უებერმა ზედიზედ მესამე პოული მოიგო
Webber seizes pole hat-trick in Turkey
29 მაისი
მარცხნიდან: ფეტელი, უებერი და ჰამილტონიუებერი ასპარეზობისას
..................................................
აღსანიშნავია, რომ სანამ ფორმულა 1-ის ქარავანი ევროპას მოადგებოდა, მანამ პოულის მომგებმა ვერცერთმა პილოტმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. ამჯერად უებერმა, ვინც სეზონის დასაწყისში ფეტელის ჩრდილში იმყოფებოდა, მას თითქმის ნახევარი წამით აჯობა. არადა, ფეტელმა შასი გამოიცვალა და იმედი ჰქონდა, რომ ოზი პილოტის პოულების სერიას ამჯერად მაინც შეწყვეტდა.
მაგრამ არაფერი გამოუვიდა. უფრო მეტიც, მას ”მაკლარენის” ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმაც აჯობა, ვისაც უებერის შედეგამდე 0.138 წამი დააკლდა. დამარცხების მიუხედავად, ჰამილტონი პრესკონფერენციაზე კმაყოფილი ჩანდა, რაც იმით ახსნა, რომ რბოლას ტრასის სუფთა ნაწილიდან დაიწყებს, ეს კი სტარტზევე დაწინაურების შანსს აძლევს.
უებერი გამარჯვებას ზეიმობს
.....................................................
”შესანიშნავი მაჩვენებელი მაქვს, რაც ჩვენი მანქანის უსაზღვრო შესაძლებლობებზე მეტყველებს”, - განაცხადა უებერმა. საინტერესოა, რომ თურქეთში ჩატარებული წინა 5 რბოლიდან, ოთხი იმ პილოტს აქვს მოგებული, ვინც სტარტი პოულიდან აიღო. თუმცა, ტრადიციები რომ არაფერს ნიშნავს, ეს ყველაზე უკეთ უებერმა იცის, რომელმაც ბარსელონაში ამ სეზონის დასაწყისის ტრადიცია დაარღვია - მანამდე პოულის მომგები რბოლას ვერ იგებდა.
ფეტელი კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილში უსწრაფესი იყო, მაგრამ მესამე, გადამწყვეტ ნაწილში, როგორც თავად განაცხადა, მანქანა მოიშალა. განსაკუთრებით კი ის მუხრუჭებით უკმაყოფილო დარჩა. გადამწყვეტი ცდის მიწურულს, მე-12 და მე-14 მოსახვევების შესასვლელებში, მისი ბოლიდის მუხრუჭები დაიბლოკა, რაზეც გერმანელმა დრო დაკარგა.
”ძალიან გამიმართლა, რომ მეოთხე არ ვარ. წინა რბოლებს თუ გადახედავთ, ყოველთვის მოწინავე სამეულში ვარ, რაც ალბათ ცუდი არაა. ის ტიპი არ ვარ, ვთქვა, რომ მანქანა გამიფუჭდა. უბრალოდ, ასე მოხდა. ახლა ის უნდა გავარკვიოთ, თუ რამ გამოიწვია მუხრუჭების დაბლოკვა და მერე განვსაზღვრავ, რა შემიძლია გავაკეთო რბოლაში. ვფიქრობ, სიჩქარით უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს”, - განაცხადა ფეტელმა.
მეოთხე შედეგი ჰამილტონის თანაგუნდელმა და თანამემამულემ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა ფაიკავა, სტარტზე მესამე რიგს კი ”მერსედესის” გერმანელი პილოტები - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი და ნიკო როსბერგი დაიკავებენ.
სამაგიეროდ, გაწბილებული დარჩა ”ფერარი”, რომლის ესპანელმა ფერნანდო ალონსომ მეორე სეგმენტის დაძლევაც კი ვერ შეძლო, ბრაზილიელი ფელიპე მასა კი მერვე შედეგს დასჯერდა. არადა, თურქული რბოლა ”ფერარისთვის” მე-800 იქნება.
თურქეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:26.295
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.433
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:26.760
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.781
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:26.857
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26.952
7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:27.039
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:27.082
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:27.430
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:28.122
- - - - - - - - - -
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:27.525
12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:27.612
13. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:27.879
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:28.273
15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:28.392
16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:28.540
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:28.841
- - - - - - - - - -
18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:28.958
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:30.237
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:30.519
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:30.744
22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:31.266
23. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:31.989
24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:32.060
No comments:
Post a Comment