Hamilton wins in Turkey, Red Bull collide
30 მაისი
საბოლოოდ, გამარჯვების თასი ჰამილტონმა ასწია
.......................................
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის წლევანდელი დიდი პრიზის რბოლა საუკეთესო იყო არამარტო ამ სეზონში, არამედ ბოლო რამდენიმე სეზონშიც. გასწრებები და ბრძოლები სხვა რბოლებშიც ბევრი გვინახავს, მაგრამ ლიდერების ასეთი დაძაბული პაექრობა მონატრებული გვქონდა. რბოლას ოთხი ლიდერი ჰყავდა და ოთხივემ პელოტონის მეწინავეობა უშეღავათო ბრძოლით მოიპოვა. საბოლოოდ კი იმან გაიმარჯვა, ვისაც ყველაზე მტკიცე ნერვები, მარჯვე ხელები და ზუსტი ხედვა აღმოაჩნდა.
რბოლის მიწურულს, ბატონი და ჰამილტონიც ლამის ერთმანეთს შეეჯახნენ
............................................
და, როგორც იქნა, ლუის ჰამილტონმაც მოიგო, პილოტმა, ვისაც დომინანტი ”რედ ბულ რეისინგი” და მისი პილოტები, ყველაზე მეტად უფრთხიან. მაგრამ დღეს ასევე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჰამილტონზე არანაკლები მებრძოლია მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი, ვისაც სეზონში მესამე გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა და ეს ”ცოტა” ჰამილტონის ბრწყინვალე მანევრი იყო, რომლითაც მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა მოქმედ ჩემპიონს ხურდა დაუბრუნა.
არადა, რბოლა მაკლარენისთვის” სახარბიელოდ ნამდვილად არ დაწყებულა. ჯერ ჰამილტონს სებასტიან ფეტელმა პირველ მოსახვევში შეასწრო, მათ უკან კი, მიხაელ შუმახერმა ბატონი ჩამოიტოვა. შუმახერმა იმდენად კარგი სტარტი აიღო, რომ ბატონის შემდეგ, ჰამილტონსაც შეუტია, მაგრამ ამან გზა აღარ დაუთმო. მესამე მოსახვევში კი ფეტელისგანაც დაიბრუნა დაკარგული პოზიცია და მაშინვე ლიდერ მარკ უებერს შეუტია. ბატონმაც მალევე შეძლო შუმახერის გასწრება და ყველაფერი (მოწინავე რიგები) კვალიფიკაციის შემდგომ კალაპოტს დაუბრუნდა.
შეჯახების მიუხედავად, უებერმა გზის გაგრძელება შეძლო
...............................................
ჰამილტონი კარგა ხანს ამაოდ უტევდა უებერს, მაგრამ ოზმა მისი ყველა შეტევა იოლად მოიგერია. თუმცა, ბრიტანელის შეტევები უფრო ლიდერზე ფსიქოლოგიურ შეტევას ჰგავდა. როცა დარწმუნდა, რომ უებერს მტკიცე ნერვები აქვს, ჰამილტონმა პასიური შეტევა სცადა, ანუ პიტ სტოპს დაელოდა. ”რედ ბულის” პილოტს ის ახლოს, შეტევის დისტანციაზე მისდევდა, ფეტელი კი ლოდერ დუეტს ოდნავ ჩამორჩა.
პიტ სტოპის დრო მე-13 წრეზე დადგა. მოსალოდნელი იყო, რომ ჰამილტონი ბოქსში მეტოქეზე ადრე შესვლას ეცდებოდა, თუმცა ორივეს ფეტელმა დაასწრო და პირველმა გამოცვალა რეზინი. როგორც მალე გაირკვა, ეს გონიერი სვლა იყო, რომელმაც გერმანელს ორიოდე წრეში ”მა”მაკლარენის” პილოტის გასწრების საშუალება მისცა - ბოქსიდან ტრასაზე დაბრუნებული ჰამილტონი ფეტელის უკან აღმოჩნდა.
ფეტელმა ჰამილტონს გაასწრო, შუმახერმა კი - ბატონს
...........................................
