდერთან 8-წამიან ჩამორჩენას ინარჩუნებდა, მაგრამ შემდეგ, ბოლო სპეცმონაკვეთზე, მუხრუჭებმა ლამის უმტყუნა და ამის გამო, ტემპი დაკარგა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ფინიშს მივაღწიეო, - ნარბოლევს განაცხადა სორდომ.

მომდევნო სამ პილოტს - ლოებს, ფინელ მიკო ჰირვონენს და ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს სულ 5.1 წამი აშორებს. კიმი რაიკონენი კი მეათე ადგილზეა, ლიდერთან 3 წუთზე მეტი ჩამორჩენით.

პორტუგალიის რალი

პირველი დღის შედეგები

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი)            1:20:34.400
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)                    +0:26.600
3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)        00:44.800
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                        00:46.900
5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი)             00:49.900
6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                 01:02.800
7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                  01:20.700
8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)                  01:54.600
9. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ)                     02:37.300
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 03:18.100

მეორე პრაქტიკა ბატონისაა

Button on top in Turkey

28 მაისი

მეორე პრაქტიკაზეც ”მაკლარენი” დომინირებდა, ოღონდ ამჯერად მისმა პილოტებმა დუბლი ვეღარ მოახერხეს, ცხრილის სათავეში კი ლუის ჰამილტონი ჯენსონ ბატონმა შეცვალა. ამასთან, ბატონმა ჰამილტონის პირველი პრაქტიკის შედეგის გაუმჯობესებაც შეძლო. სხვათა შორის, მისი შედეგი - წუთი და 28.280 წამი, უკეთესია იმ დროზე, რომლითაც შარშან სებასტიან ფეტელმა პოულ პოზიციის მოპოვება შეძლო.

ამჯერად მეორე შედეგი ”რედ ბულის” მარკ უებერს ჰქონდა, თუმცა ასპარეზობა მან ნაადრევად, მბოლავი მანქანით შეწყვიტა. არაა გამორიცხული, რომ მის ბოლიდზე ძრავი დაზიანებულიყო. მესამე შედეგი ამჯერად ფეტელს ჰქონდა. ფეტელმა ახალი შასით იასპარეზა და მისი მუშაობით კმაყოფილი დარჩა. ცნობისათვის, დაწუნებული შასით მან 6 რბოლაში 78 ქულა მოაგროვა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩემპიონატის ლიდერმა უებერმა.

მხოლოდ მეხუთე შედეგი ჰქონდა ფერნანდო ალონსოს, ვინც ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასასთან ერთად, ”ფერარის” მე-800 რბოლას ატარებს და ამასთან დაკავშირებით, მათი ბოლიდები საიუბილეო რბოლის აღსანიშნავი წარწერებითაა შემკული.

მეორე პრაქტიკაზე, ბრუნო სენა თავის ბოლიდს დაუბრუნდა და ბოლოსწინა შედეგს დასჯერდა. სამაგიეროდ, 0.320 წამით აჯობა ინდოელ თანაგუნდელ კარუნ ჩანდჰოკს.

მეორე პრაქტიკის შედეგები

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.280

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:28.378

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:28.590

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.672

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:28.725

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:28.914

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:28.974

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:29.225

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:29.501

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:29.620

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:29.629

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:29.987

13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:30.053

14. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:30.176

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:30.386

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:30.627

17. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:30.766

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:30.933

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:31.610

20. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:33.013

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:33.081

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:33.312

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:33.420

24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:33.740