ფეტელს საკიდარის სტაბილიზატორმა უმტყუნა
Vettel's car hit by roll-bar failure
29 მაისი
როგორც თურქული დიდი პრიზის კვალიფიკაციის შემდეგ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, სებასტიან ფეტელის მანქანას სერიოზული დაზიანება უნდა ჰქონდეს - დაზიანებული უნდა იყოს წინა საკიდარის განივი მდგრადობის სტაბილიზატორი. ”რედ ბულ რეისინგის” ინჟინრების ვარაუდით, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ნელ მოსახვევებში, მანქანის ის წინა ბორბალი ეკიდებოდა, რომელიც შიდა რადიუსზე იმყოფებოდა. ამის შედეგად, გერმანელმა პილოტმა კვალიფიკაციის დროს, თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა ვერ შეძლო.
მანქანაში არსებული დაზიანების შესახებ, ფეტელი კვალიფიკაციის შემდგომ პრეს კონფერენციაზეც ვარაუდობდა. თუმცა ის და ”რედ ბულ რეისინგის” ინჟინრები, თავიდან ვარაუდობდნენ, რომ პრობლემის მიზეზი სამუხრუჭე სისტემის დაზიანება უნდა ყოფილიყო. მითუმეტეს, მსგავსი პრობლემა მას ბარსელონაში რბოლის დროსაც შეექმნა. მაგრამ შემდეგ ეს ვარაუდი გამოირიცხა.
”როგორც ჩანს, განივი მდგრადობის სტაბილიზატორი დაზიანდა. როდესაც ეს დეტალი ზიანდება და განივი მდგრადობის შენარჩუნება ვერ ხერხდება, მანქანა შეიძლება ამობრუნდეს კიდეც. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მოსახვევებში შიდა რადიუსზე მყოფი ბორბალი ვერ მუშაობდა და ხშირად ჰაერში იყო გამოკიდული”, - ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.
სხვათა შორის, ფორმულა 1-ის რეგლამენტის შესაბამისად, კვალიფიკაციის შემდეგ, ეგრეთ წოდებული დახურული პარკის წესი მოქმედებს, რომლსი შესაბამისადაც, კვალიფიკაციის შემდეგ, მანქანა დახურულ პარკში დგება და მისი არათუ რემონტი, შემოწმებაც არ შეიძლება. თუმცა რბოლამდე რამდენიმე საათით ადრე, პარკი იღება და გუნდებსაც ტექნიკის მომზადების უფლება ეძლევათ.
No comments:
Post a Comment