”ლოტუსი” მომავალი სეზონის მანქანაზე მუშაობას იწყებს
Lotus set to shift focus to 2011 car
20 მაისი
სამი ახალი გუნდიდან, რომლებიც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მიმდინარე სეზონიდან ჩაერთვნენ, ყველაზე უკეთ ინგლისურ-მალაიზიური ”ლოტუსი” ასპარეზობს. მაგრამ მის ხელმძღვანელობას, დამკვიდრებულ გუნდებთან პაექრობის იმედი არ აქვთ, რადგან უშუალო კონკურენტებთან ”ლოტუსის” პილოტები წრეზე 1.5-2 წამს აგებენ.
ამის გამო, ”ლოტუსის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ამ სეზონის მანქანის ინტენსიურ სრულყოფას აზრი არ აქვს და რომ შუა სეზონიდან, მომავალი სეზონის მანქანის შემუშავება დაიწყება. კერძოდ, ბრიტანეთის დიდ პრიზზე, გუნდი მნიშვნელოვნად მოდერნიზებულ Т127-ს გამოიყვანს, რის შემდეგაც, მისი ინჟინრები ახალ მანქანაზე მუშაობას დაიწყებენ.
”გუნდში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სერიოზულად განახლებული მანქანით ალბათ სილვერსტოუნის რბოლაზე გამოვალთ. მაგრამ ამ ეტაპზევე, ჩვენ მომავალი სეზონის მანქანაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და მის აეროდინამიკურ გამოცდება მალე შევუდგებით”, - ამბობს ”ლოტუსის” ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი.
”ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სეზონში ჩვენი მიზანი ძველი გუნდების დაწევა იყო. მომავალ სეზონში, რეგლამენტში ბევრი ცვლილება გველის, რაც გუნდების შესაძლებლობებს მეტნაკლებად ათანაბრებს. ამიტომ, ჩვენს რესურსებს ახლავე მომავალი სეზონის მანქანის მზადებისკენ მივმართავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სეზონშიც ვეცდებით შედეგების გაუმჯობესებას, მაგრამ იმავდროულად, ახალ მანქანაზეც ვმუშაობთ”, - დასძენს გასკოინი.
გუნდმა Т127 შეზღუდულ ვადებში შექმნა. ფორმულა 1-ში ”ლოტუსის” დაბრუნების პროექტს მწვანე შუქი გვიან აენთო, რის გამოც, მანქანის შესაქმნელად სულ 6 თვე იყო დარჩენილი. გასკოინი ამბობს, რომ ნორმალური გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში, ”ლოტუსი” გაცილებით სწრაფსა და კონკურენტუნარიან მანქანას შექმნის.
”კარგი იქნება, თუ ამ სეზონში, კონსტრუქტორთა პირველობაზე მეათე ადგილს დავიკავებთ. თუ რეალისტები ვიქნებით, უფრო წინ წასვლა შეუძლებელია და ამაში ვერანაირი მოდერნიზაცია ვერ დაგვეხმარება. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მომავალი სეზონის მანქანის შესაქმნელად მივმართოთ. რა თქმა უნდა, კომერციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ წინსვლა ამ სეზონშიც იგრძნობოდეს. თუმცა მიმაჩნია, რომ გაცილებით ეფექტური იქნება, თუ მომავალ სეზონში, ჩვენ ყველას და მათ შორის ჩვენს სპონსორებსაც, სიურპრიზს შევთავაზებთ.
ამჟამად Т127-ის სრულყოფაზე მუშაობა გრძელდება. სრული ტემპით მიმდინარეობს სხვადასხვა დეტალის აეროდინამიკურ მილში დამუშავება და მათი მანქანაზე დანერგვა. ამჟამად ჩვენ მანქანის შემსუბუქებით ვართ დაკავებულნი. ჯერჯერობით, ჩვენს მანქანას ნახშირბადოვანი კომპოზიტისგან დამზადებული საკიდარი არ აქვს. სილვერსტოუნზე ის მას მიიღებს. მოკლედ, ჯერჯერობით ყველაფრით კმაყოფილები ვართ”, - დასძენს გასკოინი.
No comments:
Post a Comment