ერთი შეხედვით, რბოლა ”რედ ბულის” პილოტების მორიგი დუბლით უნდა დასრულებულიყო. შიდაგუნდური ბრძოლა ნაკლებად იყო მოსალოდნელი, მაგრამ როგორც ჩანს, ფეტელისთვის ამგვარი განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა და მან შეტევა სცადა. თანაც, გერმანელი იმ ფაქტმაც წაახალისა, რომ უებერს აშკარად დაეტყო, რომ პრობლემები უნდა ჰქონოდა (სავარაუდოდ საბურავებისგან, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მან ძრავი საწვავის დაზოგვის რეჟიმში გადართო). ფეტელმაც არ დაახანა და შეუტია. ეს რბოლის დასრულებამდე 19 წრით ადრე მოხდა. მისი პირველივე შეტევა გასწრებით დაგვირგვინდა და გერმანელის მანქანამ წამში ავსტრალიელისას ნახევარი კორპუსით გაასწრო. მაგრამ მოულოდნელად, მოსახვევთან მიახლოებისას, ფეტელმა ბოლიდი თანაგუნდელის მხარეს მიმართა, რათა მოსახვევის წინ, გზის გარე (ხელსაყრელი) მხარე დაეკავებინა.
მისი მანევრი სრულიად უსარგებლო და როგორც მალე გაირკვა, წამგებიანი გამოდგა. ”რედ ბულის” ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და თუ ფეტელმა გზის გაგრძელება ვერ შეძლო, უებერი ტრასას დაუბრუნდა და მაშინვე გეზი ბოქსებისკენ აიღო, რათა დაზიანებული წინა ფრთა გამოეცვალა.
ლიდერობა ხელში ჰამილტონს ჩაუვარდა. მაგრამ რბოლის მიწურულს, მასაც და ბატონსაც რადიოთი ტემპის დაგდება ურჩიეს, რადგან შესაძლებელი იყო, რომ ორივეს საწვავი ფინიშამდე გამოლეოდა. ტემპი დაეცა, მაგრამ მოულოდნელად, ბატონმა ისევ მოუმატა და თანაგუნდელს დაეწია. უფრო მეტიც, მალევე შეუტია და გაასწრო კიდეც. მაგრამ მოსახვევიდან გამოსული არ იყო, რომ ჰამილტონმა ბრწყინვალე კონტრმანევრი შეასრულა და ლიდერის პოზიცია დაიბრუნა. მოსახვევიდან გამოსვლისას, მათი მანქანები ერთმანეთს შეეხენ კიდეც, თუმცა მათ გზის გაგრძელება შეძლეს და ფინიშამდე ბედთან თამაში აღარც უცდიათ.
ჰამილტონმა, როგორც იქნა, სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ეს მიღწევა იმით ახსნა, რომ რბოლას მისი გერლფრენდი, ესტრადის ვარსკვლავი ნიკოლ შერცინგერი დაესწრო - მას კარგი ფეხი აქვსო - განმარტა გამარჯვებულმა, რომელმაც ამ მოგებით, კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
თურქეთის დიდი პრიზი
რბოლის შედეგები
ტრასის სიგრძე - 5.338 კმ, 58 წრე, რბოლის დისტანცია 309.396 კმ
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28:47.620
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:02.645
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:24.285
4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:31.110
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:32.266
6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:32.824
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:36.635
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:46.544
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:49.029
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:05.650
11. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 01:05.944
12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:07.800
13. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1 წრე
14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
15. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1 წრე
16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე
18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 3 წრე
19. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 3 წრე
20გ. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 6 წრე
გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 12 წრე
გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 19 წრე
გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 25 წრე
გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 26 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ვიტალი პეტროვი - 1:29.165, 57-ე წრე
პილოტთა კლასიფიკაცია
1. მარკ უებერი - 93 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 88; 3. ლუის ჰამილტონი - 84; 4. ფერნანდო ალონსო - 79; 5. სებასტიან ფეტელი - 78; 6. რობერტ კუბიცა - 67; 7. ფელიპე მასა - 67; 8. ნიკო როსბერგი - 66; 9. მიხაელ შუმახერი - 34; 10. ადრიან სუტილი - 22; 11. ვიტანტონიო ლიუცი - 10; 12. რუბენს ბარიკელო - 7; 13. ვიტალი პეტროვი - 6; 14. ხაიმე ალგერსუარი - 3; 15. სებასტიან ბუემი - 1; 16. კამუი კობაიაში - 1; 17. ნიკო ჰულკენბერგი - 1
კონსტრუქტორთა პირველობა
1. მაკლარენ-მერსედესი - 172 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 171; 3. ფერარი - 146; 4. მერსედეს GP - 100; 5. რენო - 73; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 32; 7. უილიამს-კოსუორტი - 8; 8. ტორო როსო-ფერარი - 4; 9. ზაუბერ-ფერარი - 1
No comments:
Post a Comment