”ფერარიმ” ძრავის მოდერნიზების უფლება მიიღო
FIA approves Ferrari engine changes
6 მაისი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ”ფერარის” ძრავის მოდერნიზების უფლება მისცა. ოღონდ, მოდერნიზებით მხოლოდ აგრეგატის გამძლეობა უნდა გაუმჯობესდეს. ფედერაცია ამ ნაბიჯზე მას შემდეგ წავიდა, რაც მარანელოელებისგან შესაბამისი განაცხადი მიიღო. იტალიურ კომპანიას კი ამ ნაბიჯისკენ იმ გარემოებამ უბიძგა, რომ ჩემპიონატის პირველ ეტაპებზე, მისი ძრავები გამძლეობის საკითხში აშკარად მოიკოჭლებდა.
”ფერარის” ორივე პილოტს - ფელიპე მასას და ფერნანდო ალონსოს უკვე მოუწიათ ძრავების რიგგარეშე შეცვლა. ამასთან, ალონსოს ძრავი ორჯერ დაეწვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონის მიწურულს, ტიტულის მოცილეთაგან, ის ერთ-ერთი პირველი მიუახლოვდება ძრავების ლიმიტს, რის შემდეგაც, აგრეგატის ყოველი შეცვლა სტარტზე ათი პოზიციით უკან დაწევად დაუჯდება.
მსგავსი პრობლემები ”ზაუბერის” პილოტებსაც შეექმნათ, რის გამოც, ”ფერარის” ინჟინრებმა ძრავის კონსტრუქცია დაწვრილებით გადაამოწმეს და პრობლემების მიზეზებსაც მიაკვლიეს. შემდეგ შედგა მოდერნიზების პროექტი და ის FIA-ს ტექნიკურ კომისიას წარუდგინეს, რომელმაც მოდერნიზაციის ჩატარების უფლება გასცა.
დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოდერნიზებულ ძრავს ”ფერარი” პირველად უახლოეს რბოლაში - ესპანეთის დიდ პრიზზე გამოიყენებს. ძრავის რა ნაწილს ჩაუტარდა მოდერნიზაცია, ამაზე იტალიური გუნდი არაფერს ამბობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მოდერნიზება ძრავის სარქველების პნევმატურ სისტემას ჩაუტარდა.
”ფერარიმ” გამოაქვეყნა რელიზში, რომელშიც ნათქვამია, რომ პრობლემის მოსაძებნად, ძრავს სტენდზე რამდენიმე დღის განმავლობაში უტარდებოდა მრავალსაათიანი ტესტები, რომელთა დროსაც, ტელემეტრიამ სუსტი კვანძები გამოავლინა. ეს სამუშაოები ბაჰრეინის დიდი პრიზის შემდეგ დაიწყო და ჩინეთის დიდი პრიზის შემდეგ, მოდერნიზაციის დეტალური გეგმა მზად იყო.
No comments:
Post a Comment