ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, May 9, 2010

უებერი - ესპანური დიდი პრიზის ტრიუმფატორი

Webber wins for runaway Red Bull in Spain

9 მაისი

მარკ უებერი გამარჯვებას ზეიმობს
.................................................................

”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელი მარკ უებერის გამარჯვებით დასრულდა მიმდინარე სეზონის პირველი ევროპული რბოლა - ესპანეთის დიდი პრიზი. ოზმა პილოტმა რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო, სტარტის მწვანე შუქზეც დროულად მოახდინა რეაგირება და ისე, რომ ლიდერობა პიტ სტოპის დროსაც არ დაუკერგავს, ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა.

ამ სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, რომ კვალიფიკაციის მომგები, რბოლის გამარჯვებულიც ხდება. სამაგიეროდ, ბარსელონას კატალუნია მონტმელოს ტრადიცია შენარჩუნდა - ზედიზედ მეათე რბოლაა, რაც აქ ფინიშთან პირველი პოულის მფლობელი მიდის.

მარკ უებერი ფინიშის ხაზზე
..................................................................

”შესანიშნავი შედეგია. აღფრთოვანებული ვარ. მთელი კვირის განმავლობაში, შეცდომა არ დაგვიშვია. მართალია, გუნდმა კონსტრუქტორთა პირველობაზე ქულათა მაქსიმუმი ვერ აიღო, მაგრამ ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღე იყო”, - განაცხადა უებერმა, ვინც ამ გამარჯვებით, პირად ჩეთვლაში 53 ქულას მოუყარა თავი და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

მეორე ადგილზე ესპანელი ფერნანდო ალონსო გავიდა, ვისთვისაც ეს, ”ფერარის” პილოტის რანგში, პირველი საშინაო რბოლა იყო. უნდა ითქვას, რომ ალონსოს მეორე ადგილი იღბალმა აჩუქა - რბოლის ბოლოსწინა წრეზე, მის წინ მიმავალ ბრიტანელ ლუის ჰამილტონს წინა მარცხენა საბურავმა უმტყუნა და მან რბოლა ტრასის მიღმა, უქულოდ დაასრულა. მანამდე კი, საბურავის გამო, ბოქსებში ზედმეტად შესვლა სებასტიან ფეტელს მოუწია, რომელიც რბოლის მიწურულს მუხრუჭებმაც გააწამა საბოლოოდ, ის მესამე ადგილს დასჯერდა.

უებერი სტარტიდანვე დაწინაურდა

..............................................................................

მართალია, რბოლის დროს არცთუ ბევრი იყო გასწრება, მაგრამ ბაჰრეინული ეტაპისგან განსხვავებით, ესპანეთის დიდი პრიზი მაინც საინტერესო გამოდგა. მასში ყველაზე საინტერესო მომენტი კი რბოლის შუაში მოხდა, როდესაც ჰამილტონი ბოქსებიდან გამოდიოდა.

მოულოდნელად, ბრიტანელს წინ ნელა მიმავალი ”ვირჯინი” გადაეღობა, მარცხნიდან კი ტრასის პირველ მოსახვევს აწყვეტილი ფეტელი უახლოვდებოდა. ჰამილტონმა ბოქსებიდან გამოსასვლელი ზონიდან გამოსვლა მოასწრო და თავისი ”მაკლარენი” მკვეთრად მარცხნივ მიმართა, რათა ნელ მანქანასთან შეჯახებისთვის თავი აერიდებინა. ამასთან, მან იმდენი შეძლო, რომ ფეტელთან შეჯახებასაც მოერიდა. მართალია, გერმანელს გაცილებით მაღალი ტემპი ჰქონდა, მაგრამ მისი ტრაექტორია მეტოქემ დაიკავა, რის გამოც, ფეტელს ისღა დარჩენოდა, სიჩქარე მკვეთრად შეემცირებინა. მაგრამ უკვე გვიანი იყო, რის გამოც, მას მოსახვევის მოჭრამ მოუწია. მართალია, მანძილი დაიმოკლა, მაგრამ ჰამილტონის გასწრების უფლება აღარ ჰქონდა და ისღა დარჩენოდა, მეორე ადგილი მისთვის დაეთმო.

