”პირელი” თანახმაა, საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი იყოს
Pirelli submits bid to be sole supplier
7 მაისი
ინგლისური ჟურნალი ”ავტოსპორტი” იტყობინება, რომ საბურავების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია ”პირელიმ” საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) ოფიციალურად წარუდგინა განაცხადი, რომლითაც ვალდებულებას იღებს, რომ ფორმულა 1-ში საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი გახდეს.
იტალიურ კომპანიაში ასევე მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე, ფ1-ს არ გამოადგება ეგრეთ წოდებული საბურავების ომი, რომელიც იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს საბურავების ორი, ან მეტი მიმწოდებელი ეყოლებათ. დღეისათვის, იტალიური კომპანია მოლაპარაკებას ყველა გუნდთან აწარმოებს.
”პირელის” გარდა, ფ1-ში დაბრუნება ფრანგულ ”მიშლენსაც” სურს. გარდა ამისა, FIA-ში განაცხადი ამერიკულ ”კუპერ ევონსაც” აქვს შეტანილი. იტალიური კომპანიისგან განსხვავებით, ”მიშლენი” ფ1-ში დაბრუნების მთავარ მოტივად კონკურენციას - საბურავების ომის პერსპექტივას ასახელებს. ”პირელის” და ”ევონს” კი მიაჩნიათ, რომ ერთადერთი მიმწოდებელი კარგი იმ მხრივ იქნება, რომ შემცირდება საბურავების ფასი და გაუმჯობესდება უსაფრთხოება.
მაგრამ ”ავტოსპორტის” ინფორმაციით, ”პირელი” თანახმაა, რომ ორი სეზონის შემდეგ, ფორმულა 1-ში საბურავების ორი, ან მეტი მიმწოდებელი იყოს. ოღონდ, კონკურენტული გარემოს შექმნას დრო და გამოცდილება დასჭირდება. ამასთან, უმჯობესი იქნება, თუ ფ1 მაღალპროფილიან საბურავებზე უარს იტყვის და 18-დუიმიან ბორბლებსა და დაბალპროფილიან საბურავებზე გადავა.
18-დუიმიანი ბორბლების შემოღებას ”მიშლენიც” ემხრობა, თუმცა ფრანგულ კომპანიაშიც ამბობენ, რომ ამის უცებ გაკეთება არ ივარგებს, რადგან გუნდებს დიდი ხარჯების გაღება მოუწევთ, რათა თავიანთი მანქანები რადიკალურად განსხვავებულ საბურავებს მიუსადაგონ.
”პირელის” სარბოლო მენეჯერი მარიო იზოლა აცხადებს, რომ მისი კომპანიისთვის უფრო საინტერესო და ხელსაყრელი 18-დუიმიანი ბორბლებია, რადგან კონსტრუქციით ისინი ახლოს იქნება ჩვეულებრივ, საგზაო საბურავებთან და მათზე მუშაობა საბურავების მწარმოებლისთვის სასარგებლო გახდება. ამავეს თქმა არ შეიძლება 13-დუიმიან საბურავებზე, როგორებსაც უკვე თითქმის აღარავინ იყენებს. დღეს ყველაზე პატარა მანქანებიც კი 14 და 15-დუიმიან საბურავებს დგას. ასე რომ, 13-დუიმიანი რეზინი ”პირელისთვის” სრულიად უინტერესოა.
იზოლა დასძენს, რომ ის ესაუბრება ფ1-ის გუნდებს, რომლებისგანაც აინტერესებს, თუ რა მოთხოვნები აქვთ შემდგომი სეზონისთვის. ამასთან, დარწმუნებულია, რომ ”მიშლენისა” და ”კუპერ ევონისგან” სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი. თუმცა, ფრანგული კომპანიის მთავარი მოთხოვნა კონკურენტული გარემოს შექმნაა, რის გარეშეც, ის ფ1-ში დაბრუნებას არ აპირებს.
No comments:
Post a Comment