მეოთხე ადგილი მიხაელ შუმახერმა მოინადავლა და ეს მისთვის საუკეთესო შედეგია მას შემდეგ, რაც დიდი პრიზების ცირკში დაბრუნდა. მთელი რბოლის განმავლობაში, მის გასწრებას ამაოდ ლამობდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე სეზონის ლიდერი ჯენსონ ბატონი, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა. თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ლიდერობა შეენარჩუნებინა. მას ახლა 70 ქულა აქვს, სამი ქულით მეტი, ვიდრე მეორეზე გადასულ ალონსოს.

კონსტრუქტორთა პირველობაზე ისევ ”მაკლარენი” ლიდერობს, რომელსაც 119 ქულა დაუგროვდა. მეორეზე ”ფერარია”, რომელიც ლიდერს სულ სამი ქულით ჩამორჩება. ამისგან ასევე სამ ქულაშია ”რედ ბულ რეისინგი”, რომელიც 41 ქულას უგებს უახლოეს მდევარ ”მერსედესს”.

”ჩემი მანქანის სიჩქარე დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა იმისათვის, რომ გასწრება შემძლებოდა. მითუმეტეს, საბურავები ძალიან დამიზიანდა. ეს პირველი პიტ სტოპის შემდეგ მოხდა. ესეც რომ არა, გადაბმულობის ქუროც პრობლემებს მიქმნიდა. საერთო ჯამში, ასეთი შედეგით უკმაყოფილო ვართ და მას არც ვიმსახურებდით”, - განაცხადა შუმახერმა.

უებერი მეოთხე პილოტია, ვინც მიმდინარე ჩემპიონატში რბოლის მოგება შეძლო. ერთადერთი პილოტი, ვისაც უკვე ორი რბოლა აქვს მოგებული, ბატონია. სამაგიეროდ, კვლავ ხელმოცარული დარჩა მისი თანაგუნდელი ჰამილტონი, ვინც ჩინეთის შემდეგ ირწმუნებოდა, ამიერიდან, ტრასაზე ბატონივით საზრიანად ვიმოქმედებ და ტემპერამენტს მოვთოკავო.

რბოლა უქულოდ დაასრულა შუმახერის თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა, ვინც ოთხი ეტაპის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ახლა მეხუთემდე ჩამოქვეითდა. თუმცაღა, ჯერ ისევ უსწრებს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, რომელმაც პირველად შეძლო მასზე უკეთესი ადგილის დაკავება.

ესპანეთის დიდი პრიზი

რბოლის შედეგები

ტრასის სიგრძე - 4.655 კმ; 66 წრე; რბოლის დისტანცია 307.104 კმ

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:35:44.101

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) +00:24.065

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:51.338

4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 01:02.195

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:03.728

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 01:05.767

7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდი) 01:12.941

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 01:13.677

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე

10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1 წრე

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1 წრე

13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე

14. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 2 წრე

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 2 წრე

16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 2 წრე

17. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 3 წრე

18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 3 წრე

19. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 4 წრე

გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 24 წრე

გ. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 39 წრე

გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 48 წრე

გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 66 წრე

გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) სტარტის გარეშე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:24.357, 59-ე წრე

პირადი კლასიფიკაცია

1. ჯენსონ ბატონი - 70 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 67; 3. სებასტიან ფეტელი - 60; 4. მარკ უებერი - 53; 5. ნიკო როსბერგი - 50; 6. ლუის ჰამილტონი - 49; 7. ფელიპე მასა - 49

8. რობერტ კუბიცა - 44; 9. მიხაელ შუმახერი - 22; 10. ადრიან სუტილი - 16; 11. ვიტანტონიო ლიუცი - 8; 12. რუბენს ბარიკელო - 7; 13. ვიტალი პეტროვი - 6; 14. ხაიმე ალგერსუარი - 3; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. მაკლარენ-მერსედესი - 119 ქულა; 2. ფერარი - 116; 3. რედ ბულ-რენო - 113; 4. მერსედეს GP – 72; 5. რენო - 50; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 24; 7. უილიამს-კოსუორტი - 8; 8. ტორო როსო-ფერარი - 3

No comments:

Post a Comment